ნასას ყოფილი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ მარსზე სიცოცხლე უკვე ვიპოვეთ
ნასას ყოფილი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ მარსზე სიცოცხლე უკვე ვიპოვეთ

კაცობრიობამ ათწლეულები და მილიარდობით დოლარი დახარჯა ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხის გასაცემად — არის თუ არა სიცოცხლე მარსზე?

თუმცა, როგორც გამოცემა Scientific American-ისთვის დაწერილ მოსაზრების სვეტში, ნასას ყოფილი მეცნიერი ჯილბერტ ლევინი აცხადებს, 1976 წელს ნასას მიერ მარსზე გაგზავნილი მისია „ვიკინგის“ დროს, ჩვენ შეიძლება უკვე შევიტყვეთ, რომ სამყაროში სულაც არ ვართ მარტონი.

მისიის ფარგლებში, ნასამ წითელ პლანეტაზე ორი ორბიტერი და ორი ლენდერი (დასაჯდომი ხომალდი) გაგზავნა. მათი მიზანი ექსპერიმენტების ჩატარება და ფოტოების გადაღება იყო. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა აშშ-მა მარსზე უსაფრთხოდ დასვა ხომალდი, რომელმაც ფოტოები გადაიღო და გამოგზავნა.

ლევინის განცხადებით, მისიის მთავარი მიღწევა იყო სიცოცხლის დაფიქსირებისთვის Labeled Release მეთოდით ჩატარებული ექსპერიმენტის დადებითი პასუხი. ექსპერიმენტს სწორედ იგი უძღვებოდა.

ექსპერიმენტის დროს, ხომალდმა მარსის ნიადაგის ნიმუში შეურია აზოტზე დაფუძნებულ მკვებავ ხსნარს, რომელიც „მონიშნული“ იყო უნიკალური რადიოაქტიური ნახშირბადის ნაერთით. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ თუ ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმები ახდენდნენ საკვებ ნივთიერებათა მეტაბოლიზებას, უნდა გამოეშვათ რადიოაქტიური ნახშირორჟანგის აირი.

ლევინი იხსენებს, თუ რამდენად ამაღელვებელი იყო, როცა გაარკვიეს, რომ ექსპერიმენტის პირველადმა შედეგებმა დადებითი პასუხი აჩვენა მიკროორგანიზმებზე. გარდა ამისა, იგივე შედეგები აჩვენა 6400 კილომეტრის მოშორებით დამჯდარმა მეორე ხომალდმაც.

ლევინი თავის განცხადებებში საკმაოდ თავდაჯერებულია. მისი მტკიცებით, დედამიწის ქანებისა და მიკრობული კულტურების გამოყენებით, იმ დროისათვის ჩატარებული ექსპერიმენტები მხარს უჭერდა მარსზე მიღებულ შედეგებს.

თუმცა, შედეგებს ახლდა დაბრკოლება. ნასას განცხადებით, შემდგომი ექსპერიმენტები ხომალდების დაჯდომის ადგილებში მარსის ნიადაგში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას არ ადასტურებდა.

საკუთარ დასკვნას ლევინი ამყარებს ნასას „ვიკინგის“ მისიების შემდგომ შეგროვებული მტკიცებულებებით. მათ შორის არის ზედაპირის წყალი, მეთანი, ამიაკი და ჰიდროთერმული ღრმულების მსგავსი მახასიათებლები, რომლებიც მავალმა „კურიოზიტიმ“ იპოვა.

ლევინი ამტკიცებს, რომ მიუხედავად მარსის კვლევის დიდი ისტორიისა, ნასამ წითელ პლანეტაზე სიცოცხლის ძებნაში კრახი განიცადა, რადგან 1976 წლის მისიის შემდეგ, პირდაპირი მტკიცებულება არ უპოვია, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა სააგენტოს პრიორიტეტების სათავეშია.

ლევინის აზრით, დედამიწაზე ნიადაგის ნიმუშების ჩამოტანის სანაცვლოდ, რასაც ნასა მარს 2020 მავალის მისიის ფარგლებში შეეცდება, უმჯობესი იქნება, თუ მეცნიერები 1970-იან წლებში მის მიერ ჩატარებულის მსგავს ტესტებს ჩაატარებენ.

თუმცა, სანამ ეს მოხდება, ჯილბერტ ლევინი ცდილობს ნასა დაარწმუნოს, რომ მარსზე სიცოცხლის გამოსავლენად მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტისას მიღებული მტკიცებულებები ჭეშმარიტია.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.