ნიკოლ ფაშინიანი - თუ სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ ხარ, დაასიგნალე [ვიდეო]
ერევანში აქციის მონაწილეებმა მთავრობის სასახლის ტერიტორია დატოვეს. ისინი მსვლელობით ხანჯიანის ქუჩისკენ მიემართებიან.
ოპოზიციონერი დეპუტატის და აქციის ორგანიზატორის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ისინი ტაქტიკას ცვლიან.
„არ გადავკეტავთ გზას, გზის გასწვრივ ორივე მხარეს დავდგებით და მძღოლებს მივმართავთ სიტყვებით – თუ სერჟის წინააღმდეგ ხარ, დაასიგნალე. ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ. გუშინ დემონსტრანტებმა რამდენიმე სამთავრობო შენობის ბლოკირება მოახდინეს.
დღეს დილით დემონსტრანტები მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც სომხეთის სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყო.
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ექსპრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა. ახალი მთავრობის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.