დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 თებერვლისთვის გადაიდო.
ამის მიზეზი გახდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, გარკვეული დრო მიეცათ პროკურატურის მიერ წარდგენილი პოზიციის გასაცნობად.
„არ ვეთანხმებით პროკურატურის შუამდგომლობას ჩაბუქის ექსტრადირებასთან დაკავშირებით მრავალი მიზეზის გამო. მათ შორის იმიტომ, რომ არ არის მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, თურქეთში ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. საერთოდ არაა მოხსენიებული ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლითაც უარყოფითად არის დაშვებული თავად ის მუხლი, რომლითაც ბრალი აქვს წარდგენილი ჩაბუქს.
ვენეციის კომისიამ ჩათვალა, რომ ეს მუხლი მასობრივად არის გამოყენებული ადამიანის უფლებათა უკანონო დევნისთვის. საერთოდ არ იქნა ნახსენები, რომ მუქარას აქვს ადგილი ჩაბუქის ოჯახის წევრების მიმართ.
წარმოდგენილია სახალხო დამცველის ვრცელი მოსაზრება სასამართლო მეგობრის, არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო გადაიდო სხდომა 19 თებერვლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება პროკურატურის შუამდგომლობა ექსტრადირებასთან დაკავშირებით, გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.
დღევანდელი პროცესის შემდეგ, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ ტუბა ჩაბუქმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, მოსამართლე საქმეს დეტალურად შეისწავლის.
„დღევანდელ სხდომაზე მოსამართლის ყურადღება ძალიან მომეწონა. ძალიან ყურადღებით დააკვირდა ჩვენს პროცესს. გაითვალისწინა ჩვენი ადვოკატების შუამდგომლობა. პროცესი გადადო 19 თებერვლისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ კარგად შეისწავლის საქმეს და გასაგები იქნება, რაშია საქმე და უკვე 24 თებერვლისთვის ჩვენი ოჯახი შეერთდება“, – განაცხადა ტუბა ჩაბუქმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ძებნილი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მისი დაკავება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციისა და „საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად მოხდა.
„ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, განიხილონ სისხლის სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ ძებნილ პირთა ექსტრადიციის საკითხები და შემაფერხებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში ერთმანეთს გადასცენ ისინი“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
საექსტრადიციო პროცედურების პარალელურად, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობდა საქმის წარმოება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა მას ხსენებული სტატუსის მინიჭებაზე ეთქვა უარი, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებებით.