მზის სისტემის შუაგულში აქამდე უცნობი მტვრის სარტყელი აღმოაჩინეს
მზის სისტემის შუაგულში აქამდე უცნობი მტვრის სარტყელი აღმოაჩინეს

მზის სისტემა სავსეა დაფხვნილი ასტეროიდებისა და კომეტების მტვრით, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთ პლანეტას ხვდა პატივი, ჰქონდეს საკუთარი მტვრის სარტყლები. ეს სიამოვნება აქვს როგორც ვენერას, ისე დედამიწას, რომლებიც მზის გარშემო კოსმოსური მატერიით გარშემორტყმული მოძრაობენ.

მეორე მხრივ, მიჩნეული იყო, რომ მსგავსი სარტყელი არ ჰქონდა პლანეტა მერკურის, რადგან შეუძლებელი იყო, ის მზის სიცხეს გადარჩენოდა. თუმცა როგორც ჩანს, ასტრონომები ცდებოდნენ.

ახალი კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ მერკურის ორბიტაზე არსებობს წმინდა კოსმოსური მტვრის ვრცელი კვალი, რომელიც დაახლოებით 15 კმ სიგანის სარტყელს წარმოქმნის.

როგორც ირკვევა, თავისზე სამჯერ დიდი უძველესი მატერიის ამ ზღვაში მერკური უკვე მილიარდობით წელია დაცურავს. კვლევის თანაავტორის, გილერმო სტენბორგის განცხადებით, მიიჩნეოდა, რომ მერკური საკმაოდ პატარაა იმისათვის, რათა დედამიწისა და ვენერას მსგავსად დაიჭიროს მტვრის სარტყელი. გარდა ამისა, ითვლებოდა, რომ მზის ქარებსა და მაგნიტურ ძალებს ასეთი მტვერი მერკურის ორბიტიდან უნდა გაენიავებინათ.

თუმცა, სტონბერგმა და მისმა კოლეგამ, რასელ ჰოვარდმა ეს სარტყელი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. მზის სიახლოვეს ისინი მტვერში არსებულ ნაპრალებს ეძებდნენ, სადაც მატერია აორთქლებული უნდა ყოფილიყო. ეს საქმე ზედმეტად რთულია.

ჩვენსა და მზეს შორის მტვრისგან თავისუფალი სივრცეების პოვნა თითქმის შეუძლებელია. დედამიწიდან უბრალოდ ჩანს, რომ მტვერი ყველგანაა.

ერთადერთი გასაღები, რაც ხელთ გვაქვს, არის სხვადასხვა ტიპის ნათება.

როცა მზის სინათლე მტვრის ნაწილაკებს კოსმოსში ფანტავს, წარმოიქმნება იმაზე 100-ჯერ უფრო კაშკაშა ძალა, ვიდრე ეს თავად კორონალურ სინათლეშია.

ნასას თანამგზავრ „სტერეოს“ მიერ პლანეტათშორისი სივრცისთვის გადაღებული ფოტოების გამოყენებით, ჯგუფმა შექმნა მოდელი, რომელიც განაცალკევებს ორივე სახის სინათლეს და გამოიანგარიშა, რამდენი მტვერი შეიძლება იყოს იქ.

შედეგად, მათ შენიშნეს, რომ მერკურის ორბიტაზე მოძრაობს ზედმეტი სიკაშკაშე. თანაც, სარტყლის ცენტრში მტვრის სიმკვრივე 3-5 პროცენტით მეტია.

მზის სისტემაში არსებული მტვრის სარტყლების კვლევა დაახლოებით იგივეა, რაც ტყეში ხეების მერქნის სარტყლების შესწავლა. ორბიტაზე მოძრავი მტვრის ღრუბლები დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ წარმოქმნილი ნივთიერებებისაგან შედგება და გვეხმარება გავერკვეთ მზის სისტემის წარმოქმნის შემდეგ მიმდინარე მოვლენებში.

მკვლევართა აზრით, მზის სისტემის ყველა პლანეტამ, მათ შორის დედამიწამაც, არსებობა მტვრის მარცვლების სახით დაიწყო, რომლებიც ერთმანეთს გრავიტაციისა და სხვა ძალების გავლენით ეწებებოდნენ.

რამდენიმე კვირის წინ, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ახალი კვლევის ფარგლებში გაარკვიეს ვენერას მასიური მტვრის სარტყლის რეალური წყარო.

მოდელირების მრავალი ხელსაწყოსა და სიმულაციების გამოყენებით, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს მტვერი მომდინარეობს აქამდე უხილავ ასტეროიდთა ჯგუფისგან, რომლებიც ორბიტაზე ვენერასთან ერთად მოძრაობენ.

მკვლევართა მტკიცებით, დაფშვნილ ასტეროიდთა ეს ჯგუფი ვენერას მტვრის სარტყელს ჯერ კიდევ მზის სისტემის „ბავშვობიდან“ მოყოლებული კვებავენ.

ვენერას შესახებ ჩატარებული კვლევის ავტორის, მარკ კუშნერის განცხადებით, მზის სისტემის შიდა ნაწილში რაიმე ახლის აღმოჩენა განსაკუთრებით რთული და ამაღელვებელია, რადგან ეს რეგიონი ჩვენი პირდაპირი სამეზობლოა.

კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი