ნადალმა ჯოკოვიჩის მძლეველს მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო
ნადალმა ჯოკოვიჩის მძლეველს მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო

მონტე კარლოს “მასტერსზე” ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.

მსოფლიოს პირველ ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ისევ ძალიან დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა. მან მსოფლიოს მეშვიდე ნომერი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი 68 წუთში 6:0, 6:2 გაანადგურა.

ნადალმა მატჩი ზედიზედ ცხრა გეიმის მოგებით დაიწყო და ტიმმა, რომელმაც წინა დღეს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, 0:6, 0:3-ის შემდეგ შეძლო პირველი გეიმის აღება.

რაფაელმა საკუთარ გეიმებში მხოლოდ ექვსი ქულა წააგო და შესაბამისად, ავსტრიელი ბრეიკ-პოინტამდე არ მისულა, ნადალმა კი 12 ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა.

ესპანელი ნახევარფინალში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს შეხვდება, რომელმაც 6:4, 7:6(5) მოუგო ბელგიელ დავიდ გოფენს.

მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს იაპონელმა კეი ნიშიკორიმ და გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა.

ნიშიკორიმ 6:4, 6:7(1), 6:3 მოუგო ხორვატ მარინ ჩილიჩს, ზვერევმა დაამარცხა ფრანგი რიშარ გასკე – 4:6, 6:2, 7:5.