უმძლავრესმა ტელესკოპმა შორეულ ეგზოპლანეტას დეტალური ფოტო გადაუღო
უმძლავრესმა ტელესკოპმა შორეულ ეგზოპლანეტას დეტალური ფოტო გადაუღო

ჯოჯოხეთური სიცხე 800 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს; მთლიანი პლანეტა რკინისა და მტვრის ღრუბლების შტორმის საბურველშია გახვეული. სწორედ ასეთი გარემო დაგხვდებათ დედამიწიდან 129 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პლანეტა HR 8799e-ზე, რომელსაც პირველად ისტორიაში, ოპტიკური ინტერფერომეტრის ტექნოლოგიით სწავლობენ.

ამ პლანეტის შესახებ ასეთი დეტალური ანალიზი ასტრონომებმა სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიის წყალობით ჩაატარეს. ცხადია, ასეთ სასტიკ გარემოში ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ვერანაირი ფორმა ვერ გადარჩება, მაგრამ პლანეტა HR 8799e კარგად აჩვენებს, რომ ოპტიკური ინტერფერომეტრის ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტათა საკვლევადაც.

ეგზოპლანეტების პირდაპირი გადაღება უკიდურესად რთული საქმეა. ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილი 3926 დადასტურებული ეგზოპლანეტიდან პირდაპირ გადაღებულია სულ რამდენიმე. ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი ძალიან შორს არიან და ხშირად, კაშკაშა ვარსკვლავის ფონზე მათი დანახვა შეუძლებელია.

ჩილეში, ატაკამის უდაბნოში, ფუნქციონირებს ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის კუთვნილი ძალიან დიდი ტელესკოპი (VLT) ერთ-ერთია, რომელმაც ასეთი ფოტო გადაიღო. თუმცა, ეს სურათები ძალიან ბუნდოვანია და ეგზოპლანეტათა გარემოს დეტალების გარკვევა შეუძლებელია.

ძალიან დიდი ტელესკოპი (VLT).

თუმცა ამჯერად, VLT-ზე დამონტაჟებული ინსტრუმენტის, GRAVITY-ს ოპტიკურ ინტერფერომეტრულმა მონაცემებმა წინა ფოტოების რეზოლუცია 10-ჯერ გააუმჯობესა და ხელმისაწვდომი გახდა პლანეტის სპექტრის უფრო დეტალური ანალიზები, გაირკვა მისი ქიმიური შემადგენლობაც.

სრული სიგნალის მისაღებად და რეზოლუციის გასაუმჯობესებლად, ეს ტექნოლოგია მრავალ ინსტრუმენტს იყენებს.

GRAVITY აერთიანებს ტელესკოპ VLT-ის ოთხ რვა-მეტრიან ტელესკოპს, რაც ერთი გიგანტური ტელესკოპის სახით მოქმედებს. შედეგად, მიიღება ერთი ოპტიკური ტელესკოპი, რომლის სარკეც დიამეტრში 100 მეტრს უდრის.

სწორედ ასეთი ტექნოლოგიის წყალობით, ასტრონომებმა პლანეტა HR 8799e-ზე უპრეცედენტო დაკვირვება ჩაატარეს.

ეს ეგზოპლანეტა ყველაზე შიდაა ახალგაზრდა ვარსკვლავ HR 8799-ის ოთხპლანეტიან სისტემაში. აღმოაჩინეს 2010 წელს.

წინა დაკვირვებებიდან ცნობილია, რომ HR 8799e საკმაოდ „ჩაფსკვნილი“ პლანეტაა, აქვს 5-10 იუპიტერის მასა. დედავარსკვლავს გარს უვლის 14,5 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან (ასტრონომიული ერთეული არის საშუალო მანძილი მზესა და დედამიწას შორის); მზის სისტემაში მდებარეობის შემთხვევაში, იგი სატურნისა და ურანის ორბიტებს შორის მოთავსდებოდა.

ასევე ცნობილია, რომ ის საოცრად ახალგაზრდა პლანეტაა — სულ რაღაც 30 მილიონი წლის (დედამიწის ასაკი 4,6 მილიარდი წელია). შედეგად, ამ პლანეტის დეტალურმა კვლევამ შესაძლოა, გარკვეული სინათლე მოჰფინოს პლანეტებისა და პლანეტური სისტემების ადრეულ ისტორიას.

სპექტროსკოპიაზე დაყრდნობით, ჯგუფმა გაარკვია, რომ პლანეტა დაფარულია რკინისა და სილიკატების შემცველი ღრუბლებით. ამის გამო, HR 8799e-ზე მძვინვარებს სათბურის ეფექტი და არის სუპერცხელი.

თუმცა, პლანეტის ატმოსფეროში ერთი სიურპრიზიც იმალებოდა.

ანალიზებმა აჩვენა, რომ HR 8799e-ს ატმოსფერო უფრო მეტ ნახშირჟანგს (CO) შეიცავს, ვიდრე მეთანს. მკვლევართა აზრით, ამის მიზეზი ატმოსფეროს ვერტიკალური ქარები უნდა იყოს, რაც შეუძლებელს ხდის ნახშირჟანგსა და წყალბადს შორის რეაქციის დაწყებას, რის შედეგადაც მეთანი წარმოიქმნება.

ნახშირჟანგის ატმოსფეროსა და რკინა-სილიკატებით მდიდარი ღრუბლების კომბინაცია წარმოქმნის უზარმაზარ ტურბულენტობას — შტორმს, რომელიც მთელ პლანეტაზე მძვინვარებს.

ჯგუფი კვლევებს აგრძელებს. იმედი აქვთ, რომ ზუსტად გაარკვევენ გრავიტაციულ ურთიერთქმედებას პლანეტასა და დედავარსკვლავს შორის, ისევე როგორც სისტემის ყველა პლანეტისა და თავად ვარსკვლავის მასებს.

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.