მზის სისტემის სამეზობლოში ორი კლდოვანი, სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მზის სისტემის სამეზობლოში ორი კლდოვანი, სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ასტრონომებმა აღმოაჩინეს ორი სავარაუდოდ კლდოვანი ეგზოპლანეტა, რომლებიც ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში მდებარე ვარსკვლავის გარშემო მოძრაობენ.

ახლად აღმოჩენილი ორი პლანეტა წარმოადგენს ე. წ. სუპერდედამიწას — ჩვენს პლანეტაზე დიდ, მაგრამ ყინულის გიგანტებზე პატარა პლანეტებს; გარს უვლიან ჩვენგან 33 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ცივ წითელ ჯუჯა ვარსკვლავ HD 260655-ს.

დიდი ალბათობით, ეს პლანეტები სიცოცხლისთვის არახელსაყრელია, მაგრამ სიცოცხლის შესახებ ჩვენი ამჟამინდელი გაგებიდან გამომდინარე, ეს ვარსკვლავი და მისი პლანეტები დედამიწასთან ერთ-ერთი ყველაზე ახლომდებარე მრავალპლანეტიან სისტემათა რიგებშია.

ამიტომ, ის ბრწყინვალე სამიზნეა შემდეგი კვლევებისთვის, რათა გავიგოთ, რისგან შედგება ეგზოპლანეტები, შევაფასოთ მათი ატმოსფერო. ეს ყველაფერი კი დიდად დაგვეხმარება არამიწიერი სიცოცხლის ძებნაში, იმისდა მიუხედავად, რომ თავად ეს პლანეტები შეიძლება სიცოცხლისათვის არახელსაყრელი იყოს.

„ამ სისტემის ორივე პლანეტა საუკეთესო სამიზნეა ატმოსფერული კვლევებისთვის, რადგან მათი ვარსკვლავი არც ისე კაშკაშაა. არის თუ არა მათ გარშემო აქროლადებით მდიდარი ატმოსფერო? არის თუ არა წყლის ან ნახშირბადზე დაფუძნებულ სახეობათა ნიშნები? ეს პლანეტები ფანტასტიკური სატესტო სხეულებია ამ სახის კვლევებისთვის“, — ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომი მიშელ კუნიმოტო.

ამ დროისათვის, ირმის ნახტომში აღმოჩენილი და დადასტურებულია 5000-ზე მეტი ეგზოპლანეტა; ასტრობიოლოგებს განსაკუთრებით აინტერესებთ დედამიწის ტიპის, ანუ კლდოვანი, დედამიწის, ვენერასა და მარსის ტიპის პლანეტები.

ამჟამად ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტა ვიცით, სადაც სიცოცხლე არსებობს — ჩვენი საკუთარი; შესაბამისად, დედამიწის მსგავსი ზომისა და შემადგენლობის პლანეტები ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია გალაქტიკის მასშტაბით სიცოცხლის ძებნაში.

თუმცა, კლდოვანი ეგზოპლანეტები პატარებია როგორც ზომით, ისე მასით, რაც მათ დაფიქსირებას ართულებს; ამ დროისათვის აღმოჩენილ ასეთ პლანეტათა უმეტესობა გიგანტების კატეგორიაში ჯდება. მეცნიერები დიდი მონდომებით ეძებენ კლდოვან პლანეტებს, განსაკუთრებით კი ახლომდებარეებს.

ვარსკვლავ HD 260655-ის გარშემო არსებული ორი ეგზოპლანეტა, სახელად HD 260655 b და HD 260655 c აღმოაჩინეს იმის წყალობით, რომ ორბიტაზე მოძრაობისას ისინი ჩვენსა და საკუთარ ვარსკვლავს შორის გაივლიან. ვარსკვლავის სინათლეში ასეთი ეგზოპლანეტური ტრანზიტის შედეგად გამოწვეული მცირე ჩაბნელებები ჩაიწერა NASA-ს ეგზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპმა TESS-მა, რომელიც სპეციალურად ამ ფენომენთა დაფიქსირებისთვის არის შექმნილი.

როდესაც კუნიმოტომ TESS-ის მონაცემებში ასეთი ტრანზიტული ჩაბნელებები შენიშნა, შემდეგი ნაბიჯი იყო იმის შემოწმება, ჩანდა თუ არა ეს ვარსკვლავი სხვა წინა პროგრამების მონაცემებშიც.

