ნასას ახალმა ტელესკოპმა ეგზოკომეტა, ანუ სხვა ვარსკვლავთან მოძრავი კომეტა აღმოაჩინა
ნასას ახალმა ტელესკოპმა ეგზოკომეტა, ანუ სხვა ვარსკვლავთან მოძრავი კომეტა აღმოაჩინა

ნასას პლანეტებზე მონადირე ახალი კოსმოსური ტელესკოპი TESS-ი ძირითადად უცხო პლანეტებს ეძებს, მაგრამ ეს საქმე ერთადერთი არაა, რისი გაკეთებაც ამ პატარა, მაგრამ უმძლავრეს ხომალდს შეუძლია. მისი გაშვებიდან ჯერ ერთი წელიც არ გასულა, მაგრამ ასტრონომებმა TESS-ის მიერ გამოგზავნილ მონაცემებში უკვე აღმოაჩინეს ისტორიაში პირველი ეგზოკომეტა.

ეგზოკომეტების შესახებ, რა თქმა უნდა, აქამდეც ცნობილი იყო. მათი დაფიქსირება შესაძლებელია ვარსკვლავის ელექტრომაგნიტურ სპექტრში შემჩნეულ ცვლილებათა საფუძველზე. როცა კომეტა თავის ვარსკვლავსა და ჩვენს შორის გაივლის, ვარსკვლავის სინათლე იცვლება კომეტის ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, რაც ასტრონომთათვის მისი არსებობის დასტურია.

TESS-მა ეგზოკომეტა ჩვენგან 63 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავ ბეტა მხატვართან (Beta Pictoris) დააფიქსირა. ეს ვარსკვლავი საკმაოდ ახალგაზრდაა, ჯერ მხოლოდ 20 მილიონი წლისაა და შესაბამისად, გარშემორტყმულია მისი დაბადების დროს მორჩენილი მატერიის დისკოთი. ამ დისკოში ასობით კომეტაა, რომელთა აღმოჩენაც შესაძლებელია სპექტროსკოპიური მეთოდით.

თუმცა, TESS-მა სრულიად სხვა გზას, თეთრი სინათლის გამრუდების მეთოდს მიმართა.

ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტის ასტრონომის, მეთიუ კენვორთის განცხადებით, ბეტა მხატვრისა და სხვა ვარსკვლავთა გარშემო ეგზოკომეტების არსებობაზე სხვა ასტრონომებიც მიუთითებდნენ; ამ დასკვნას ისინი ინსტრუმენტ სპექტროგრაფზე დაყრდნობით აკეთებდნენ. თუმცა, სინათლის გამრუდება უფრო ძლიერი მტკიცებულებაა, რადგან მას სწორედ ის ფორმა აქვს, რომელიც ასტრონომებმა 20 წლის წინ იწინასწარმეტყველეს. გარდა ამისა, სინათლის გამრუდება კარგად დაემთხვა კომპიუტერულ მოდელთა პროგნოზებსაც.

როცა ვარსკვლავის სინათლის გამრუდებაში პლანეტას ვაფიქსირებთ, ე. წ. ტრანზიტის მეთოდით, ის ვარსკვლავის ნათებაში სიმეტრიული ჩაბნელების სახით ჩანს, რადგან ამ დროს, ჩვენსა და ვარსკვლავს შორის პლანეტა ჩაივლის.

თუმცა, ასე არ არის კომეტის შემთხვევაში. ამ დროს საქმე გვაქვს უცაბედ ჩაბნელებასთან, რადგან ვარსკვლავის წინ ობიექტი მოძრაობს; ეს გამრუდება უფრო მოკრძალებულია და მას „შესვლას“ უწოდებენ.

ასიმეტრია გამოწვეულია კომეტის გრძელი, მტვრიანი კუდით, ანდაც საერთოდ რამდენიმე კომეტით.

ეგზოკომეტათა ნიშნები წლების წინ შენიშნა TESS-ის წინამორბედმა, კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმაც.

კეპლერი 10 წლის განმავლობაში ეძებდა ეგზოპლანეტებს, თუმცა, საწვავის ამოწურვის გამო, მისია 2018 წლის ოქტომბერში დასრულდა.

TESS-ის მონაცემებში ეგზოკომეტა დაახლოებით ერთი თვის წინ, ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა სებასტიან ციებამ შენიშნა.

ასტრონომებმა ახლა უკვე იციან, როგორ ეძებონ კომეტები ვარსკვლავთა სინათლის გამრუდებაში და შესაბამისად, შეეცდებიან უფრო მეტი კომეტის პოვნას, რათა გაარკვიონ, როგორია მათი როლი პლანეტური სისტემის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.