ჰანს-იოაკიმ დაერი - გერმანია მიესალმება საქართველოს მთავრობის მზაობას, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის პრაგმატული ნაბიჯები გადადგას
ჰანს-იოაკიმ დაერი - გერმანია მიესალმება საქართველოს მთავრობის მზაობას, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის პრაგმატული ნაბიჯები გადადგას

დარწმუნებული იყავით გერმანიის მხარდაჭერაში სამშვიდობო მიზნების განსახორციელებლად – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენელმა, გაერო-ში გერმანიის ელჩმა ჰანს-იოაკიმ დაერმა საქართველოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, გერმანია მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

„გერმანია მიესალმება საქართველოს მთავრობის მზაობას, გადადგას პრაგმატული ნაბიჯები ხალხთა შორის კონტაქტების გამყარებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის საფუძვლის შესაქმნელად.

საქართველოს მთავრობის შეთავაზებათა პაკეტი ითვალისწინებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და განათლებაზე ხელმისაწვდომობას. დარწმუნებული იყავით ჩვენს მხარდაჭერაში ამ მიზნების განსახორციელებლად“, – განაცხადა დაერმა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოზიცია და დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. შეთანხმებების გაფორმება, ისევე როგორც სამხედრო შენაერთებისა და საბაჟო სამსახურების გაერთიანება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა.

გერმანელი დიპლომატის განცხადებით ეს ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.

„აუცილებელია, აღნიშნულ რეგიონებში დაშვებული იქნან საერთაშორისო მონიტორები და ადგილზე გაეცნონ სიტუაციას. მოვუწოდებთ ამ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუშვას აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ინსტიტუტები“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, გერმანია იდგება საქართველოს გვერდით ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზაზე.