აღმოჩენილია ახალი ტიპის პლანეტები, რომლებიც საფირონისა და ლალისგან შედგება
აღმოჩენილია ახალი ტიპის პლანეტები, რომლებიც საფირონისა და ლალისგან შედგება

ძვირფასი ქვები დედამიწაზე იშვიათია ან პლანეტის სიღრმეებშია დამალული, მაგრამ ამ მხრივ კოსმოსი ნამდვილად გულუხვია. ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტების ახალი კლასი, რომლებზეც უხვადაა საფირონისა და ლალის წარმოქმნისთვის საჭირო ნაერთები.

ეს პლანეტები სუპერდედამიწის ტიპს მიეკუთვნება — დედამიწისა და მარსის მსგავს მკვრივ პლანეტებს ქანებისა და მეტალის მაღალი პროპორციით. თუმცა, ისინი დედამიწაზე გაცილებით დიდები არიან (მაგრამ ნეპტუნზე პატარები).

როგორც წესი, ეს ჯგუფი თავიანთ დედაპლანეტის გარშემო გაცილებით ახლოს მოძრაობს, ვიდრე დედამიწა. თუკი ისინი ორბიტაზე იქ მოძრაობენ, სადაც წარმოიქმნენ, ძალიან განსხვავებული უნდა იყოს მათი შემადგენლობა. დედამიწის მსგავსი რკინის ბირთვის ნაცვლად, იქ უხვადაა კალციუმი და ალუმინი.

ეს კი თავის მხრივ ნიშნავს ლალისა და საფირონის არსებობას, რომლებიც წარმოიქმნება მინერალ კორუნდისგან — ალუმინის ოქსიდის კრისტალური ფორმისგან.

ციურიხისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა სამი პლანეტა, რომლებიც შესაძლოა, ცხელ სუპერდედამიწათა ასეთ ტიპს მიეკუთვნებოდნენ.

ისინი გახლავთ — HD 219134 b, მდებარეობს ჩვენგან 21 სინათლის წლის მანძილზე, კასიოპეას თანავარსკვლავედში და დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ სამ დღეში ერთხელ; 55 კირჩხიბი e, მდებარეობს 41 სინათლის წლის მანძილზე, ორბიტის ხანგრძლივობა კი 18 საათს შეადგენს; და WASP-47 e, მდებარეობს 870 სინათლის წლის მანძილზე, აქვს ასევე 18 საათიანი ორბიტა.

პლანეტები წარმოიქმნება ახლად დაბადებული ვარსკვლავის გარშემო მოძრავი გაზისა და მტვრის დისკოს, ე. წ. პროტოპლანეტური დისკოს ნარჩენებისგან. ელექტროსტატიკური ძალების მოქმედებით, ხდება ვარსკვლავის გარშემო მოძრავი მტვრისა და გაზის ნაწილაკების შეჯგუფება. თანდათანობით, ამ აკუმულირებულ ერთეულებს უკვე აქვთ საკმარისი გრავიტაცია უფრო დიდი ნაჭრების მისაზიდად და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ის იმდენ მასას აგროვებს, რომ იბადება პლანეტა.

დისკოს უფრო შორეულ ნაწილში კონდენსირდება ისეთი ელემენტები, როგორებიცაა სილიციუმი, რკინა და მაგნიუმი. პლანეტარულ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ნაწილში, ამ ელემენტებისგან წარმოიქმნა მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი.

თუმცა, ვარსკვლავთან ახლოს რა თქმა უნდა, გაცილებით ცხელა და იქ დაბადებული ნებისმიერი პლანეტა ვერ იქნება დედამიწის მსგავსი.

ასტროფიზიკოს კაროლინ დორნის განცხადებით, იქ ბევრი ელემენტი ჯერ ისევ აირად ფაზაშია და პლანეტის სამშენებლო ნაწილებს სრულიად განსხვავებული შემადგენლობა აქვს.

ჩატარებული სიმულაციების შემდეგ, მან და მისმა ჯგუფმა დაადგინა, რომ სილიციუმთან და მაგნიუმთან ერთად, ასეთ პლანეტებზე ასევე უხვადაა ალუმინი და კალციუმი, რასაც ვრ ვიტყვით რკინაზე.

სულ მცირე თეორიული თვალსაზრისით, პლანეტური მაგნიტური ველები წარმოიქმნება თხევადი ბირთვისგან და სულაც არაა საჭირო ის რკინა იყოს. თუმცა, მკვლევართა სიმულაციების მიხდვით, ამ პლანეტებს ბირთვი საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ. შესაბამისად, არ ექნებათ არც მაგნიტური ველები ან თუ ექნებათ, ისინი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება მზის სისტემის პლანეტათა ველებისგან.

სრულიად განსხვავებული უნდა იყოს მათი წიაღის სტრუქტურაც, ისევე როგორც ატმოსფერული გარემო.

დორნის თქმით, საოცარი ის არის, რომ ეს ობიექტები სრულიად განსხვავდება დედამიწის მსგავს პლანეტათა უმრავლესობისგან.

პირველ რიგში, მათი სიმკვრივე დედამიწისაზე 10-20 პროცენტით დაბალი უნდა იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დედავარსკვლავთა გარშემო ძალიან ახლოდან მოძრაობენ, არ უნდა ჰქონდეთ სქელი ატმოსფერო. ასეა სულ მცირე 55 კირჩხიბი e-სა და Wasp-47 e-ს შემთხვევაში, რომლებიც იმდენად ცხელია, რომ ატმოსფერო მთლიანად დამწვარი უნდა ჰქონდეთ.

HD 219134 b ვარსკვლავისგან ოდნავ მოშორებით მდებარეობს. მისი დაბალი სიმკვრივე განპირობებული უნდა იყოს მაგმის ოკეანეებით, რაშიც მკვლევრები ბოლომდე დარწმუნებული არ არიან.

დორნის განცხადებით, HD 219134 b მოწითალო-მოლურჯოდ უნდა ციმციმებდეს, ლალისა და საფირონის ფერებში.

2012 წელს ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ პლანეტა 55 კირჩხიბი e ალმასისგან შედგებოდა. თუმცა, დორნის ჯგუფი აღნიშნავს, რომ ეს დასკვნა მცდარია. მათი განცხადებით, დაკვირვებებმა ვერ გამოავლინა ნახშირბადის უხვად არსებობა, რასაც ეფუძნებოდა წინა დასკვნა ალმასთან დაკავშირებით.

თუმცა, აუცილებელია ვახსენოთ ისიც, რომ მკვლევართა აზრით, აქვე, მზის სისტემაში, პლანეტა ნეპტუნზე ალმასების წვიმა მოდის. კორუნდით მდიდარი სუპერდედამიწები, ნეპტუნის ალმასის წვიმა, კორუნდის ღრუბლები ცხელ იუპიტერებზე — ალბათ საკმარისი ჩამონათვალია რათა გავაანალიზოთ, რომ ჩვენი გალაქტიკა მოელვარე საგანძურის „ყუთია“.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.uzh.ch-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.