აღმოჩენილია უცნაური პლანეტა, რომელიც რეკორდული სიჩქარით ორთქლდება
აღმოჩენილია უცნაური პლანეტა, რომელიც რეკორდული სიჩქარით ორთქლდება

სამყაროში არსებობს საეჭვოდ იშვიათი სახის პლანეტები. მათ „ცხელ ნეპტუნებს“ უწოდებენ და დადასტურებულ 3869 ეგზოპლანეტას შორის ამ დრომდე სულ რამდენიმე მათგანია აღმოჩენილი.

თუმცა, ასტრონომებმა აღმოაჩინეს უიშვიათესი პლანეტა, რომელიც ორთქლდება. შესაძლოა, ის ერთგვარი ნაკლული რგოლი აღმოჩნდეს. პლანეტა გლიზე 3470 b თავის ატმოსფეროს რეკორდული სისწრაფით კარგავს, უფრო ჩქარა, ვიდრე აქამდე რომელიმე პლანეტის შემთხვევაში შეუნიშნავთ.

ის ფაქტი, რომ ეს პლანეტა ასე სწრაფად ორთქლდება, წონას მატებს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, ასე ცოტა „ცხელ ნეპტუნებს“ იმიტომ ვპოულობთ, რომ სინამდვილეში, ისინი მინი-ნეპტუნებად იკუმშება. ისინი-ნეპტუნები კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახის პლანეტებია.

ჟენევის უნივერსიტეტის ასტრონომის, ვინსენ ბურიეს თქმით, მთავარი კითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ სად უჩინარდებიან ცხელი ნეპტუნები.

ცხელი ნეპტუნები გიგანტური პლანეტებია, დაახლოებით ნეპტუნისა და ურანის ზომისა და მასის, მაგრამ გაცილებით ახლოს არიან დედავარსკვლავთან, უფრო ახლოს, ვიდრე დედამიწა მზესთან. შესაბამისად, ისინი ძალიან ცხელია — ატმოსფეროს ტემპერატურა დაახლოებით 927 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

ნეპტუნის მსგავსი პლანეტები სამყაროში რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია, მაგრამ ისინი დედავარსკვლავების გარშემო გაცილებით შორი მანძილიდან მოძრაობენ. იშვიათობას მხოლოდ ცხელი ნეპტუნები წარმოადგენს, რადგან როგორც ჩანს, ისინი დაბადებიდან მალევე ქრებიან.

ანდაც რაღაცნაირად ტრანსფორმირდებიან, როგორც ეს ახლახან აღმოჩენილი პლანეტის შემთხვევაშია. გლიზე 3470 b (შემოკლებით GJ 3470b) ასტრონომთა მიერ აღმოჩენილი ერთადერთი აორთქლებადი პლანეტა არ არის. მათ ასევე ნაპოვნი აქვთ გლიზე 436 b, რომელიც ასევე ორთქლდება, მაგრამ არა ასეთი რეკორდული მაჩვენებლით.

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ GJ 3470b დედავარსკვლავთან იგივე მანძილზეა, რაზეც GJ 436b, მაგრამ არის გაცილებით ცხელი და საკუთარ ატმოსფეროს ასჯერ უფრო სწრაფად კარგავს. ეს ყველაფერი ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გაარკვია, რომელმაც პლანეტის გარშემო კოსმოსში გატყორცნილი წყალბადის ღრუბელი შენიშნა.

ჯგუფის ვარაუდით, თუ ასე გაგრძელდა, ეს პლანეტა მინი-ნეპტუნად ან სუპერდედამიწად გადაიქცევა. დაახლოებით ნახევარ მილიარდ წელიწადში, ის ამჟამინდელი მასის ნახევარს დაკარგავს.

ორივე პლანეტა დედავარსკვლავს გარს უვლის 6 მილიონი კილომეტრის მანძილიდან, მაგრამ არის ერთი სხვაობა — GJ 436b-ის დედავარსკვლავი ბებერი წითელი ჯუჯაა, 4-8 მილიარდი წლის შედარებით ცივი, სტაბილური ვარსკვლავი.

რაც შეეხება GJ 3470b-ს, მისი დედავარსკვლავი გაცილებით ახალგაზრდა, 2 მილიარდი წლის წითელი ჯუჯაა. ეს გაცილებით ცხელი და მშფოთვარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პლანეტა GJ 3470b იღებს გაცილებით მეტ რადიაციას. შედეგად, ატმოსფერო იმდენად ცხელდება, რომ აღწევს დუღილის ტემპერატურას.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე პლანეტა თითქმის ერთნაირი ზომისაა, GJ 3470b უფრო ნაკლებად მკვრივია, ვიდრე GJ 436b, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გრავიტაციული ზემოქმედება საკუთარ ატმოსფეროზე არც ისე ძლიერია.

ვინსენ ბურიეს თქმით, სწორედ ატმოსფეროს გაქცევაა იმის მიზეზი, რომ ცხელი ნეპტუნები ასე ცოტაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენას პლანეტათა ცვლილების შესახებ.

როგორც ბურიე აღნიშნავს, ეს გახლავთ პლანეტის მიერ მასის დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური მაგალითი. მასის დანაკარგს კი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მის ევოლუციაზე, რაც გავლენას ახდენს ჩვენს წარმოდგენებზე დედავარსკვლავებთან ახლო მანძილზე მდებარე პლანეტათა წარმოშობისა და ბედის შესახებ.

ჯგუფი იმედოვნებს, რომ უფრო დეტალურ კვლევებს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით ჩაატარებენ, რომელიც 2021 წელს გაეშვება.

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია hubblesite.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი