ნილს სკოტი - საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა შეუმსუბუქებს მდგომარეობას ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტით დაზარალდნენ
ნილს სკოტი - საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა შეუმსუბუქებს მდგომარეობას ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტით დაზარალდნენ

გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ინიციატივა კონფლიქტით დაზარალებულ მოქალაქეებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს.

ამის შესახებ ნილს სკოტმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„გაერო მოხარულია ამ პროექტით, რადგან პირველ რიგში, იგი შეუმსუბუქებს მდგომარეობას იმ ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტით დაზარალდნენ. ახლა მთავარი საკითხი ისაა, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც შეუძლიათ ამ სიკეთეებით სარგებლობა, იცოდნენ პროექტის შესახებ. ეს უნდა აიხსნას, რომ დაიწყოს ამ შესაძლებლობების გამოყენება განათლებისა თუ ვაჭრობის მიმართულებით. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვაინტერესებს ყველა დეტალი. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე ინიციატივის განხორციელება იქნება“, – განაცხადა ნილს სკოტმა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრი დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა  – უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.

 

დატოვე კომენტარი