ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ელჩს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ელჩს შეხვდა

სომხეთში საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, ფრაქცია „ელქის“ ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ელჩს, ივან ვოლინკინს შეხვდა.

როგორც რუსულ სააგენტო РБК-სთან ინტერვიუში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, შეხვედრა ერევანში, რუსეთის საელჩოში მისი ინიციატივით შედგა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რუსულმა მხარემ პირობა დადო, რომ სომხეთში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერევა, ხოლო თავად მან დაარწმუნა რუსი დიპლომატი, რომ საპროტესტო გამოსვლები რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„საპროტესტო მოძრაობა არ არის მიმართული არც რუსეთის, არც აშშ-ის, არც ევროკავშირის, არც ირანის და არც საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა ფაშინიანმა. მისი განმარტებით, ეს არის სომხეთის შიდა მოძრაობა კორუფციისა და არაეფექტიანი მმართველობის წინააღმდეგ.

ფაშინიანმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ არ შეწყვეტს საპროტესტო გამოსვლებს, ვიდრე მას დროებით პრემიერ-მინისტრად არ დაამტკიცებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე.

რუსეთის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში, ფაშინიანთან ერთად, მისი თანაპარტიელი არარატ მირზოიანი და პარტიის პრესმდივანი ტიგრან ავინიანი მონაწილეობდნენ.

„რუსულმა მხარემ ოპოზიციური მიტინგებისა და მსვლელობების ორგანიზატორებს მოქმედ ხელისუფლებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა, ხაზი გაუსვა, რომ შექმნილი სიტუაცია უნდა გადაწყდეს მხოლოდ კონსტრუქციულ ჩარჩოებში და სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქის ინტერესებში“, – ნათქვამია სომხეთში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი