მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის ერთ-ერთი მიმართულება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივებაა
საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის ერთ-ერთი მიმართულება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ, ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით, ვაჭრობის გაფართოებასა და გამარტივებას ითვალისწინებს.
ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სამშვიდობო ინიციატივის პირველი მიმართულება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივებაა. პრემიერის თქმით, შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.
ამასთან, პრემიერის თქმით, მეორე მიმართულებაა ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა, წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ერთად გაერთიანებულ საქართველოში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობის პროცესში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკანონდებლო პაკეტის მესამე მიმართულება კი, პრემიერის თქმით, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც საქართველოს განვითარების შედეგად, ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა. მათ შორის საუბარია უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის უფლებას შესახებ.
„საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერის თქმით, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პირველ რიგში, ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია.