აღმოჩენილია სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა, რომელზეც შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო იყოს — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა, რომელზეც შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო იყოს — #1tvმეცნიერება

ჩვენგან დაახლოებით 173 სინათლის წლის მანძილზე, M-ტიპის წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო, ასტრონომებმა სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა აღმოაჩინეს.

პლანეტას TOI-715b უწოდეს; აქვს დედამიწაზე დაახლოებით 1,55-ჯერ დიდი რადიუსი და თავის ვარსკვლავს გარს უვლის სასიცოცხლო ზონაში. სისტემაში კიდევ ერთი კანდიდატი პლანეტაა. ის დედამიწის ზომისაა და დადასტურების შემთხვევაში, სასიცოცხლო ზონაში მდებარე ყველაზე პატარა პლანეტა იქნება ტელესკოპ TESS-ის მიერ აღმოჩენილთა შორის.

TOI-715 საშუალო წითელი ჯუჯა ვარსკვლავია. აქვს ჩვენი მზის მასისა და რადიუსის დაახლოებით ერთი-მეოთხედი. პლანეტა TOI-715b ვარსკვლავთან ახლოს მდებარეობს და ერთი სრული შემოვლისთვის სულ რაღაც 19 დღე სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ჯუჯები მზეზე გაცილებით მკრთალი ვარსკვლავებია, ახლად აღმოჩენილი სუპერდედამიწა მაინც კონსერვატიულ სასიცოცხლო ზონაში ექცევა.

სასიცოცხლო ზონა საკმაოდ უხეში გზაა იმ პლანეტათა იდენტიფიცირებისთვის, რომლებზეც შეიძლება თხევადი წყალი იყოს. მისი საზღვრები გაურკვეველი და საკამათოც კია, რადგან იქნება თუ არა პლანეტაზე თხევადი წყალი — ასევე დამოკიდებულია ვარსკვლავის სპექტრულ ტიპზე, პლანეტის ალბედოზე, მასასა და ატმოსფეროს ღრუბლიანობაზე.

ეგზოპლანეტა

უფრო გამოსადეგია ე. წ. კონსერვატიული სასიცოცხლო ზონის (CHZ) იდეა, რომელიც 2014 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევაში გაჩნდა. ეს გახლავთ რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, სადაც კლდოვანი პლანეტები დედამიწის მიერ მზისგან მიღებული რადიაციის 0,42 – 0,842-ს იღებენ. ნებისმიერი კლდოვანი პლანეტა, რომელიც ამდენ ენერგიას იღებს, კონსერვატიულ სასიცოცხლო ზონაში ექცევა, მიუხედავად ვარსკვლავისგან მანძილისა.

ვარსკვლავის კონსერვატიულ სასიცოცხლო ზონაში სუპერდედამიწის ტიპის პლანეტის აღმოჩენა ყოველთვის ამაღელვებელია, რადგან აძლიერებს ჩვენს ინტერესს სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შესახებ. ამ მიზეზით, ისინი უფრო დამაინტრიგებელი პლანეტებია, ვიდრე მაგალითად, ე. წ. ცხელი იუპიტერები, რომლებზეც თხევადი წყლის ან სიცოცხლის არსებობის შანსი ნულია. ცხელი იუპიტერების სასტიკ გარემოში ყველაზე გამძლე ექსტრემოფილიც კი ვერ გადარჩება.

ახალი აღმოჩენა კიდევ რამდენიმე სხვა მიზეზის გამოა ასე ამაღელვებელი.

„როგორც იქნა, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ხანა დადგა და მისი წყალობით, ატმოსფეროს დეტალური დახასიათების ეპოქაში შევედით“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ბირმინგემის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის სკოლის მკვლევარი გეორგინა დრანსფილდი ხელმძღვანელობდა.

ახლა, როდესაც უკვე ათასობით ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, პოპულაციაში ასტრონომები გარკვეულ ტენდენციებს ხედავენ. ერთი რამ, რაც მათ შენიშნეს, არის პატარა პლანეტების, 1,5 – 2 დედამიწის რადიუსის მქონეთა ნაკლებობა ან საერთოდ არარსებობა. ამას პატარა პლანეტათა რადიუსის ნაპრალს ან სუბნეპტუნურ რადიუსის ნაპრალს (იგივე ფულტონის ნაპრალი) უწოდებენ. TOI-715b-ის რადიუსი 1,5 დედამიწის რადიუსს უდრის და ის სწორედ ამ ნაპრალში თავსდება.

უკიდურესად ნაკლებად არის სავარაუდო, რომ რადიუსის ამ ნაპრალში პლანეტები უბრალოდ არ არსებობდნენ. პლანეტები უფრო დიდები უნდა ჩნდებოდნენ და შემდეგ მასას კარგავდნენ, რათა ამ ნაპრალში მოექცნენ. შესაბამისად, ეს ნაპრალი რაღაცას გვეუბნება პლანეტების მიერ მასის დაკარგვის შესახებ.

ასტრონომთა აზრით, ამ ნაპრალში მოხვედრილი პლანეტები თავიდან დიდები არიან, მაგრამ ფოტოაორთქლების შედეგად, ვარსკვლავი მასას აცლის და ზომაში ამცირებს. სწორედ ამიტომ უწოდებენ ხანდახან ამას ფოტოაორთქლების ველს. ამის შესახებ ბევრი გაურკვევლობაა და ამიტომაც სურთ ასტრონომებს ამ კატეგორიაში მოხვედრილ პლანეტათა უკეთესად შესწავლა.

უცნობია, არსებობს თუ არა რადიუსის ეს ნაპრალი M-ტიპის წითელი ჯუჯების გარშემოც. არ არის გამორიცხული, ამ ვარსკვლავებს სიმკვრივის ნაპრალი ჰქონდეთ და არა რადიუსის.

რადიუსის ნაპრალი იქნება თუ სიმკვრივის, TOI-715b-მ რაღაც აუცილებლად უნდა გვითხრას ეგზოპლანეტების, ფოტოაორთქლებისა და წითელ ჯუჯათა გარშემო ეგზოპლანეტების გადანაწილების შესახებ. თუმცა, ეს ყველაფერი დამატებით, დეტალურ დაკვირვებებს მოითხოვს.

მას შემდეგ, რაც ეგზოპლანეტათა აღმოჩენა დავიწყეთ, მეცნიერები ელოდებოდნენ დღეს, როცა ჯეიმს ვენის კოსმოსური ტელესკოპი ამუშავდებოდა.

ჯეიმს ვებს შეუძლია დააკვირდეს ეგზოპლანეტის ატმოსფეროს სპექტრს და განსაზღვროს მისი შემადგენლობა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სამიზნე ამ მხრივ გაცილებით უკეთესია დანარჩენებზე.

TOI-715b ძირითადი სამიზნეა ვარსკვლავთან სიახლოვის გამო. გამომდინარე იქიდან, რომ TOI-715 პატარა წითელი ჯუჯაა და პლანეტა მას 19 დღეში ერთხელ უვლის გარშემო, ეგზოპლანეტის ტრანზიტი ვარსკვლავის წინ უფრო ღრმა და ხშირია. შედეგად, ჯეიმს ვებს მის ატმოსფეროზე დასაკვირვებლად დიდი დრო არ დასჭირდება, რაც მის დროს საგრძნობლად დაზოგავს.

შეიძლება თუ არა, რომ ეს სუპერდედამიწა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს? ვიდრე საქმეში ჯემს ვები ჩაერთვება, ძნელია რაიმე თქვა. ის კონსერვატიულ სასიცოცხლო ზონაშია და გარკვეული საიმედო ნიშნებიც არსებობს.

TOI-715 ჩვენს მზეზე ცოტა უფრო ხანდაზმული ვარსკვლავია, დაახლოებით 6,6 მილიარდი წლისა. აქვს მაგნიტური აქტივობის დაბალი დონე. ალბათ ამიტომ შეიმჩნევა TESS-ის მონაცემებში ამოფრქვევათა ნაკლებობა სხვა ახალგაზრდა M-ჯუჯებთან შედარებით. წითელი ჯუჯები უკიდურესად მძლავრი ამოფრქვევებით გამოირჩევიან, რასაც პლანეტების სტერილიზება შეუძლია. ასეთმა ამოფრქვევებმა პლანეტას შეიძლება ატმოსფეროც გააცალოს, რაც შეიძლება იყოს ეგზოპლანეტათა ე. წ. ფოტოაორთქლების ველის მიზეზი.

TOI-715-ის გარშემო შეიძლება კიდევ ერთი პლანეტა მოძრაობდეს. ამჟამად ის მხოლოდ კანდიდატია და TIC 271971130.02 უწოდეს, მაგრამ თუ დადასტურდა, სასიცოცხლო ზონაში მდებარე ყველაზე პატარა კლდოვანი ეგზოპლანეტა იქნება TESS-ის მიერ აღმოჩენილთა შორის.

TOI-715-ის სისტემა შესანიშნავი სამიზნეა შემდეგი კვლევებისთვის. TOI-715b ამჟამად თავის რიგს ელოდება ჯეიმს ვების სიაში, რომელმაც მისი ატმოსფერო უნდა შეისწავლოს. სწორედ მან შეიძლება დააფიქსიროს მის ატმოსფეროში სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემოს ნიშნები.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.