ნასას ახალმა ტელესკოპმა დედამიწის ზომის პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა
ნასას პლანეტებზე მონადირე ახალმა ტელესკოპმა TESS-მა დედამიწის ზომის პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.
ტელესკოპმა დედამიწის ზომის პლანეტა და კიდევ ერთი, ე. წ. სუპნებტუნის ტიპის პლანეტა ჩვენგან 53 სინათლის წლის მანძილზე, ვარსკვლავ HD 21749-სთან შენიშნა.
კვლევის თანაავტორის, ჯოანა ტესკეს განცხადებით, ძალზედ ამაღელვებელია, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ გაშვებული TESS-ი უკვე აქტიურად ჩაერთო პლანეტებზე ნადირობაში.
დედამიწის ორბიტაზე TESS-ი 2018 წლის აპრილში, „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9-ით“ გაუშვეს. მისი მიზანი მზესთან ახლომდებარე ვარსკვლავების გარშემო პლანეტების პოვნაა. ეს პროცესი მოითხოვს ვარსკვლავთა სინათლეში მცირე ჩაბნელებების დაფიქსირებას, რაც გამოწვეულია დედავარსკვლავსა და ტელესკოპის ხედვის არეალს შორის ეგზოპლანეტის ჩავლით.
ამ ტექნოლოგიას „ტრანზიტის მეთოდი“ ეწოდება და სწორედ მას იყენებდა ნასას კეპლერის კოსმოსური ტელესკოპიც, რომელმაც მისია გასული წლის ბოლოს დაასრულა. კეპლერმა აღმოაჩინა ამჟამად ჩვენთვის ცნობილი 4000-მდე ეგზოპლანეტის 70 პროცენტი. ნასას განცხადებით, TESS-მა კეპლერზე გაცილებით მეტი პლანეტა უნდა აღმოაჩინოს.
ასტრონომები იმედოვნებენ, რომ TESS-ი იპოვის სიცოცხლისათვის პოტენციურად ვარგის პლანეტებს იმ სისტემებში, რომლებიც საკმარისად ახლოსაა, რათა შემდგომში, ისინი სხვა ინსტრუმენტებმა დეტალურად შეისწავლონ, მაგალითად, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა, რომელიც 2021 წელს გაეშვება. ეს ტელესკოპი შეისწავლის ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს და დააკვირდება იქ არსებულ იმ აირებს, რომლებიც შესაძლოა, პლანეტაზე არსებული სიცოცხლის ნიშანიც იყოს.
თუმცა როგორც ჩანს, ახლად აღმოჩენილ დედამიწის ზომის პლანეტას, რომელსაც HD 21749c უწოდეს, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო არ უნდა ჰქონდეს. თავის დედავარსკვლავს ის გარს უვლის საკმაოდ ახლოდან, ერთ ორბიტას დედამიწის 7,8 დღეში ასრულებს და შესაბამისად, არის ძალიან ცხელი. მისი დედავარსკვლავი HD 21749 არც ისე პატარაა — აქვს მზის მასის 80 პროცენტი.
ტრანზიტის მეთოდით მხოლოდ პლანეტების ზომის განსაზღვრა მოხერხდა. მასის დასადგენად კი ასტრონომებმა გამოიყენეს უმძლავრესი მიწისპირა სპექტროგრაფები.
ამ ვარსკვლავთან მოძრავი სუბნეპტუნის ტიპის ეგზოპლანეტა სახელად HD 21749b ზომით დედამიწაზე 23-ჯერ მძიმეა და 2,7-ჯერ უფრო განიერი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ HD 21749b გაზოვანი პლანეტაა და არა კლდოვანი. თუმცა, იგი არც ისე გაბერილია, როგორც მისი მსგავსები მზის სისტემაში — ურანი და ნეპტუნი.
HD 21749b თავის დედავარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 36 დღეს ანდომებს. ზედაპირის ტემპერატურა კი დაახლოებით 150 გრადუსი ცელსიუსია. ეს პლანეტა TESS-მა 2019 წლის იანვარში შენიშნა.
რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ პლანეტა HD 21749c-ს, იგი დაახლოებით დედამიწის ზომისაა, მაგრამ ზუსტი მასა ჯერჯერობით უცნობია.
მართალია, ის სიცოცხლისათვის არახელსაყრელი ჩანს, მაგრამ ასტრონომები იმედოვნებენ, რომ უახლოეს წლებში ტელესკოპი TESS-ი მრავალ პატარა პლანეტას იპოვის პატარა ვარსკვლავთა გარშემო, რომელთაგან ზოგიერთზე, შესაძლოა, სიცოცხლეც ყვაოდეს.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.