აღმოჩენილია სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა, რომელიც სავარაუდოდ, მთლიანად წყლით არის დაფარული — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა, რომელიც სავარაუდოდ, მთლიანად წყლით არის დაფარული — #1tvმეცნიერება

დედამიწიდან დაახლოებით 100 სინათლის წლის მანძილზე აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც სავარაუდოდ, მთლიანად ოკეანით არის დაფარული.

მეცნიერებმა მას TOI-1452b უწოდეს და როგორც ზომისა და მასის გაზომვები მიუთითებს, მისი სიმკვრივის პროფილი შესაბამისობაშია გლობალურ, თხევად ოკეანესთან. ასეთი ეგზოპლანეტების არსებობის შესახებ მეცნიერები დიდი ხანია ეჭვობენ, მაგრამ რომელიმე მათგანი დადასტურებულად ჯერ არ უპოვიათ.

TOI-1452b ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით დაკვირვებას საჭიროებს, რათა შევისწავლოთ მისი ატმოსფერო და უფრო მკაფიო დეტალები მივიღოთ ატმოსფეროს შესახებ. თუმცა, პირველადი შედეგები უკვე ძლიერ დამაინტრიგებელია.

„ეს პუბლიკაცია იუწყება ტრანზიტული ზომიერი ეგზოპლანეტა TOI-1452b-ის აღმოჩენისა და დახასიათების შესახებ. წიაღის შესახებ ჩვენ მიერ ჩატარებული მოდელირება და ის ფაქტი, რომ პლანეტა თავის ვარსკვლავისგან მოკრძალებულ გამოსხივებას იღებს, TOI-1452b წყლიანი პლანეტობის კარგი კანდიდატია“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც მონრეალის უნივერსიტეტის ასტრონომი შარლ კადიე ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ TOI-1452b შედარებით ახლოს არის მზის სისტემასთან, არის ერთი მიზეზი, რომლის გამოც მისი აღმოჩენა აქამდე ვერ მოხერხდა.

ეგზოპლანეტა ჩვენთან ერთ-ერთ ახლომდებარე პატარა, წყვილური (ბინარული) წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს. ერთმანეთის გარშემო მოძრავ ამ ორ ვარსკვლავს შორის მანძილი სულ რაღაც 97 ასტრონომიული ერთეულია (ერთი ასტრონომიული ერთეული უდრის საშუალო მანძილს მზესა და დედამიწას შორის). ეს მანძილი იმდენად ცოტაა, რომ ორი ვარსკვლავი ჩვენგან ისე ჩანს, თითქოს ერთი იყოს.

თუმცა, NASA-ს ეგზოპლანეტებზე მონადირე კოსმოსური ტელესკოპი TESS-ი საკმარისად მგრძნობიარეა, რათა დაეფიქსირებინა რეგულარული, მცირე ჩაბნელებები ვარსკვლავის სინათლეში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენსა და ვარსკვლავს შორის რაღაც რეგულარულად მოძრაობს. ამის შემდეგ, მკვლევრებმა გამოიყენეს მათი ძლიერ მგრძნობიარე ინსტრუმენტი კანადის მონ-მაგელანის ობსერვატორიაში, რომელიც ასევე ეგზოპლანეტების ტრანზიტისთვის არის შექმნილი.

ორივე ტელესკოპის დაკვირვებებმა ცხადყო, რომ TOI-1452-ის ორმაგ სისტემაში ერთ ვარსკვლავს მართლაც გარს უვლის პლანეტა.

იმაზე დაკვირვებით, თუ რამდენ სინათლეს გამოყოფს ვარსკვლავი და რამდენად ბნელდება როდესაც ეგზოპლანეტა მის წინ ჩაივლის, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეგზოპლანეტა შედარებით პატარაა, აქვს დედამიწაზე 1,672-ჯერ დიდი ზომა; პლანეტათა ამ კლასს სუპერდედამიწებს უწოდებენ.

ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას ის მხოლოდ 11 დღეს ანდომებს, რაც ჩვენს პირობებში საკმაოდ ახლო მანძილზე მოძრაობას ნიშნავს. თუმცა, ვინაიდან მისი ვარსკვლავი ჩვენს მზეზე ცივი და ბნელია, შეიძლება ითქვას, რომ პლანეტა ვარსკვლავის ზომიერ ზონაში მოძრაობს. არც ისე შორს, სადაც სიცივის გამო ზედაპირზე წყალი გაიყინოს და არც ისე ახლოს, რომ სიცხისგან აორთქლდეს. ამას სასიცოცხლო ზონას უწოდებენ.

ამის შემდეგ, მკვლევრები დეტალურად დააკვირდნენ თავად ვარსკვლავს. კერძოდ, შეისწავლეს მისი რადიალური სიჩქარე — ანუ, როგორ მოძრაობს ის ეგზოპლანეტის გრავიტაციული გავლენის გამო. ასე კი იმიტომ ხდება, რომ ორი სხეული სისტემაში გარს უვლის გრავიტაციის საერთო ცენტრს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავი სულ ოდნავ მოძრაობს პლანეტა TOI-1452b-სთან ორბიტულ განლაგებაში.

ვარსკვლავის სინათლის ცვლილებებმა ასეთი მოძრაობა გამოავლინა და ამ მოძრაობის სიძლიერის საფუძველზე, ასტრონომებმა მის ორბიტაზე მოძრავი სხეულის მასაც განსაზღვრეს. აღმოჩნდა, რომ TOI-1452b-ს დედამიწაზე 4,82-ჯერ მეტი მასა უნდა ჰქონოდა.

და სწორედ აქედან დაიწყო მართლაც საინტერესო რამ.

თუკი ობიექტის მასა და ზომა იცი, შეგიძლია გამოთვალო მისი საშუალო სიმკვრივეც. TOI-1452b-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 5,6 გრამი აღმოჩნდა კუბურ სანტიმეტრზე, რაც ძალიან ახლოს არის დედამიწის სიმკვრივესთან, ანუ 5,5 გრამთან კუბურ სანტიმეტრზე. თუმცა, დედამიწის მსგავსი სიმკვრივე ობიექტისთვის, რომელსაც უფრო მეტი მასა აქვს, იმაზე მიუთითებს, რომ ეს ობიექტი უფრო მსუბუქი მასალებისგან შედგება.

„TOI-1452b ოკეანური პლანეტობის საუკეთესო კანდიდატია მათ შორის, რაც კი ამ დრომდე აღმოგვიჩენია. როგორც მისი რადიუსი და მასა მიუთითებს, აქვს იმაზე გაცილებით დაბალი სიმკვრივე, რასაც უნდა ველოდეთ პლანეტისგან, რომელიც ძირითადად ლითონისა და ქვისგან შედგება, დედამიწის მსგავსად“, — განმარტავს კადიე.

ეგზოპლანეტის წიაღის შემადგენლობის მოდელირების შედეგად განსაზღვრეს, რომ მისი მასის მაქსიმუმ 30 პროცენტს წყალი უნდა შეადგენდეს.

ასეთი რაოდენობა კი ნამდვილად დიდია. შედარებისათვის გეტყვით, რომ წყალი დედამიწის მასის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენს; TOI-1452b-ის შემადგენლობა ახლოს უნდა იყოს იუპიტერისა და სატურნის წყლიანი თანამგზავრების, ევროპასა და ენცელადისასთან.

თუმცა, ჩატარებულ გაზომვათა საფუძველზე ძნელია გადაჭრით ითქვას, ზუსტად რისგან შედგება TOI-1452b. ამის გარკვევა უკვე ჯეიმს ვების საქმეა.

ვარსკვლავის წინ გავლისას, მისი სინათლის გარკვეული ნაწილი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში გაივლის, თუკი მას ასეთი რამ აქვს. ჯეიმს ვები კი იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია დეტალურად დაადგინოს სხვაობები ამ სინათლეში, რის საფუძველზეც, მკვლევრებს შეეძლებათ დაადგინონ, რისგან შედგება ატმოსფერო.

„ჯეიმს ვებით ჩატარებული დაკვირვებები გადამწყვეტი იქნება TOI-1452b-ის უკეთ შესასწავლად. როგორც კი შეგვეძლება, ვებზე დროს დავჯავშნით, რომ ამ უცნაურ და საოცარ პლანეტას დავაკვირდეთ“, — ამბობს მონრეალის უნივერსიტეტის ასტრონომი რენე დუაიონი.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია exoplanetes.umontreal.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.