კოსმოსურ სამეზობლოში აღმოჩენილია დედამიწის ზომის პლანეტა
კოსმოსურ სამეზობლოში აღმოჩენილია დედამიწის ზომის პლანეტა

როგორც ჩანს, ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში საკმაოდ ბევრი პლანეტაა. ასტრონომებმა აღმოაჩინეს დედამიწაზე ოდნავ დიდი ახალი ეგზოპლანეტა, რომელიც გარს უვლის ჩვენგან 66,5 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელ ჯუჯა ვარსკვლავს.

მათი განცხადებით, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება შევავსოთ ის ნაპრალი, რაც ჩვენს ცოდნაში არსებობს ირმის ნახტომში პატარა, კლდოვანი პლანეტების პოპულაციის შესახებ.

პირველი ეგზოპლანეტა 1992 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ, ამ საკითხში ჩვენი აღმოჩენის უნარი და ცოდნა წარმოუდგენლად გაიზარდა. ამ მომენტისთვის, ჩვენს გალაქტიკაში აღმოჩენილი და დადასტურებულია 4100-მე ეგზოპლანეტა და რა თქმა უნდა, ახლა გაცილებით ბევრი რამ ვიცით პლანეტური სისტემების წარმოშობისა და განვითარების შესახებ.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ვეძებთ პატარა, ბნელ ობიექტებს, რომელთა შორიდან შემჩნევაც ურთულესია, ბუნებრივია, რომ ამ დრომდე აღმოჩენილ ეგზოპლანეტათა უმეტესობა ნეპტუნის ზომის ან უფრო დიდი ყინულისა და გაზის გიგანტებია.

ეგზოპლანეტებზე მონადირე ხომალდმა „კეპლერმა“ და ახლა უკვე მისმა მემკვიდრე TESS-მა პატარა ეგზოპლანეტათა აღმოჩენის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა. მათ შორის არის დედამიწისა და ვენერას ზომის პლანეტები, რომლებიც დიდი ალბათობით, უფრო კლდოვანია, ვიდრე გაზოვანი.

მკვლევართა საერთაშორისი ჯგუფის განცხადებით, რომელსაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი ავი შპორერი ხელმძღვანელობდა, ურთულესია ამ კლდოვან პლანეტათა გაზომვა და დახასიათება. სწორედ ამიტომ ვერ ვპოულობთ მათ ხშირად კაშკაშა ვარსკვლავთა გარშემო.

სწორედ ამიტომ არის ამ ახალი ეგზოპლანეტის აღმოჩენაც ასე ამაღელვებელი. ჯგუფის კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის, მაგრამ შედეგები საკმაოდ გონივრულია.

„გაუწყებთ GJ 1252 b-ის აღმოჩენის შესახებ. ეს გახლავთ პატარა პლანეტა, რომელიც M-ტიპის ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. აღმოჩენა ტელესკოპ TESS-ის საშუალებით, ტრანზიტის მეთოდით მოხერხდა“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, TESS-ის მონაცემებზე და შემდეგ დაკვირვებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საქმე რეალურ პლანეტასთან გვაქვს.

GJ 1252 b ზომით დედამიწაზე 1,2-ჯერ დიდია, მასით კი ორჯერ აღემატება. გარს უვლის წითელ ჯუჯა ვარსკვლავ GJ 1252-ს, რომელსაც მზის ზომისა და მასის მხოლოდ 40 პროცენტი აქვს.

ეგზოპლანეტა დედავარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 12,4 საათს ანდომებს, ანუ ძალიან ახლოსაა და შესაბამისად, არ უნდა იყოს სიცოცხლისთვის ხელსაყრელიც. გარდა ამისა, სავარაუდოდ ის გრავიტაციულად ჩაკეტილია, ანუ მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენაა მოქცეული, მეორე კი პირიქით (როგორც მთვარე დედამიწასთან მიმართებაში). თუმცა, მისი ორბიტა მიმზიდველია სრულიად სხვა მიზეზით.

იმის გამო, რომ სისტემა ჩვენგან 66,5 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული, ეს მანძილი საკმარისია შემდგომი დეტალური დაკვირვებებისათვის. გარდა ამისა, მისი ვარსკვლავი უჩვეულოდ მშვიდია წითელი ჯუჯას ტიპის კვალობაზე. ის ფაქტი კი, რომ ის ვარსკვლავს ასე სწრაფად უვლის გარშემო, მისი ხშირად დაფიქსირებისა და დაკვირვების შანსს გვაძლევს.

ამ მომენტს, ანუ როდესაც პლანეტა დედავარსკვლავსა და ჩვენს ტელესკოპს შორის ჩაივლის, ტრანზიტს უწოდებენ. თუკი პლანეტას ატმოსფერო აქვს, ტრანზიტის დროს ის ვარსკვლავის სინათლის კონკრეტულ ტალღის სიგრძეებს დაბლოკავს და სპექტროსკოპიულ დაკვირვებებით ასტრონომები მისი შემადგენლობის გარკვევასაც შეძლებენ.

კიდევ ერთი ამაღელვებელი ფაქტი GJ 1252 b-ის შესახებ — ის ერთ-ერთია TESS-ის მიერ ნაპოვნ რამდენიმე მეზობელ კლდოვან ეგზოპლანეტას შორის.

მათ შორის არის ასევე გასული წლის სექტემბერში აღმოჩენილი Pi Mensae c და LHS 3844 b 60 და 49 სინათლის წლების მანძილზე; TOI-270b 73 სინათლის წლის მანძილზე; ტიგარდენ b და ტიგარდენ c 12,5 სინათლის წლის მანძილზე; გლიზე b, გლიზე c და გლიზე d 12 სინათლის წლის მანძილზე.

რაც უფრო ბევრ ახლომდებარე კლდოვან პლანეტას ვპოულობთ, უფრო მეტ მონაცემს ვაგროვებთ იმის შესახებ, რამდენად არის ისინი გავრცელებული ირმის ნახტომში, დედამიწას ჰგვანან თუ სრულიად სხვანაირად გამოიყურებიან; კლდოვან პლანეტათა უმეტესობა მერკურის, ვენერასა და მარსის მსგავსი უდაბნოებია თუ სრულიად განსხვავებული.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავლენა აქვს არამიწიერი სიცოცხლის ძებნაზეც, მაგრამ პირველ რიგში საჭიროა, კიდევ უფრო მეტი კლდოვანი ეგზოპლანეტის პოვნა. GJ 1252 b შეიძლება ბრწყინვალე ადგილი იყოს დასაწყებად.

მკვლევართა განცხადებით, დედავარსკვლავთან მისი სიახლოვის, სიკაშკაშისა და მოკლე ორბიტული პერიოდის წყალობით, ეს სისტემა მიმზიდველი სამიზნეა დეტალური დახასიათებისთვის.

კვლევა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდე სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი