NASA ოფიციალურად ადასტურებს, რომ უკვე აღმოჩენილია 5000 ეგზოპლანეტა, ანუ პლანეტა მზის სისტემის მიღმა — #1tvმეცნიერება
NASA ოფიციალურად ადასტურებს, რომ უკვე აღმოჩენილია 5000 ეგზოპლანეტა, ანუ პლანეტა მზის სისტემის მიღმა — #1tvმეცნიერება

1992 წლის იანვარში, ორმა კოსმოსურმა ობიექტმა სამუდამოდ შეცვალა ჩვენი გალაქტიკა.

პირველად ისტორიაში, გაჩნდა მზის სისტემის გარეთ, სხვა ვარსკვლავების გარშემო მოძრავი პლანეტების, ანუ ეგზოპლანეტები მტკიცებულება: ორი კლდოვანი პლანეტა ჩვენგან 2300 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავს უვლიდა გარშემო.

ახლა, 30 წლის შემდეგ, ეგზოპლანეტების რაოდენობა ძლიერ გაიზარდა. 2022 წლის 21 მარტს დადასტურდა, რომ უკვე აღმოჩენილია 5000 ეგზოპლანეტა. უფრო კონკრეტულად კი, NASA-ს კატალოგში დოკუმენტირებულია 5005 ეგზოპლანეტა, თანაც ყველა საკუთარი უნიკალური მახასიათებლებით.

თითოეული ეს ეგზოპლანეტა თვის დროზე გამოჩნდა რეცენზირებულ კვლევაში და ჩაუტარდათ დაკვირვებები ანალიზისა და დაფიქსირების მრავალი სხვადასხვა მეთოდით.

კრებული საკმაოდ კარგი სამიზნეა შემდეგი კვლევებისთვის, რათა ეს პლანეტები ახალი ინსტრუმენტებით შევისწავლოთ, მაგალითად, ახლახან გაშვებული ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით და მომავალი ნენსი გრეის რომანის კოსმოსური ტელესკოპით.

„ეს მხოლოდ რიცხვი როდია. თითოეული მათგანი ახალი პლანეტაა, სრულიად ახალი. ყოველი მათგანი ძლიერ აღმაფრთოვანებს, რადგან მათ შესახებ ჯერ არაფერი ვიცით“, — ამბობს NASA-ს ეგზოპლანეტურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომი ჯესი კრისტიანსენი.

ისტორიაში პირველი ეგზოპლანეტები ორმა ასტრონომმა, ალექსანდრ ვოლშანმა და დეილ ფრაილმა აღმოაჩინეს — დედამიწაზე 4,3-ჯერ და 3,9-ჯერ მასიური ეგზოპლანეტები, რომლებიც მილიწამური პულსარის სახელით ცნობილი მკვდარი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობდნენ; ამ ტიპის ვარსკვლავები მილიწამების შუალედით ასხივებენ რადიოტალღების პულსებს.

მესამე, 0,2 დედამიწის მასის ეგზოპლანეტა 1994 წელს, ვარსკვლავ ლიჩის გარშემო აღმოაჩინეს. ამ ეგზოპლანეტებს პოლტერგეისტი, ფობეტორი და დრაუგი უწოდეს.

აღმოჩენა მიუთითებდა, რომ გალაქტიკა ასეთი ობიექტებით გადაჭედილი უნდა ყოფილიყო. პულსარები ნეიტრონული ვარსკვლავის ერთ-ერთი ტიპია: მასიურ ვარსკვლავთა მკვდარი ბირთვები, რომლებიც მას შემდეგ რჩებიან, რაც ეს ვარსკვლავი სიკვდილის წინ მატერიის გარე ნაწილს მოიშორებს და საკუთარი გრავიტაციით კოლაფსირდება. მათი წარმოქმნის პროცესი საკმაოდ ექსტრემალურია და ხშირად თან ახლავს კოლოსალური აფეთქებები.

„თუკი პლანეტებს ნეიტრონული ვარსკვლავის გარშემო იპოვი, ეს იმას ნიშნავს, რომ პლანეტები ყველგან უნდა იყოს. პლანეტების წარმოქმნის პროცესი საკმაოდ სტაბილური უნდა იყოს“, — ამბობს ვოლშანი.

თუმცა, არსებობდა ერთი სირთულე. მეთოდი, რომელიც ეგზოპლანეტების იდენტიფიცირებაში გამოიყენებოდა, ემყარებოდა ვარსკვლავის ძლიერ რეგულარული პულსების სინქრონულობას, რასაც ძალიან ცოტათი ცვლიდა გარშემო მოძრავ სხეულთა გრავიტაციული გავლენა.

შესაბამისად, ეს მეთოდი მხოლოდ პულსარებზე გამოდგება; გამოუსადეგარია მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებისთვის, რომლებსაც რეგულარული, მილიწამური პულსები არ აქვთ.

თუმცა, როდესაც NASA-ს ასტრონომმა უილიამ ბორუკიმ ტრანზიტის მეთოდი შეიმუშავა, ეგზოპლანეტების რაოდენობა მას შემდეგ ნამდვილად აზვირთდა; ტრანზიტის მეთოდი გულისხმობს ვარსკვლავის სინათლეში მკრთალ, რეგულარულ ჩაბნელებებზე დაკვირვებას, რასაც ჩვენსა და იმ ვარსკვლავს შორის პლანეტის ჩავლა იწვევს.

2009 წელს გაშვებულმა კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა სიას 3000-ზე მეტი ეგზოპლანეტა შემატა, კიდევ 3000 კი კანდიდატების სიაშია და დადასტურებას ელოდებიან.

გარდა ტრანზიტის მეთოდისა, ასტრონომებს შეუძლიათ შეისწავლონ ეგზოპლანეტათა გრავიტაციული ეფექტი საკუთარ დედავარსკვლავზე. როდესაც ობიექტები საერთო გრავიტაციული ცენტრის გარშემო მოძრაობენ, ვარსკვლავი ადგილზე ოდნავ „ირხევა“ და იცვლება მისი სინათლის ტალღები.

ამას გარდა, თუკი იცი ვარსკვლავის მასა, შეგიძლია შეისწავლო ისიც, თუ რამდენად ირხევა ის და ასე დაადგინო ეგზოპლანეტის მასა; და თუ ვარსკვლავის სიკაშკაშეც იცი, შეგიძლია ეგზოპლანეტის ზომაც დაადგინო.

სწორედ ამ გზით ვიცით, რომ სამყაროში ძალიან ბევრნაირი პლანეტაა, იმისგან ძლიერ განსხვავებულებიც, როგორებიც მზის სისტემაში გვაქვს.

ცხელი იუპიტერები უზარმაზარი გაზის გიგანტი პლანეტებია, რომლებიც საკუთარ ვარსკვლავებთან ძლიერ ახლოს მოძრაობენ და ამიტომ, მათი ტემპერატურა ზოგიერთი ვარსკვლავისაზე მაღალიც კი არის.

მინი-ნეპტუნების ზომა დედამიწისა და ნეპტუნის ზომებს შორის მერყეობს და შეიძლება, სიცოცხლისთვის ხელსაყრელებიც იყოს. ასევე არის სუპერდედამიწები, რომლებიც ჩვენი პლანეტის მსგავსად კლდოვანია (მყარი), მაგრამ აქვთ რამდენჯერმე მეტი მასა.

ეგზოპლანეტების პირდაპირ შესწავლა რთულია, რადგან ისინი ძალიან პატარები, მკრთალებია, ძალიან შორს და ხშირად კაშკაშა ვარსკვლავთა იმდენად ახლოს, რომ მათი სინათლე სრულიად ჩრდილავს იმას, რაც ეგზოპლანეტამ შეიძლება აირეკლოს; შესაბამისად, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით. სამყაროში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ისეთი პლანეტაა, რომელთა დაფიქსირებაც ჩვენს ტექნოლოგიებს ჯერ არ ძალუძს.

თუმცა, მომავალ წლებში, მოწინავე ტექნოლოგიები და ანალიზის ახალი მეთოდები ამ ზღვარს გადალახავს და შეიძლება ისეთი პლანეტებიც ვიპოვოთ, როგორებსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდით. შესაძლოა, მზის სისტემის მიღმა სიცოცხლის ნიშნებიც კი ვიპოვოთ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.