ეკა ბესელია - ახალ სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიების პროცესში ახალი ეტაპია
ეკა ბესელია - ახალ სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიების პროცესში ახალი ეტაპია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი ძალიან რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიების პროცესში ახალი ეტაპია.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, საკანონმდებლო პაკეტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი გზავნილი, მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვან შეთავაზებას გულისხმობს. ეს იმ სიკეთითა და სერვისებით სარგებლობაა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ერთიან სივრცეში თანაცხოვრებისთვის არის მიმართული. ეს ახალი პროცედურებია როგორც განათლების, სავაჭრო ურთიერთობების სფეროებში, ასევე მოქალაქეობისა და პირადობის რეგისტრაციის თაობაზე. მიხარია, რომ ინიციატივას ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი გამოეხმაურება და ყველა ჩვენი მოკავშირე მიესალმა. ინიციატივა მიიჩნიეს, როგორც ახალი ეტაპი ძალიან რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიების პროცესში, ასევე როგორც შეთავაზება, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს“, – განაცხადა ბესელიამ.