აღმოჩენილია უცნაური ასტეროიდი, რომელიც მზესთან ვენერაზე უფრო ახლოს მოძრაობს
აღმოჩენილია უცნაური ასტეროიდი, რომელიც მზესთან ვენერაზე უფრო ახლოს მოძრაობს

უკვე დიდი ხანია, კაცობრიობამ მზის სისტემის მიღმა გაიხედა. ამ დროისათვის, მას ასე თუ ისე ვიცნობთ. მზე, პლანეტები, ასტეროიდთა სარტყელი, მილიონობით ასტეროიდი, შესაძლოა, კიდევ ერთი სხვა პლანეტა და ა. შ.

თუმცა, როგორც ახალი აღმოჩენა მიუთითებს, მზის სისტემის „პლანეტების სექციაში“ შეიძლება, კიდევ უფრო მეტი ასტეროიდი იყოს.

მისი სახელია 2019 AQ3. წარმოადგენს ასტეროიდს, რომლის ელიფსური ორბიტაც მზესთან თითქმის ყოველთვის უფრო ახლოს არის, ვიდრე ვენერა. ხანდახან მისი ორბიტა მერკურიზე ახლოსაც კი მიდის. მზის გარშემო შემოვლისთვის მას სულ რაღაც 160 დღე სჭირდება, რაც ყველაზე ხანმოკლე წელიწადია მზის სისტემის ასტეროიდებს შორის.

ასტეროიდის აღმომჩენი ჯგუფის განცხადებით, მზის სისტემაში შესაძლოა, ჯერ კიდევ აღმოუჩენელი მრავალი ასეთი ასტეროიდი იყოს.

ტელესკოპ ZTF-ის გამოყენებით, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომმა ქანჟი იემ ობიექტი პირველად 2019 წლის 4 იანვარს შენიშნა. 6-7 იანვარს უცნაური ობიექტისკენ მრავალი სხვა ტელესკოპიც მიმართეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰავაიზე განთავსებული ტელესკოპის, Pan-STARRS 1-ის მონაცემები ამ ასტეროიდის მტკიცებულებებზე ჯერ კიდევ 2015 წელს მიუთითებდა.

საარქივო მონაცემებსა და ახალ დაკვირვებებზე დაყრდნობით, ასტრონომებმა ზუსტად გამოთვალეს 2019 AQ3-ის ორბიტა. მისი მარშრუტი საკმაოდ უცნაურია და მოქცეულია მზის სისტემის ორბიტული სიბრტყის მაღლა და დაბლა. უცნაურია იმიტომ, რომ მზის სისტემის ობიექტთა აბსოლუტური უმრავლესობა განთავსებულია საკმაოდ აკურატულ სიბრტყეზე.

ყველაზე უცნაური კი მზესთან მისი ასეთი სიახლოვეა. მზის სისტემის აურაცხელ ასტეროიდს შორის, ამჟამად აღმოჩენილია მხოლოდ 19 ისეთი ასტეროიდი, რომელთა ორბიტაც მთლიანად დედამიწის ორბიტის შიგნითაა მოქცეული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ასტეროიდები ამჟამად ჩვენთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, სიტუაცია შესაძლოა, მომავალში შეიცვალოს, რადგან მათ ორბიტებზე გავლენას ახდენს ვენერასა და მერკურის გრავიტაცია.

2019 AQ3 საკმაოდ მოზრდილიც ჩანს. უფრო მეტიც, მისი ზომის ასტეროიდი არც თუ ისე ბევრი ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტი ზომები ჯერჯერობით უცნობია, ასტრონომთა ვარაუდით, სიგანეში 1,6 კილომეტრს უნდა აღწევდეს.

ქანჟი იეს განცხადებით, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასტეროიდია დედამიწის ორბიტის შიგნით მოქცეულ ასტეროიდთა შორის.

ZTF, რომლითაც ეს ასტეროიდი აღმოაჩინეს, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტია, რომელიც ერთ-ერთი მიზანიც დედამიწისთვის პოტენციურად საშიშ ობიექტთა გამოვლენაა. მათ შორის არის ასტეროიდები, სუპერნოვები და შავი ხვრელებიც კი.

პროექტმა ფუნქციონირება 2018 წლის მარტში დაიწყო, ყოველ სამ ღამეში ერთხელ ასკანირებს ჩრდილოეთის მთლიან ცას და ამ დროისათვის უკვე აღმოჩენილი აქვს რამდენიმე სუპერნოვა, დედამიწასთან ახლომდებარე 50 ასტეროიდი და ორი შავი ხვრელიც კი.

მომზადებულია ztf.caltech.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.