არსებობენ თუ არა არამიწიერი ცივილიზაციები? ძნელი სათქმელია. სამყარო უკიდეგანოდ დიდი და უძველესია, მასში ჩვენი კუთხე კი არაფრით არის განსაკუთრებული. თუკი სიცოცხლე აქ აღმოცენდა, სავარაუდოდ, კიდევ ბევრგან უნდა აღმოცენებულიყო.
ასეთია ფართოდ გავრცელებული ვარაუდი. გალაქტიკათა ხუთი სუპერგროვის გადაღმა რომ ერთი არქეის მსგავსი ორგანიზმის ნამარხი გვეპოვა, დავრწმუნდებოდით, რომ არამიწიერი სიცოცხლე მართლაც არსებობს. თუმცა, პოვნა ნამდვილად ძალიან ძნელია.
არამიწიერ ცივილიზაციათა მიყურადება
იქამდე, ვიდრე სხვა გალაქტიკებში პალეონტოლოგების გაგზავნას შევძლებთ, არამიწიერი სიცოცხლის ძებნის საუკეთესო გზაა სახლში დარჩენა და „ტექნოხელწერების“ ძებნა.
ზუსტად რა არის ეს ტექნოხელწერები? ზუსტად არც ვიცით, მაგრამ შეგვიძლია გვქონდეს კარგი ვარაუდები. მაგალითად, როდესაც კომუნიკაციისთვის რადიოტექნოლოგიებს ვიყენებთ, წარმოვქმნით სიგნალებს, რომლებიც ძლიერ განსხვავდება ენერგიის იმ ბუნებრივი სახისგან, რომელიც შეიძლება ვარსკვლავისგან მიიღო.
გონივრულია ვივარაუდოთ, რომ საკუთარი კომუნიკაციებისთვის არამიწიერი არსებებიც ამავეს აკეთებენ; შესაბამისად, ძირითადად ვეძებთ არაბუნებრივის მსგავს რადიოსიგნალებს შორეული კოსმოსის რომელიმე ფიქსირებული წერტილიდან.
რადიოზონდირება ან არაადამიანური წარმომავლობის ტექნოხელწერების დაფიქსირების ნებისმიერი სამეცნიერო მცდელობა ცნობილია ტერმინით „არამიწიერი გონიერი სიცოცხლის ძებნა“, აბრევიატურით SETI. ამ ძალისხმევას ძირითადად აწარმოებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არის SETI ინსტიტუტი და პროგრამა Breakthrough Listen. შეგროვებულ მონაცემთა ანალიზში გადამწყვეტ როლს მოყვარული მეცნიერები ასრულებენ.
სხვათა შორის, დაფიქსირებულია რამდენიმე კანდიდატიც, მაგრამ ჯერ არც ერთი მათგანი დადასტურებული არ არის.
არც არის გასაკვირი, რადგან სამყარო უკიდეგანო და უძველესია. საქმე ნიმუშის ზომაშია. როგორც ასტრონომი ჯილ ტარტერი აღნიშნავს, თუკი ოკეანიდან ჭიქით წყალს ამოიღებთ და მასში თევზის ძებნას დაიწყებთ, სავარაუდოდ ვერ იპოვით. რაც უფრო იზრდება ძებნის დრო და ტექნოლოგიებიც უმჯობესდება, უკეთესი ხდება პოვნის შანსებიც.
არიან თუ არა არამიწიერი ცივილიზაციები ახლომახლოს?
სავარაუდოდ, არა – იმავე მიზეზით, რომ სამყარო უკიდეგანოდ დიდი და უძველესია. აქ მოსასვლელად იმაზე მეტი ტექნოლოგიაა საჭირო, ვიდრე დედამიწა და იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე მთელ მზის სისტემას აქვს.
SETI-ს განხორციელება დედამიწიდან შესაძლებელია რადიო, ოპტიკური და გრავიტაციის ტალღების დაფიქსირებით. ცივილიზაციებს შორის შეტყობინებები შეიძლება გაიცვალოს ერთი და იმავე ტექნოლოგიით. მოგზაურობისთვის არც ისე ბევრი მიზეზი არსებობს. მაგრამ ძიება ნამდვილად ღირს. თუნდაც არამიწიერი ცივილიზაციები ვერ ვიპოვოთ, ვინ იცის, რამდენს ვისწავლით მათი ძებნით?
აქ ჩვენი პირველი გამოწვევაა მზის სისტემის ზომის განსაზღვრა. ნეპტუნი მზის გარშემო 30 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან მოძრაობს, ანუ 30 ჯერ უფრო შორიდან, ვიდრე დედამიწა მზის გარშემო. რეგიონი, რომელსაც ოორტის ღრუბელს უწოდებენ, შეიძლება მზისგან 100 000 ასტრონომიული ერთეულის მანძილზეც ვრცელდებოდეს. ამ მოცულობაში ძებნის სხვაობის ფაქტორი 37 მილიარდზე მეტია.
შედარებისათვის — თუ ნიუ-იორკში უცხოპლანეტელის პოვნა დაგავალეს, მაგრამ დაგავიწყდათ, გეკითხათ, ქალაქში თუ შტატში, სხვაობის ფაქტორი ძებნის ზონაში იქნებოდა მხოლოდ 180.
შემდეგი დიდი გამოწვევაა ფარულად მოქმედება — ფერმის პარადოქსის სპეციალური შემთხვევა. თუ აქ არიან, როგორც ჩანს, არამიწიერი არსებები ძლიერ არ ცდილობენ გამარჯობის თქმას. ასევე უცნობია, არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ მათი არტეფაქტები ინერტულია, სენსორები პასიური, ტექნოლოგიები ჩვენთვის დაუფიქსირებელი; ან იქნებ აქ საერთოდაც არ არიან.
პროექტი გალილეო
2021 წლის ივლისში, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ავი ლოებმა და ფრენკ ლაუკიენმა დააფუძნეს პროექტი, სახელად „გალილეო“ (Galileo Project). წარმოადგენს პირველ სამეცნიერო კვლევით პროგრამას, რომლის მიზანიც დედამიწის სიახლოვეს ასტრო-არქეოლოგიური არტეფაქტების ძებნაა. გონიერი არამიწიერი სიცოცხლის (ETI) ნაცვლად, ისინი ძირითადად იყენებენ ტერმინს არამიწიერი ტექნოლოგიური ცივილიზაციები (ETC) — რაც ძირითადად იგივეა, მაგრამ არამიწიერი არსებათა ტექნოლოგიების ადამიანური სტანდარტებით განსჯის გარეშე.
„გალილეოს“ ჯგუფი ძალიან თანმიმდევრული იყო უცხოპლანეტელების სტუმრობის შესახებ დისკურსში რაციონალური ტონის შემოტანაში. მაგალითად, პროექტმა საჯაროდ დადო პირობა, რომ გატესტავს მხოლოდ „ცნობილი ფიზიკის“ ჰიპოთეზებს და შეისწავლის მხოლოდ ახალ მონაცემებს.
პროექტის ერთადერთი მიზანია მონაცემების შეგროვება და დამუშავება მხოლოდ სანდო და კვლავწარმოებითი გზით, როგორც მონაცემების, ისე გატესტვადი დასკვნების საჯაროდ გამოქვეყნებით. მეცნიერებისათვის ეს ყველაფერი ნორმალური და მოსალოდნელია, მაგრამ ვინმე ისეთისთვის, რომელსაც ნამდვილად აინტერესებს უძველესი შესაძლო არამიწიერი არსებები, პროექტი გალილეო ნამდვილი სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაა.
პროექტ გალილეოს სამი ძირითადი ექსპერიმენტული ამოცანა აქვს:
- გაურკვეველი საჰაერო ფენომენების (UAP) გადაღება ინფრაწითელ, რადიო და ოპტიკურ ტალღის სიგრძეებში და აუდიომონაცემების ჩაწერა. ჯგუფმა დააპროექტა, ააგო და გაუშვა დაკვირვებების საკუთარი აღჭურვილობა და ხელოვნური ინტელექტი ამ მონაცემთა შეგროვებისა და ინტერპეტირებისთვის. ამ ეტაპზე, ინსტრუმენტთა კრებული კალიბრაციას და შემოწმებას გადის და სრული დატვირთვით მოქმედებას უახლოეს რამდენიმე თვეში დაიწყებს.
- მომავალში მზის სისტემაში შემოსულ ოუმუამუას მსგავს ვარსკვლავთშორის ობიექტებთან (ISO) შეხვედრა; პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი დოლარია. დედამიწასთან შეჯახებული ვარსკვლავთშორისი ობიექტების ფრაგმენტების აღმოჩენა; ერთ-ერთი ასეთი კოსმოსური ქვა იყო CNEOS 2014-01-08, რომელიც პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროზე ჩამოვარდა. ამ ეტაპზე, ექსპედიცია სრულად დაფინანსებულია და დაწყებულია სპეციალური მოწყობილობების წარმოება.
- დედამიწის გარშემო მოძრავი პოტენციურად არამიწიერი ცივილიზაციების თანამგზავრების ძებნა ვერა რუბინის ობსერვატორიით, რომელიც 2023 წელს გაეშვება. ეს კი მოითხოვს მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, რათა მოხერხდეს ძლიერ პატარა და სწრაფად მოძრავ ობიექტთა დაფიქსირება სავარაუდოდ არარეგულარულ ორბიტაზე. ხელოვნური ინტელექტი ადამიანთა თანამგზავრების მონაცემებში ასევე მოძებნის შესაძლო ახლომახლო არამიწიერ ცივილიზაციათა ტექნოხელწერებს.
ფიზიკურ არტეფაქტებზე ფოკუსირება SETI-ს ახალი სტრატეგიაა, მაგრამ ლოები და ლაუკიენი ოპტიმისტურად არიან განწყობილი. მათი თქმით, არტეფაქტები უდავოდ გაცილებით ხანმოკლე არსებობისაა, ვიდრე რადიოსიგნალები.
მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის დაფიქსირება ტექნიკურად უფრო რთული შეიძლება იყოს, ვიდრე სიგნალის, ობიექტი აღარ განმეორდება, თუ პირველ ჯერზე გამოგრჩა. ამას გარდა, სინათლისგან განსხვავებით, გალაქტიკაში არსებულ ფიზიკურ ობიექტთა უმეტესობა მასთან გრავიტაციულად არის მიბმული. შედეგად, ფიზიკური ობიექტის დაფიქსირებისთვის დრო ნაკლებად კრიტიკულია.
#StartupLife
SETI-ს ყოველი ძალისხმევის მსგავსად, პროექტ გალილეოს უმეტესი რამის გაკეთება იმით მოუწევს, რაც ხელთ გვაქვს. ამჟამინდელ მდგომარეობაში, პროექტს არ შეუძლია მაგნიტური ანომალიის დაფიქსირება მთვარეზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, პლანეტა X-ზე კაცობრიობისთვის დატოვებულ დროის კაფსულაზე (ასეთი ჯერ არ აღმოგვიჩენია, მაგრამ არსებობა სავარაუდოა). თუმცა, მოქმედებაში მყოფი ექსპერიმენტული ამოცანები წარმოაჩენს სამ ეკონომიურ გზას იმ სამი გონივრული ვარაუდის საკვლევად, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს არამიწიერ ცივილიზაციათა ვიზიტი.
როგორც ლოები წერს, დედააზრი ის არის, რომ „არაჩვეულებრივი მტკიცებულებების“ არქონა ხშირად თვითმიყენებული იგნორირებაა. პროექტი გალილეო არ შეისწავლის ისეთ ტრივიალურ რამეებს, როგორებიც არის შავი გედები ან კვადრატული ხეები; ის მიუკერძოებლად, ახლებურად სვამს კაცობრიობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კითხვას „ვართ თუ არა მარტონი?“
მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.