მეზობელი ალფა კენტავრის ვარსკვლავურ სისტემაში ახალი პლანეტების აღმოჩენის ახალი მეთოდი
მეზობელი ალფა კენტავრის ვარსკვლავურ სისტემაში ახალი პლანეტების აღმოჩენის ახალი მეთოდი

ახლომდებარე ვარსკვლავური სისტემა ალფა კენტავრის კვლევისას, იელის უნივერსიტეტის ასტრონომებმა სრულიად ახალ მეთოდს მიაგნეს, რომლის გამოყენებითაც, იქ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტების აღმოჩენა უფრო გამარტივდება.

პროფესორ დებრა ფიშერისა და ასპირანტ სტუდენტ ლილი ჟაოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ალფა კენტავრში შეიძლება იყოს პატარა, დედამიწის მსგავსი პლანეტები, რომლებიც ამ დრომდე აღმოუჩენელია. თუმცა, კვლევა გამორიცხავს სისტემაში რამდენიმე დიდი პლანეტის არსებობას, რასაც წინა მოდელები პროგნოზირებდა.

„სამყარო გვეუბნება, რომ პლანეტების ყველაზე გავრცელებული ტიპი ესაა პატარა ზომის პლანეტები; როგორც ჩვენი კვლევა აჩვენებს, ყველაზე დიდი ალბათობით, სწორედ ასეთი სხეულები მოძრაობენ ალფა კენტავრი A-სა და B-ს გარშემო“, — აღნიშნავს ფიშერი, ეგზოპლანეტების წამყვანი ექსპერტი, რომელმაც ათწლეულები მიუძღვნა დედამიწის ანალოგების ძებნისადმი მიძღვნილ კვლევებს.

ალფა კენტავრი ჩვენი უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემაა და მდებარეობს დედამიწიდან 4,3 სინათლის წლის (24,9 ტრილიონი კმ) მანძილზე. შედგება სამი ვარსკვლავისგან: კენტავრი A, კენტავრი B და პროქსიმა კენტავრი.

გასულ წელს, პროქსიმა კენტავრის გარშემო დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს, რამაც ამ სისტემისადმი სამეცნიერო და საზოგადოებრივი ინტერესის ახალი ტალღა ააგორა.

„იმის გამო, რომ ალფა კენტავრი ასე ახლოსაა, იგი ჩვენი პირველი გაჩერებაა მზის სისტემის მიღმა. თითქმის გადაჭრით ვიცით, რომ ალფა კენტავრი A-სა და B-ს გარშემო მოძრაობენ პატარა, კლდოვანი პლანეტები“, — ამბობს ფიშერი.

აღმოჩენები ეყრდნობა მონაცემების ახალ ტალღას, რომლებიც ჩილეში განთავსებული ობსერვატორიების უფრო მოწინავე სპექტროგრაფიული ისნტრუმენტებიდან მოდის. ესენი გახლავთ: CHIRON-ი — ფიშერის ჯგუფის მიერ აგებული სპექტროგრაფი, HARPS-ი — ჟენევის ჯგუფის მიერ აგებული სპექტროგრაფი, UVES-ი — Very Large Telescope Array-ის ნაწილი.

„ჩვენი ინსტრუმენტების სიზუსტე ამ დრომდე საკმარისად კარგი არ იყო“, — ამბობს ფიშერი.

ალფა კენტავრის სისტემისთვის მკვლევრებმა შექმნეს ქსელის სისტემა, რომელსაც სპექტროგრაფიულ ანალიზებზე დაყრდნობით ჰკითხეს, „თუკი იქ, სასიცოცხლო ზონაში არსებობს პატარა, კლდოვანი პლანეტა, შეგვეძლება თუ არა მისი დაფიქსირება?“ ხშირად, პასუხი იყო „არა“.

ჟაომ, კვლევის პირველმა ავტორმა, განსაზღვრა, რომ ალფა კენტავრი A-ში მაინც შეიძლება მოძრაობდეს პლანეტები, რომელთა მასაც 50 დედამიწის მასაზე ნაკლებია.

ალფა კენტავრი B-ში შეიძლება მოძრაობდეს პლანეტები, რომელთა მასაც 8 დედამიწის მასაზე ნაკლებია.

რაც შეეხება პროქსიმა კენტავრის, მასთან შეიძლება მოძრაობდეს პლანეტები, რომელთა მასაც 1,5 დედამიწის მასაზე ნაკლებია.

გარდა ამისა, კვლევა გამორიცხავს უფრო დიდი პლანეტების არსებობის შესაძლებლობას. შესაბამისად, ჟაოს თქმით, თითქმის არაა იუპიტერის ზომის პლანეტების არსებობის შანსი, რომელთა მიერ ნატყორცნი ასტეროიდებიც პატარა, დედამიწის მსგავს პლანეტებს შეეჯახებოდნენ ან ორბიტას შეუცვლიდნენ.

„ეს გახლავთ ძალიან ახლებური კვლევა, რომელიც ხელახლა ამუშავებს არსებულ მონაცემებს და ახალ დასკვნებს დებს. მონაცემების განსხვავებული გზით გამოყენებით, ჩვენ გამოვრიცხეთ დიდი პლანეტების არსებობა, რომლებსაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან პატარა, სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტებს; გარდა ამისა, სამომავლო კვლევებისთვის დავავიწროვეთ ძებნის ზონა“, — ამბობს ჟაო.

მკვლევართა თქმით, ეს ახალი ინფორმაცია ასტრონომებს დაეხმარება თავიანთ ძალისხმევის პრიორიტეტიზაციაში, რათა ალფა კენტავრის სისტემაში ახალი პლანეტები აღმოაჩინონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სპექტროგრაფიული ტექნოლოგიების განვითარებისკენ მიმართული ფიშერისა და სხვა მკვლევრების ძალისხმევა მეცნიერებს დაეხმარება ეგზოპლანეტათა იდენტიფიკაციასა და შემადგენლობის გაგებაში.

კვლევა Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია yale.edu-ს მიხედვით