თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში პლანეტა აღმოაჩინეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში პლანეტა აღმოაჩინეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასტრონომებმა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის სიახლოვეს პლანეტური ნარჩენები და მთვარის ზომის სტრუქტურები აღმოაჩინეს, რაც მათი აზრით, მიუთითებს იქვე ახლომახლოს, სასიცოცხლო ზონაში მოძრავ პლანეტაზე, სადაც შეიძლება წყალი და სიცოცხლეც არსებობდეს.

თეთრი ჯუჯები იმ ვარსკვლავთა მოელვარე ნარჩენებია, რომლებმაც უკვე ამოწურეს მთელი წყალბადის საწვავი. მზის მასის თითქმის ყველა ვარსკვლავი და მათ შორის ჩვენი მზეც, თანდათან თეთრ ჯუჯად გადაიქცევა, მაგრამ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი თეთრ ჯუჯათა პლანეტური სისტემების შესახებ.

ახალ კვლევაში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მიწისპირა ტელესკოპების მონაცემებით გაზომა ირმის ნახტომში მდებარე ერთ-ერთი თეთრი ჯუჯის, სახელად WD1054–226-ის სინათლე.

მათდა გასაკვირად, სინათლეში აღმოაჩინეს გამოკვეთილი ჩაბნელებები, რომლებიც შეესაბამებოდა ვარსკვლავის გარშემო ყოველ 25 საათში ერთხელ მოძრავ 65 თანაბრად განლაგებულ პლანეტურ ნარჩენთა ღრუბლებს. მკვლევართა დასკვნით, მოძრავ სტრუქტურათა ზუსტი რეგულარულობა — ვარსკვლავის სინათლის ჩაბნელება ყოველ 23 წუთში ერთხელ — მიუთითებს, რომ ასეთ ზუსტ განლაგებას მათ ახლომდებარე პლანეტა უნარჩუნებს.

„ასტრონომებმა ისტორიაში პირველად დავაფიქსირეთ ამ სახის პლანეტური სხეული თეთრი ჯუჯის სასიცოცხლო ზონაში. ჩვენ მიერ შემჩნეული მთვარის ზომის სტრუქტურები უფრო უსწორმასწორო და მტვრიანია (ანუ, კომეტის მსგავსი), ვიდრე მყარი, სფერული სხეულები. მათი აბსოლუტური რეგულარულობა, ანუ ის, რომ თითოეული მათგანი ვარსკვლავის წინ ყოველ 23 წუთში ერთხელ გაივლის, წარმოადგენს საიდუმლოს, რომელსაც ამჟამად ვერ ვხსნით“, — ამბობს კვლევის ავტორი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი ჯეი ფარიჰი.

მისი განცხადებით, ერთ-ერთი ამაღელვებელი შესაძლებლობა ის არის, რომ ეს სხეულები ორბიტაზე ასე თანაბრად გადანაწილებულია ახლომდებარე პლანეტის გრავიტაციული გავლენის გამო. ამ გავლენის გარეშე, ხახუნისა და შეჯახებების შედეგად, ეს სტრუქტურები მიმოიფანტებოდა, დაკარგავდა მათ მიერ შემჩნეულ ზუსტ რეგულარულობას. ასეთი „მწყემსვის“ პრეცედენტია ნეპტუნისა და სატურნის მთვარეების გრავიტაციული მიზიდვა, რაც ხელს უწყობს მათ გარშემო მოძრავი სტაბილური რგოლების წარმოქმნას.

თეთრი ჯუჯის სასიცოცხლო ზონაში პლანეტის არსებობა ასტრონომებისთვის ამაღელვებელი და თან მოულოდნელია; თუმცა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პლანეტის არსებობის დასადასტურებლად საჭიროა უფრო მეტი მტკიცებულება. მასზე პირდაპირი დაკვირვება შეუძლებელია და შესაბამისად, დადასტურების ერთ-ერთი გზაა კომპიუტერული მოდელების შედარება ამ ვარსკვლავსა და მის გარშემო მოძრავ სხეულებზე მომავალში ჩატარებულ დაკვირვებებთან.

მოსალოდნელია, რომ თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ეს ორბიტა მისი სიცოცხლის წითელი გიგანტი ვარსკვლავის ფაზაში უნდა მოსუფთავებულიყო; შესაბამისად, ნებისმიერი პლანეტა, რომელსაც პოტენციურად შეიძლება წყალი და სიცოცხლე ჰქონოდა, განვითარების ბოლო ეტაპებზე უნდა იყოს. ეს ზონა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი სულ მცირე კიდევ ორ მილიარდ წელიწადს უნდა იყოს, მათ შორის, სულ მცირე ერთი მილიონი წელიწადი მომავალში.

ვარსკვლავების 95 პროცენტზე მეტი თანდათანობით თეთრ ჯუჯად გადაიქცევა. დანარჩენი, გამონაკლისია დიდი ვარსკვლავები, რომლებიც სუპერნოვად ფეთქდებიან და შავ ხვრელებს ან ნეიტრონულ ვარსკვლავებს წარმოქმნიან.

„ვინაიდან რამდენიმე მილიარდ წელიწადში ჩვენი მზე თეთრი ჯუჯა გახდება, ჩვენი კვლევა მზის სისტემის მომავლის ხედს გვთავაზობს“, — ამბობს პროფესორი ფარიჰი.

როდესაც ვარსკვლავები საწვავის ამოწურვის პირას მიდიან, ფართოვდებიან და ცივდებიან, ხდებიან წითელი გიგანტები. მზე ამ ფაზაში 4-5 მილიარდ წელიწადში შევა, გადასანსლავს მერკურის და ვენერას, შესაძლოა, დედამიწასაც. მას შემდეგ, რაც გარე მასალები ვარსკვლავს ნელა მოსწყდება და წყალბადი ამოიწურება, დარჩება ვარსკვლავის ცხელი ბირთვი, რომელიც მილიარდობით წლის განმავლობაში ნელ-ნელა გაცივდება — ეს გახლავთ თეთრი ჯუჯის ფაზა.

თეთრი ჯუჯის გარშემო მოძრავ პლანეტათა დაფიქსირება ასტრონომებს საკმაოდ უჭირთ, რადგან ეს ვარსკვლავები გაცილებით მკრთალებია, ვიდრე მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავები (მაგალითად, მზე). ამ დროისათვის, თეთრი ჯუჯის გარშემო აღმოჩენილია ერთი გაზის გიგანტი პლანეტა.

ახალი კვლევის ფარგლებში, ჩვენგან 117 სინათლის წლის მანძილზე თეთრ ჯუჯა WD1054–226-ს ჩილედან, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ლა-სილიის ობსერვატორია ტელესკოპ NTT-ით დააკვირდნენ; 18 ღამის განმავლობაში იწერდნენ ცვლილებებს მის სინათლეში. სინათლის ცვლილებათა უკეთ დასადგენად, ასევე დაამუშავეს NASA-ს ტელესკოპ TESS-ის მონაცემები, რის შედეგადაც დაადასტურეს, რომ პლანეტურ სტრუქტურებს 25-საათიანი ორბიტა აქვთ.

დაადგინეს, რომ WD1054–226-ის სინათლეს ყოველთვის გარკვეულწილად ბინდავდა მის გარშემო მოძრავი მასალის უზარმაზარი ღრუბლები, როდესაც ისინი მის წინ გაივლიდნენ; ეს კი ვარსკვლავის გარშემო მოძრავ ნარჩენთა დისკოზე მიუთითებს.

სასიცოცხლო ზონა ეწოდება ზონას ვარსკვლავის გარშემო, სადაც ტემპერატურა იქ მოძრავი პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. მზის მსგავსი ვარსკვლავებისგან განსხვავებით, თეთრი ჯუჯების სასიცოცხლო ზონა უფრო პატარა და ვარსკვლავთან ახლოს უნდა იყოს, რადგან თეთრი ჯუჯა ნაკლებ სინათლესა და სითბოს გამოყოფს.

ამ კვლევაში შემჩნეული, ამ ზონაში მოძრავ სტრუქტურებს ვარსკვლავი წითელი გიგანტის ფაზაში გადაყლაპავდა; შესაბამისად, ისინი შედარებით გვიან ჩამოყალიბებული ობიექტები უნდა იყოს და არა პლანეტური სისტემის გადარჩენილი ობიექტები.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.