მზის სისტემაში შემოჭრილი ასტეროიდი შესაძლოა, უცხოპლანეტელთა ხომალდი იყო - ჰარვარდის ასტრონომების კვლევა
მზის სისტემაში შემოჭრილი ასტეროიდი შესაძლოა, უცხოპლანეტელთა ხომალდი იყო - ჰარვარდის ასტრონომების კვლევა

2017 წლის 19 ოქტომბერს, ჰავაიზე მდებარე ტელესკოპმა Pan-STARRS-1-მა ისტორიაში პირველი ვარსკვლავთშორისი ასტეროიდი დააფიქსირა, რომელსაც შემდეგ ოუმუამუა უწოდეს.

შემდეგ თვეებში ჩატარებული კვლევების შედეგად, ასტრონომებმა გაარკვიეს მისი ზომა და ფორმა, დაადგინეს ისიც, რომ მას გააჩნდა როგორც კომეტის, ისე ასტეროიდის მახასიათებლები.

მისი ფორმიდან გამომდინარე, გაჩნდა გარკვეული ვარაუდიც, რომ სინამდვილეში, ოუმუამუა შეიძლება, ვარსკვლავთშორისი ხომალდი ყოფილიყო. დაიწყეს იმის გარკვევაც, ასხივებდა თუ არა ის რადიოსიგნალებს.

ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის ორი მეცნიერის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ ეს მოსაზრება კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა. მკვლევართა აზრით, „სინამდვილეში, ოუმუამუა შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის სინათლის იალქანი იყოს“.

კვლევა შმუელ ბიელიმ და პროფესორმა აბრაამ ლოებმა ჩაატარეს.

შეგახსენებთ, რომ ოუმუამუა ტელესკოპმა Pan-STARRS-1-მა მზესთან ყველაზე ახლოს ჩავლიდან 40 დღის შემდეგ შენიშნა.

ამ დროისათვის, ობიექტი მზისგან 0,25 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იმყოფებოდა (ასტრონომიული ერთეული არის მანძილი მზესა და დედამიწას შორის) და უკვე მზის სისტემის დატოვების გზას ადგა. მაშინ ასტრონომებმა შენიშნეს, რომ ოუმუამუას მაღალი სიმკვრივე უნდა ჰქონოდა და ბზრიალებდა საკმაოდ სწრაფად.

მიუხედავად იმისა, რომ მზის სიახლოვეს ჩავლისას გაზების გამოყოფა არ შეინიშნებოდა (რაც კომეტისთვისაა დამახასიათებელი), სპექტრი მიუთითებდა, რომ ოუმუამუა იმაზე გაცილებით ყინულოვანი იყო, ვიდრე თავიდან იფიქრეს.

მას შემდეგ, რაც მან მზის სისტემის დატოვება დაიწყო, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაუღო ფოტოები, რომლებმაც რაღაც მოულოდნელი ქცევები გამოამჟღავნა.

სურათების კვლევისას, საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ოუმუამუამ სიჩქარე კი არ შეანელა, არამედ მოუმატა. მათი აზრით, ამის მიზეზი ის იყო, რომ მზისგან გაცხელების გამო, ობიექტის ზედაპირიდან ნივთიერებები ორთქლდებოდა.

სწორედ ნივთიერებათა გამოყოფაზეა დამოკიდებული კომეტის ქცევა, რასაც ამ შემთხვევაში, ოუმუამუასთვის დიდი სიჩქარე უნდა მიენიჭებინა.

ოუმუამუას მარშრუტი მზის სისტემაში

მაგრამ ბიელი და ლოები სრულიად საპირისპირო ახსნას გვთავაზობენ. თუკი ოუმუამუა კომეტაა, რატომ არ გამოყო მან გაზები მაშინ, როცა მზესთან ახლოს იყო?

ისინი იშველიებენ სხვა კვლევასაც, რომელმაც აჩვენა, რომ თუ აჩქარებაზე პასუხისმგებელი გაზების გამოყოფა იყო, მას ასევე უნდა გამოეწვია ოუმუამუას ბრუნვის სწრაფი ევოლუცია, რაც ვერ შენიშნეს.

ბიელი და ლოები უშვებენ შესაძლებლობას, რომ სინამდვილეში, ოუმუამუა შესაძლოა, სინათლის იალქანი იყოს — კოსმოსური ხომალდის ტიპი, რომელიც აჩქარებას რადიაციის წნევისგან იღებს. სწორედ ამ მეთოდით მუშაობს პროექტი Breakthrough Starshot-ი. ზუსტად იმის მსგავსად, რისთვისაც არის ეს პროექტი დაგეგმილი, სინათლის ეს იალქანიც შესაძლოა, რომელიმე არამიწიერმა ცივილიზაციამ გამოგზავნა მზის სისტემის შესწავლისა და სიცოცხლის ნიშნების ძებნის მიზნით.

პროფესორ ლოების განცხადებით, ოუმუამუას აჩქარება მზისგან ასე შორს შესაძლოა, იმ ძალის შედეგი იყოს, რომლითაც მზის სინათლე მის ზედაპირზე მოქმედებს. ამისათვის, ობიექტი უნდა იყოს ძალიან თხელი, მილიმეტრების სისქის ფენებისგან აწყობილი, მაგრამ სიგრძეში ათობით მეტრს აღწევდეს. შედეგად, ობიექტი ზედაპირის ზონაში მსუბუქდება და შესაძლებელი ხდება მისი სინათლის იალქნად გამოყენება. ლოების თქმით, მისი წარმოშობა შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი (ვარსკვლავთშორისი სივრცე ან პროტოპლანეტური დისკო), ისე ხელოვნური (მზის სისტემის შიდა რეგიონში გამოგზავნილი მისია).

გამომდინარე აქედან, ბიელმა და ლოებმა გამოთვალეს ის სავარაუდო ფორმა, სისქე და მასა-ზომის თანაფარდობა, რომელიც ასეთ ხელოვნურ ობიექტს უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, ისინი ასევე შეეცადნენ განესაზღვრათ, შეძლებდა თუ არა გადარჩენას ეს ობიექტი ვარსკვლავთშორის სივრცეში და გაუძლებდა თუ არა ბზრიალითა და გრავიტაციული ძალებით გამოწვეულ დაძაბულობას.

როგორც მათ გაარკვიეს, 0.3-0.9 მმ სისქის იალქანი საკმარისი იქნებოდა, რათა ფარის სახით გამოყენებულიყო უფრო მყარი ნივთიერებებისთვის. რაც მთავარია, ის გაუძლებდა მთელ გალაქტიკაში მოგზაურობას, თუმცა ეს ძლიერ იქნებოდა დამოკიდებული ოუმუამუას მასის სიმკვრივეზე.

მიუხედავად სისქისა, ეს იალქანი გაუძლებდა ვარსკვლავთშორის სივრცეში არსებულ გაზთან და მტვრის მარცვლებთან შეჯახებას, ისევე როგორც ცენტრიდანულ და გრავიტაციულ ძალებს.

რისთვის შეიძლება ყოფილიყო არამიწიერი სინათლის იალქანი მზის სისტემაში? ბიელსა და ლოებს საკუთარი ახსნა აქვთ. მათი აზრით, სინამდვილეში შესაძლოა, ეს ხომალდი მწყობრიდან იყოს გამოსული და უმისამართოდ დაეხეტებოდეს გრავიტაციისა და ვარსკვლავური რადიაციის გავლენით; ზუსტად ისე, როგორც ჩაძირული გემის ნაწილები ტივტივებენ ოკეანეში. სწორედ ამით ხსნიან ისინი იმას, რომ ოუმუამუაზე რადიოგამოსხივება ვერ დააფიქსირეს.

Scientific American-ისთვის მომზადებულ სტატიაში ლოები ამ მოსაზრებას კიდევ უფრო დეტალურად ხსნის და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ოუმუამუა პირველი ხელოვნური რელიკვია იყოს, რომელიც მზის სისტემაში ვარსკვლავთშორის სივრციდან შემოცურდა.

ლოები შენიშნავს იმასაც, რომ იგივე მოცულობის სინათლის იალქნები ადამიანებმაც შექმნეს, მაგალითად, იაპონური პროექტი IKAROS-ი და Starshot Initiative, რომელშიც თავადაც არის ჩართული.

ლოების აზრით, ეს ყველაფერი წარსული ცივილიზაციების ნაშთების კვლევის უნიკალურ შანსს იძლევა. ხელოვნური წარმოშობის კოსმოსური ნაგვის პოვნა კი მტკიცებით პასუხს გასცემს კითხვას, რომელმაც მეცნიერებას მოსვენება დაუკარგა — ვართ თუ არა მარტონი სამყაროში?

მეორე მხრივ, როგორც ლოებმა Universe Today-ს განუცხადა, არ არის გამორიცხული, ოუმუამუა არამიწიერი ცივილიზაციის აქტიური ხომალდიც იყოს, რომელიც მზის სისტემის შესასწავლად მოვიდა, ზუსტად ისე და იგივე ტექნოლოგიებით, როგორც ჩვენ ვგეგმავთ მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ალფა კენტავრის გამოკვლევას.

ლოების განცხადებით, ფაქტია ისიც, რომ ოუმუამუა მზესთან 0,25 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მივიდა, რაც ნამდვილად კარგი ორბიტაა დედამიწაზე დასაკვირვებლად მზისგან ზედმეტი რადიაციის მიღების გარეშე. გარდა ამისა, ობიექტი დედამიწას 0,15 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მოუახლოვდა, რაც შესაძლოა, განზრახ დაგეგმილი გადაფრენა იყო ორბიტის შესწორების მიზნით.

გარდა ამისა, ლოები უფრო შორსაც მიდის და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ასობით ასეთი ზონდი იყოს გამოგზავნილი და ზოგიერთი მათგანი დედამიწას შესწავლისათვის ხელსაყრელ მანძილზე უახლოვდებოდეს. მისი აზრით, ის ფაქტი, რომ ტელესკოპმა STARRS-1-მა ძლივს დააფიქსირა ოუმუამუა ახლოს მოსვლისას, მიუთითებს, რომ შეიძლება, მზის სისტემაში მრავალი ასეთი ხომალდი დაეხეტებოდეს ჩვენგან შეუმჩნევლად.

ასტრონომებმა ბოლო დროს დაადგინეს, რომ მზის სისტემას მრავლად ჰყავს დაჭერილი ოუმუამუას მსგავსი ათასობით ვარსკვლავთშორისი ასტეროიდი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მალე საბოლოოდ გაირკვეს, გვაქვს თუ არა საქმე ოუმუამუას შემთხვევაში სინათლის იალქანთან.

ცხადია, ბიელიც და ლოებიც აცნობიერებენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი, სანამ გადაჭრით შეგვეძლება იმის თქმა, თუ რა არის რეალურად ოუმუამუა.

რაც არ უნდა აღმოჩნდეს საბოლოოდ, ოუმუამუა ერთი წლის შემდეგ ჩვენი ტელესკოპების თვალთახედვის არეს მიეფარება. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქნება ინტენსიური კვლევების საგანი.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.