კეკის ობსერვატორიის მაღალი რეზოლუციის ეჩელის სპექტრომეტრის მიერ 1998 წლის შემდეგ შეგროვებული მონაცემები საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ეს ვარსკვლავი ასევე ჩაწერილი ჰქონდა კიდევ ერთ სხვა ინსტრუმენტს — ესპანეთის კალარ-ალტოს ობსერვატორიის სპექტრომეტრ CARMENES-ს.

ამას კი ეგზოპლანეტურ მეცნიერებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს: სპექტროგრაფიულ მონაცემებს შეუძლია ცხადყოს, მოძრაობს თუ არა ვარსკვლავი ადგილზე.

„ვარსკვლავის გარშემო მოძრავ ყოველ პლანეტას თავის ვარსკვლავზე მცირე გრავიტაციული მოქმედება აქვს. ვეძებთ ამ ვარსკვლავის მცირე მოძრაობებს, რაც მიუთითებს, რომ მას პლანეტური მასის ობიექტი ექაჩება“, — ამბობს კუნიმოტო.

TESS-ის, HIRES-ის და CARMENES-ის მონაცემებში, მკვლევართა ჯგუფმა დაადასტურა, რომ HD 260655-ის გარშემო ორი პლანეტა მოძრაობს. გარდა ამისა, ამ მონაცემებით, ჯგუფმა ამ ორი ეგზოპლანეტის ყოვლისმომცველი პროფილის შექმნაც შეძლო.

ტრანზიტული მონაცემები გვაძლევს ცნობას ფიზიკური ზომის შესახებ, იმაზე დაყრდნობით, თუ ვარსკვლავის რამდენი სინათლე იბლოკება; ვარსკვლავის მოძრაობის ინტენსივობაზე დაყრდნობით, სპექტრული მონაცემები ცხადყოფს, რამდენად მასიურია ეგზოპლანეტა. ორივე ამ მონაცემით შესაძლებელი ხდება ეგზოპლანეტის ორბიტის გამოთვლა.

შიდა ეგზოპლანეტა, სახელად HD 260655 b, ზომით დედამიწაზე დაახლოებით 1,2-ჯერ დიდია, მასით კი ორჯერ აღემატება; თავის ვარსკვლავს გარს უვლის ყოველ 2,8 დღეში ერთხელ. გარე პლანეტა, სახელად HD 260655 c, ზომით დედამიწაზე 1,5-ჯერ დიდია, მასით სამჯერ და საკუთარი ვარსკვლავის გარეშე ერთ გარშემოვლას 5,7 დღეს ანდომებს.

ეს ზომები და მასები, ასევე მათი სიმკვრივე მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, ორივე ეგზოპლანეტა კლდოვანია, ანუ აქვთ მყარი ზედაპირი.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარსკვლავი ჩვენს მზეზე ცივი და მკრთალია, ეგზოპლანეტების მასთან ასეთი სიახლოვე ნიშნავს იმას, რომ ისინი ზედმეტად ცხელი იქნება სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის. პლანეტა HD 260655 b-ის საშუალო ტემპერატურა 435 გრადუსი ცელსიუსი უნდა იყოს, HD 260655 c-ის კი შედარებით დაბალი, მაგრამ მაინც 284 გრადუსი ცელსიუსი.

„ასეთ დიაპაზონს სასიცოცხლო ზონის მიღმა ვათავსებთ, ანუ იმ ზონის გარეთ, სადაც ძალიან ცხელა და შეუძლებელია ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობა“, — აღნიშნავს კუნიმოტო.

მიუხედავად ამისა, ორივე ეგზოპლანეტას მაინც შეიძლება ჰქონდეს ატმოსფერო, რომელთა შესწავლაც ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა უნდა შეძლოს.

გარდა ამისა, ამ ვარსკვლავის გარშემო შეიძლება სხვა პლანეტებიც მოძრაობდეს, რომელთა აღმოჩენასაც ჯერ ვერ ვახერხებთ.

„არსებობს ბევრი მრავალპლანეტიანი სისტემა, რომლებშიც 5-6 პლანეტაა, განსაკუთრებით ასეთ პატარა ვარსკვლავთა გარშემო. იმედი გვაქვს, რომ ამ ვარსკვლავთან სხვა პლანეტებსაც ვიპოვით და რომელიმე მათგანი შეიძლება სასიცოცხლო ზონაშიც მოძრაობდეს“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი ავი შფორერი.

კვლევის შედეგები ჯგუფმა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 240-ე შეხვედრაზე წარადგინა.

მომზადებულია news.mit.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.