აღმოჩენილია თითქმის სამყაროს ასაკის „სუპერდედამიწა“ — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია თითქმის სამყაროს ასაკის „სუპერდედამიწა“ — #1tvმეცნიერება

როგორც ჩანს, პლანეტები ძალიან დიდხანს სიცოცხლეც შეუძლიათ.

ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი უძველესი ვარსკვლავის, სახელად TOI-561-ს გარშემო, ჩვენგან 280 სინათლის წლის მანძილზე, ასტრონომებმა სამი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს; ერთი მათგანი კლდოვანია (მყარი ზედაპირით), ზომით დედამიწაზე 1,5-ჯერ დიდია და თავის ვარსკვლავის გარშემო საკმაოდ სწრაფად, 10,5 საათში ერთხელ მოძრაობს.

ეჭვგარეშეა, რომ დედავარსკვლავთან ასე ახლოს მოძრავი პლანეტა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ის დედამიწის, ვენერასა და მარსის მსგავსად კლდოვანია. მისი ზედაპირის ტემპერატურა 2207 გრადუსი ცელსიუსი უნდა იყოს. გარდა ამისა, ის გრავიტაციულდ ჩაკეტილია, ანუ მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავის მხარეს არის მოქცეული და სულ დღეა, მეორე მხარე კი პირიქით, მუდმივ წყვდიადშია გახვეული; დღის მხარეს მაგმის ოკეანეც უნდა იყოს.

ამას გარდა, TOI-561-ის სისტემაში, პლანეტები და ყველაფერი ერთ-ერთი ყველაზე ძველია, რაც კი ოდესმე გვინახავს — მათი ასაკი დაახლოებით 10 მილიარდი წელია.

ანუ, ის ასაკით მზის სისტემაზე ორზე მეტჯერ დიდია, თითქმის იმ ასაკის, რამხელაც თავად სამყარო და წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ კლდოვან პლანეტებს სტაბილურად ყოფნა ძალიან დიდხანს შეუძლიათ.

„TOI-561 b ამ დრომდე აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი კლდოვანი პლანეტაა. მისი არსებობა გვიჩვენებს, რომ სამყაროში კლდოვანი პლანეტები 14 მილიარდი წლის წინ, მისი საწყისიდანვე წარმოიქმნებოდა“, — ამბობს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომი ლორენ ვაისი.

ეს სამი პლანეტა, სახელად TOI-561 b, TOI-561 c და TOI-561 d, NASA-ს პლანეტებზე მონადირე კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS-მა აღმოაჩინა. ის ცის სხვადასხვა მონაკვეთებს ასკანირებს და ეძებს პერიოდულ, მკრთალ ჩაბნელებებს შორეულ ვარსკვლავთა სინათლეში. ამას ტრანზიტს უწოდებენ, როდესაც პლანეტა თავის ვარსკვლავსა და ჩვენს შორის ჩაივლის და შესაბამისად, მის სინათლესაც ოდნავ აბნელებს.

TESS-ის მონაცემების შემდეგ ჩატარებული დაკვირვებებით, ასტრონომებმა სამივე ეგზოპლანეტის ორბიტული პერიოდები, ზომები და მასებიც დაადგინეს.

TOI-561 d დედავარსკვლავიდან ყველაზე დაშორებულია და დედამიწაზე 2,3-ჯერ დიდია, ერთ გარშემოვლას კი 16,3 დღეს ანდომებს. TOI-561 c დედამიწაზე 2,9-ჯერ დიდია და ერთი გარშემოვლისთვის 10,8 დღე სჭირდება. TOI-561 b ჩვენს პლანეტაზე 1,4-ჯერ დიდია და მისი ორბიტული პერიოდი სულ რაღაც 10,5 საათია.

ჯგუფმა ასევე ჩაატარა რადიალური სიჩქარის გაზომვები. ვარსკვლავის გარშემო მოძრაობისას, პლანეტის გრავიტაცია ვარსკვლავზე გარკვეულ გავლენას ახდენს. გრავიტაციული გავლენა ვარსკვლავზე ყოველ ეგზოპლანეტას აქვს, რაც მცირე კომპლექსურ „ცეკვას“ იწვევს, რაც ვარსკვლავის სინათლის შეკუმშვას და გაჭიმვას განაპირობებს, როდესაც ის ჩვენი მიმართულებით და პირიქით მოდის.

თუ ვიცით ვარსკვლავის მასა, შეგვიძლია დავაკვირდეთ, როგორ მოძრაობს ის ეგზოპლანეტის გრავიტაციის საპასუხოდ და შედეგად, დავიანგარიშოთ ეგზოპლანეტის მასაც. ამ მონაცემებით, მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ TOI-561b-ის მასა დედამიწისას დაახლოებით სამჯერ აჭარბებს.

თუმცა, მისი სიმკვრივე თითქმის დედამიწის სიმკვრივის ტოლია, დაახლოებით ხუთი გრამი კუბურ სანტიმეტრზე.

„ეს ფაქტი გასაკვირია, რადგან უფრო მაღალ სიმკვრივეს უნდა ველოდეთ. თუმცა, ეს სრულ შესაბამისობაშია პლანეტის წარმოუდგენლად დიდ ასაკთან“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის პლანეტური ასტროფიზიკოსი სტივენ კეინი.

ამის მიზეზი ის არის, რომ სამყაროში მძიმე ელემენტები , ანუ რკინაზე მძიმე ლითონები, ვარსკვლავთა გულში გამოიჭედება, მასიურ ვარსკვლავთა სიცოცხლის მიწურულს აფეთქებულ სუპერნოვებში; და მასიური მკვდარი ვარსკვლავების, ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებისას. მხოლოდ გარკვეული ვარსკვლავების სიკვდილის შემდეგ გავრცელდა ეს ელემენტები კოსმოსში და შემდეგ სხვა ობიექტებშიც მოხვდა.

გამომდინარე აქედან, სამყაროს ძალიან ბებერ ვარსკვლავებში ლითონები ძალიან მწირადაა. მაგალითად, TOI-561 დაბალი მეტალიანობისაა. ამავე დროს, დაბალი მეტალიანობის უნდა იყოს ადრეულ სამყაროში წარმოქმნილი ნებისმიერი პლანეტაც.

წინა კვლევები მიუთითებს, რომ კლდოვანი პლანეტების ფორმაციისას არსებობს მეტალიანობის ქვედა ზღვარი; რადგან მძიმე ელემენტებს ვარსკვლავური რადიაცია ნაკლებად აორთქლებს, მათი მარცვლები ვარსკვლავგარშემო დისკოში დიდხანს სძლებენ, ერთად გროვდებიან და პლანეტებსაც წარმოქმნიან.

TOI-561 b-ის მსგავს პლანეტათა აღმოჩენა ასეთ მოდელებს კიდევ უფრო ხვეწს, რაც თავის მხრივ, უფრო მეტი უძველესი კლდოვანი პლანეტის აღმოჩენაში გვეხმარება.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს განსაკუთრებული პლანეტა დღეს სიცოცხლისათვის ხელსაყრელი არ უნდა იყოს, ის შეიძლება მრავალი სხვა კლდოვანი პლანეტის მაუწყებელი იყოს, რომლებსაც ჩვენი გალაქტიკის უძველეს ვარსკვლავთა გარშემო აღმოვაჩენთ“, — ამბობს კეინი.

ეს კი დიდად დაგვეხმარება სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტათა პოვნაში. დედამიწა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლისაა; სიცოცხლის უძველესი ნიშნები ჩვენს პლანეტაზე 3,5 მილიარდი წლის წინანდელია. მიუხედავად ამისა, ნამარხებში ხერხემლიანები მხოლოდ 500 მილიონი წლის წინ ჩნდება.

ჩვენთვის ცნობილ კომპლექსურ სიცოცხლეს ჩამოყალიბებისთვის დრო სჭირდება. შესაბამისად, თუ იმაზე კომპლექსური სიცოცხლის პოვნა გვსურს, ვიდრე არქეები და მიკრობებია, მეცნიერთა აზრით, დღეგრძელი და შედარებით სტაბილური პლანეტები ყველაზე კარგი ადგილია ამისათვის.

TOI-561 b შეიძლება არც ისე კარგი ადგილი იყოს მოსანახულებლად, მაგრამ ნამდვილად გვთავაზობს სამყაროს მასშტაბით სიცოცხლის ძებნისათვის საჭირო უმნიშვნელოვანეს დეტალებს.

კვლევა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 237-ე შეხვედრაზე წარმოადგინეს, მალე The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია news.ucr.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.