მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ში საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე ისაუბრა
მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ში საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე ისაუბრა

​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ში საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხევდრაში High level meeting on peacebuilding and sustaining peace და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფისა და შენარჩუნების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევასა და ერთობლივ პასუხისმგებლობაზე.

მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია.

„გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტოს გამოყენების შედეგად საქართველოში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის მანდატის შეწყვეტამ და ასევე 2008 წელს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შემდეგ ეუთო-ს მისიის შეწყვეტამ, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნა საერთაშორისო ვაკუუმი, სადაც თვითნებური დაკავება, გატაცება და მკვლელობა ნორმად იქცა“, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს არაერთი რეზოლუციისა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არ დაიშვება საერთაშორისო სამშვიდობო მონიტორინგის მისიები, არ სრულდება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ადგილზე უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა, ყოველდღიურად ილახება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის ადგილი აქვს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს.

„ერთი თვის წინ საქართველოს მოქალაქე – იძულებით გადაადგილებული პირი არჩილ ტატუნაშვილი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, დაკავებული და მოკლულ იქნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის რეგიონში – დამნაშავე აქამდე თავისუფალია. მანამდე, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე ასევე ადგილი ჰქონდა კიდევ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის – გიგა ოთხოზორიას  მკვლელობას – ამ შემთხვევაშიც დამნაშავე თავისუფალია.

ასიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს არ ეძლევა საშუალება, დაბრუნდეს საკუთარ სახლში, ხოლო ისინი ვინც ადგილზე დარჩნენ, დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან და ილახება მათი ფუნდამენტური უფლებები“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

ამ კონტექსტში მან ისაუბრა მშვიდობის შენარჩუნებისთვის სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ „გრძელვადიანი და მდგარი მშვიდობის მიღწევა სამართლის ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინების გარეშე თითქმის შეუძლებელია“.

გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე პოზიცია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მხარდაჭერისათვის.

მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ და საერთაშორისო თანამეგობრობას გააცნო აღნიშნული ინიციატივის ძირითადი პრინციპები, რაც მოესახურება გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებას და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამემამულეებისათვის იმ შესაძლებლობების გახსნას, რაც საქართველომ რეფორმების და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიიღო.

„მიუხედავად ყველა პროვოკაციისა და ბარიერისა, საქართველოს მთავრობა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებს გაბედულ ქმედებებს გამყოფი ხაზების გასწვრივ ნდობის აღდგენის, ეკონომიკური კავშირების და ადამიანებს შორის კონტაქტების გასაუმჯობესებლად.

ეს არის ამბიციური ინიციატივა და საქართველოს მთავრობა მის პოლიტიზებას არ ახდენს. ჩვენ ვაფასებთ ამ ინიციატივისადმი საერთაშორისო საზოგადოების გამოხატულ მხარდაჭერას და ამ პროცესში თქვენი აქტიური ჩართულობის იმედი გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გამოსვლის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე მშიდობისმყოფელებს გაწეული საქმიანობისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, გააგრძელოს ძალისხმევა მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად.