ჰაბლის ახალი ფოტო შორეულ მომავალში ჩვენი მზის სიკვდილის პროცესის სანახაობას გვთავაზობს — #1tvმეცნიერება
ჰაბლის ახალი ფოტო შორეულ მომავალში ჩვენი მზის სიკვდილის პროცესის სანახაობას გვთავაზობს — #1tvმეცნიერება

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ოდესღაც ჩვენი მზე მოკვდება და მისი აღსასრული ულამაზესი სანახაობა იქნება.

შეუძლებელია იმის დადგენა, ზუსტად როგორი სანახავი იქნება მისი სიკვდილი, რადგან ეს მომენტი მილიარდობით წლის შემდეგ დადგება, მაგრამ მზის მსგავს სხვა ვარსკვლავთა სიკვდილი დაახლოებით წარმოდგენას მაინც გვიქმნის ჩვენი დედავარსკვლავის აღსასრულის შესახებ.

ერთ-ერთი ასეთი ობიექტია ასახული ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გადაღებულ ახალ ფოტოზე. მისი სახელია NGC 2438 და მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 1370 სინათლის წლის მანძილზე და წარმოადგენს ე. წ. პლანეტურ ნისლეულს.

პლანეტურ ნისლეულებს არაფერი აქვთ საერთო პლანეტებთან; ასე იმიტომ ჰქვია, რომ ადრეულ ტელესკოპებში ისინი პლანეტებივით ჩანდა. დაახლოებით სფერული ფორმა აქვთ და წარმოადგენენ მზის მსგავს, მომაკვდავ ვარსკვლავთა მიერ ამოტყორცნილი გაზის უზარმაზარ ღრუბლებს.

როდესაც მზე სიკვდილს მიუახლოვდება, ამოწურავს ბირთვში სინთეზისთვის საჭირო წყალბადს, მისი ბირთვი გაციებას და შეკუმშვას დაიწყებს; ამით დაირღვევა დელიკატური ბალანსი შიგნით მიმართულ გრავიტაციის წნევასა და გარეთ მიმართულ თერმულ და რადიაციულ წნევას შორის, რასაც ბირთვში მიმდინარე სინთეზი წარმოქმნის.

ეს კი ბირთვის გარშემო რეგიონიდან შეიტანს დამატებით წყალბადს, რომელიც ბირთვის გარშემო ქერქს აანთებს. შედეგად წარმოიქმნება დიდი ოდენობით ენერგია, რაც მზის გარე ფენებს გაისვრის და გაჩნდება უზარმაზარი, კაშკაშა ობიექტი, რომელიც შეიძლება მარსის ორბიტასაც კი მისწვდეს.

თანდათანობით, მისი არასტაბილურობა გამოიწვევს ამოფრქვევათა სერიებს, რომლებიც მზის მასის უდიდეს ნაწილს მის მიმდებარე კოსმოსში გატყორცნის. ვარსკვლავური ბირთვი თეთრ ჯუჯად გადაიქცევა, რომელიც ნარჩენი სითბოთი და ამოტყორცნილი მატერიის გარკვეული ნაწილის უკან დაცემის შედეგად ძლიერ იკაშკაშებს.

ეს გახლავთ პლანეტური ნისლეული, ეტაპი, რომელზეც ამჟამად ჰაბლის მიერ გადაღებული ობიექტი NGC 2438 იმყოფება. ვარსკვლავის სიცოცხლის ეს მონაკვეთი ძლიერ ხანმოკლეა და მხოლოდ დაახლოებით 10 000 წელიწადს გრძელდება; ამოტყორცნილი მატერია კოსმოსში გაფართოებას განაგრძობს, თანდათან კი ისე გაიფანტება, რომ მისი დანახვაც კი შეუძლებელი იქნება. ფოტოზე ყოველ ელემენტს სხვადასხვა ფერი აქვს მიცემული: ცისფერი ჟანგბადს ასახავს, მწვანე — წყალბადს, ნარინჯისფერი — აზოტს, წითელი კი გოგირდს.

NGC 2438 საინტერესოა მანათობელი ჰალოს გამოც, რომელიც გარს აკრავს ნისლეულის შიდა რგოლს, მახასიათებელს, რომელიც ხშირად ჩანს მრგვალ პლანეტურ ნისლეულებში. NGC 2438-ის კვლევით დადგინდა, რომ ჰალო აღგზნებულია თავად ვარსკვლავის მაიონიზებელი რადიაციით, რაც გაზის აკაშკაშებას იწვევს.

NGC 2438-ის გარშემო არსებული მატერია წამში დაახლოებით 37 კილომეტრის სიჩქარით ფართოვდება. უახლოეს რამდენიმე ათასწლეულში ის იმდენად გაიფანტება, რომ აღარც კი გამოჩნდება. ამასობაში კი ჩვენს მზეს ჯერ ძალიან ბევრი დრო აქვს დარჩენილი; წითელ გიგანტად გადაქცევას ის დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ დაიწყებს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.