პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას  
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას  

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას  – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.

„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ინიციატივების პაკეტს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის –  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”. ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას, გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობას და მოსახლეობას საშუალებას მისცეს ისარგებლონ საქართველოს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სხვა შესაძლებლობებით. ეს ოფიციალური თბილისის მიერ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი რეინტეგრაციის პროცესში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში და ასევე, აღნიშნულია, რომ პოლონეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში.

მიმდინარე წლის 4 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა. ინიციატივა სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.