ახლომდებარე ვარსკვლავთან სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელია — #1tvმეცნიერება
ახლომდებარე ვარსკვლავთან სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელია — #1tvმეცნიერება

ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ჩვენგან 35 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ერთ-ერთი ვარსკვლავს გარშემო რამდენიმე კლდოვანი, მყარი ზედაპირის მქონე პლანეტა მოძრაობს და ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელიც კი იყოს.

ეს გახლავთ წითელი ჯუჯა ვარსკვლავი, სახელად L 98-59, რომლის გარშემოც სულ მცირე ოთხი პლანეტა მოძრაობს; სისტემა ფრიად მომაჯადოებელია. ახალი დაკვირვებები ზუსტად იმაზე მიუთითებს, რასაც წინა კვლევები ვარაუდობდა — ვენერას მასის ნახევარი მასის მქონე კლდოვანი პლანეტის არსებობას.

ახალი დაკვირვებების შედეგად, ამ სისტემაში ასევე გამოვლინდა სხვა პლანეტებიც, მათ შორის, ოკეანური პლანეტა და სავარაუდო სუპერდედამიწა, რომელიც ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონის შუაგულში უნდა იყოს მოქცეული.

„სასიცოცხლო ზონაში მოქცეულ პლანეტას შეიძლება ჰქონდეს ატმოსფერო, რომელსაც სიცოცხლის დაცვა და მხარდაჭერა შეუძლია“, — ამბობს ესპანეთის ასტრობიოლოგიის ცენტრის ასტროფიზიკოსი მარია როსა საპატერი ოსორიო.

აღმოჩენა საკმაოდ გარდამტეხი წერტილია არა მხოლოდ სიცოცხლისთვის პოტენციურად ხელსაყრელი პლანეტების ძებნაში, არამედ უშუალოდ დედამიწის, მარსისა და ვენერას მსგავსი კლდოვანი პლანეტების ძებნაშიც, რადგან ნახევარი ვენერას ზომის პლანეტის აღმოჩენა უკვე დიდი გარღვევაა.

ის ყველაზე ნაკლებად მასიური ეგზოპლანეტაა, რომელიც კი ოდესმე გაუზომავთ თავისი დედავარსკვლავის პოზიციაზე მისი გრავიტაციული ეფექტების დადგენის გზით.

მიუხედავად იმისა, რომ ირმის ნახტომში იმაზე გაცილებით ბევრი ეგზოპლანეტა უნდა იყოს, ვიდრე ვარსკვლავია, ამ დრომდე დადასტურებულად აღმოჩენილი გვაქვს მხოლოდ ოთხი ათასამდე პლანეტა.

იმიტომ, რომ ისინი ვარსკვლავებზე გაცილებით პატარები და მკრთალებია. შესაბამისად, ჩვენ ხელთ არსებული საუკეთესო მეთოდები ყველაზე უკეთ უფრო მასიური, საკუთარ ვარსკვლავთან ახლომდებარე პლანეტების აღმოჩენაზე მუშაობს.

ეგზოპლანეტათა უმეტესობა ტრანზიტის მეთოდით არის აღმოჩენილი. ისეთი ტელესკოპები, როგორებიც არის კეპლერი (უკვე დაასრულა მისია) და TESS-ი ცის კონკრეტულ მონაკვეთს აკვირდება და ეძებს განმეორებად, რეგულარულ ჩაბნელებებს ვარსკვლავის სინათლეში, რასაც ამ ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტა ჩვენსა მას შორის გავლისას იწვევს.

მეორე მხრივ, რადიალური სიჩქარის მეთოდი ეძებს ცვლილებებს ვარსკვლავის ადგილმდებარეობაში. იმიტომ, რომ პლანეტებს საკუთარ ვარსკვლავზე ოდნავი გრავიტაციული გავლენა აქვთ, რის გამოც, ისინი ძალიან ოდნავ მოძრაობენ საერთო ორბიტის გარშემო (ასეა ჩვენი მზეც). რაც უფრო მასიურია ეგზოპლანეტა, მით უფრო ძლიერია ასეთი სიგნალი.

სისტემა L 98-59 2019 წელს NASA-ს პლანეტებზე მონადირე კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS-მა ტრანზიტის მეთოდით აღმოაჩინა; ვარსკვლავს სამი პლანეტა უვლიდა გარშემო. ამ მეთოდით შესაძლებელია გარკვეული ინფორმაციის მიღება თავად ეგზოპლანეტების შესახებაც, მაგალითად, მათი მიახლოებითი ზომის გარკვევა იმის მიხედვით, თუ რა ოდენობით ბლოკავს ის თავისი ვარსკვლავის სინათლეს.

მეტი ინფორმაციის დამატება შეუძლია რადიალური სიჩქარის მეთოდს. იმაზე დაყრდნობით, თუ რამდენად მოძრაობს ვარსკვლავი, ასტრონომებს შეუძლიათ ეგზოპლანეტის მასის გამოთვლა. მას შემდეგ, რაც პლანეტის ზომას და მასას დაადგენენ, უკვე შეუძლიათ მისი სიმკვრივის გამოთვლაც, ეს კი უკვე მისი შემადგენლობის დადგენის შანსსაც გვაძლევს: უფრო მკვრივი ეგზოპლანეტები დიდწილად კლდოვანია, მსუბუქი, გაბერილები კი გაზოვანი.

„თუ გვსურს გავიგოთ, რისგან შედგება პლანეტა, მინიმალური, რაც გვჭირდება, არის მისი მასა და რადიუსი“, — განმარტავს პორტუგალიის ქალაქ პორტუს უნივერსიტეტის ასტრონომი ოლივერ დემანჟონი.

ასტრონომთა ჯგუფმა დემანჟონის ხელმძღვანელობით, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპი (VLT) გამოიყენა სისტემა L 98-59-ისთვის რადიალური სიჩქარით გაზომვების ჩასატარებლად. შედეგად დაადასტურეს, რომ სისტემის ყველაზე შიგნით მდებარე პლანეტა L 98-59 b-ს ვენერას მასის ნახევარი აქვს და სავარაუდოდ, კლდოვანია.

შიგნიდან მეორე პლანეტა დედამიწაზე 1,4-ჯერ დიდია და სავარაუდოდ, ისიც კლდოვანია.

მესამე ეგზოპლანეტა დედამიწაზე 1,5-ჯერ დიდია, აქვს ორჯერ მეტი მასა და როგორც მისი სიმკვრივის პროფილი მიუთითებს, ძალიან მაღალი უნდა ჰქონდეს წყლის შემცველობა. მკვლევართა ვარაუდით, ამ ეგზოპლანეტის მასის 30 პროცენტზე მეტს წყალი უნდა შეადგენდეს, ანუ, შესაძლოა, ის წყლით იყოს დაფარული.

მკვლევართა გასაოცრად, რადიალური სიჩქარის მეთოდით ჩატარებულმა გაზომვებმა დააფიქსირა ორი პერიოდული სიგნალი, რომელიც არც ერთ მათთვის ცნობილ ეგზოპლანეტას არ ეკუთვნოდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სისტემაში იმალება ორი ისეთი ეგზოპლანეტა, რომელთა ორბიტაც სხვების სიბრტყეს არ ემთხვევა და ტრანზიტს არ ასრულებენ.

პირველის მასა დედამიწისას დაახლოებით სამჯერ აღემატება და ვარსკვლავს ის 12,8 დღეში ერთხელ უვლის გარშემო. მეორე პლანეტა უფრო საინტერესოა.

„გვაქვს მინიშნებები, ამ სისტემის სასიცოცხლო ზონაში კლდოვანი ეგზოპლანეტის არსებობის შესახებ“, — ამბობს დემანჟონი.

დადასტურების შემთხვევაში, მეხუთე პლანეტას სავარაუდოდ დედამიწაზე 2,46-ჯერ მეტი მასა აქვს, ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას კი 23 დღემდე ანდომებს. ალბათ ასეთი მანძილი ძალიან ახლოს მოგეჩვენებათ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ წითელი ჯუჯები მზეზე გაცილებით ცივი ვარსკვლავებია და შესაბამისად, ვარსკვლავისგან ზომიერი მანძილია, სადაც არც ისე ცხელა ან ცივა, რომ სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმის არსებობა შეუძლებელი იყოს.

სამწუხაროდ, მხოლოდ ტრანზიტით არის შესაძლებელი იმის დადგენა, აქვს თუ არა ამ ეგზოპლანეტას ატმოსფერო; შესაბამისად, ის უკვე აღარ არის კარგი კანდიდატი სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტათა შემდგომ კვლევებში.

თუმცა, ეს აღმოჩენა მეტყველებს, რომ პლანეტური სისტემები „მაჯებში“ შეიძლება ძალიან ბევრს მალავდნენ და შიდა ეგზოპლანეტების შესასწავლად უფრო მეტი დაკვირვება გვმართებს.

„ეს სისტემა წინასწარ გვამცნობს მოახლოებულს. ჩვენ, როგორც საზოგადოება, კლდოვან პლანეტებზე ვნადირობთ, რადგან ასტრონომიის დაბადების დღიდან დღემდე, სულ უფრო ვუახლოვდებით სასიცოცხლო ზონაში მდებარე კლდოვანი პლანეტის პოვნას, რომელსაც შეიძლება, ატმოსფეროც გააჩნდეს“, — ამბობს პორტუს უნივერსიტეტის ასტრონომი ოლივერ დემანჟონი.

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.