მსოფლიოს იმასაც ვერ ეუბნებიან, რომ ომი დაიწყეს - არველაძე უკრაინას თანაუგრძნობს #1TVSPORT
მსოფლიოს იმასაც ვერ ეუბნებიან, რომ ომი დაიწყეს - არველაძე უკრაინას თანაუგრძნობს #1TVSPORT

საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო, საქართველოს ნაკრების, „აიაქსისა“ და „რეინჯერსის“ ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე იყო.

ქართველი მწვრთნელი, რომელიც ახლა „ჰალ სიტის“ ხელმძღვანელობს, ამაზე არ შეჩერებულა და უკრაინის პრობლემებზე ყურადღების მიქცევას ყველანაირად ცდილობს. მან გამოცემა football24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის უბედურებას საკუთარ უბედურებად აღიქვამს.

„ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ყველაფერი, რაც ხდება მსოფლიოში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ. თუ ისტორიაში ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ეს ომი არ დაწყებულა არც 24 თებერვალს და არც 2008 წელს, როგორც საქართველოს შემთხვევაში. ეს დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ, მრავალი ათეული წლის წინ. 24 თებერვალი მხოლოდ ახალი ეტაპია. იგრძნობოდა, რომ ადრე თუ გვიან შეტევა მოხდებოდა.

– უკრაინაში განვითარებული მოვლენები მაწუხებს, ვკითხულობ და მაინტერესებს. ჩვენთვის სამყარო მნიშვნელოვანია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ვცდილობ გავიგო რატომ ხდება ეს ყველაფერი? ვიღაც თავს მშვიდობიანი ქვეყნის დაბომბვის უფლებას აძლევს. ის შენ არ გეკუთვნის და არასოდეს გეკუთვნოდა. და შემდეგ ზოგს უკვირს, რომ არ უყვართ და პატივს არ სცემენ. ბავშვობაში მასწავლიდნენ, არასოდეს შეეხო სხვისას. მე მეზობლის ალუბალს არ ვჭამდი, შენ კი სხვას სისხლს, სიცოცხლეს ართმევ.

– საქართველოს მთელი ისტორია ომებისგან შედგება. თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ გმირები არ გვჭირდება. თუ გჭირდება, მაშინ რაღაც ცუდადაა. შვეიცარია გმირების გარეშე ცხოვრობს, აშენებს სახელმწიფოს და ეკონომიკას. ან დღევანდელი გერმანია. ჰყავთ სხვა გმირები – აინშტაინი, გოეთე, ფილოსოფოსები, მწერლები. ან იგივე სკანდინავიელები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ბრილიანტად აქცევენ. ისინი მშვიდად ცხოვრობენ და ზრუნავენ თავიანთ კეთილდღეობაზე. განა არ შეიძლება ასე ცხოვრება? ნუ იგონებ ლეგენდებს და ნუ იწყებ ომს.

– მოხარული ვიქნები, უკრაინას გმირები რომ არ დასჭირდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება გმირები. უკრაინა გმირი ქვეყანაა და სამშობლოსთვის იბრძვის. და არა მარტო სამშობლოსათვის. უკრაინა თავისუფლებას სხვებსაც აძლევს. მტკივა ამის ყურება, მაგრამ მიხარია, რომ არის ასეთი ერი, რომელსაც ასეთი ბრძოლა შეუძლია.

– ვიცი, რა რთულია ახლა უკრაინელი ფეხბურთელებისთვის – 2008 წელს მეც მთელი მსოფლიოდან მირეკავდნენ. ამსტერდამში ვცხოვრობდი, საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ იქ დარჩნენ ჩემი შვილები, მშობლები და ძმები. ამიტომ, როგორც არავის, მესმის, რას გრძნობს ყველა უკრაინელი. ჩვენც დაგვბომბეს, თვითმფრინავებიდან ისროდნენ, ქალაქები დაინგრა, ქვეყნის 25% ოკუპირებულია. მე შემიძლია მხოლოდ ვისურვო, რომ ომი დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად და თქვენ გაიმარჯვოთ. მთელი საქართველო ძალიან ღელავს უკრაინაზე, მიჭირს ამაზე საუბარი და მხოლოდ გვერდიდან ყურება.

– 2010 წელს დიკ ადვოკაატმა მიმიწვია რუსეთში სამუშაოდ და უარი ვთქვი. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში არ წავედი. ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებდი. არის რაღაცეები, რასაც უბრალოდ არ აკეთებ. ყველა ისე იქცევა, როგორც გული ეუბნება. ეს არ არის გმირობა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა საკუთარ თავს ეუბნები: „არა, ამას არ გავაკეთებ“.

– უკრაინის ნაკრებთან არაერთხელ მითამაშია. რა დამამახსოვრდა ყველაზე მეტად უკრაინაში სტუმრობისას? მახსოვს, 2004 წელს ლვოვში 0:2 დავმარცხდით. ლვოვმა გამაკვირვა. თამაშის დაწყებამდე ქალაქის ქუჩებში ვიარეთ და ადგილობრივებისგან მხოლოდ უკრაინული მესმოდა. ადრე კიევში ვიყავი და შევამჩნიე, რომ იქ ბევრი რუსულად საუბრობდა.

– ინგლისში თითქმის დილიდან საღამომდე საუბრობენ უკრაინის მოვლენებზე. ყველა ადამიანს საერთო ხედვა აქვს – სხვისისას არ უნდა შეეხო, მაგრამ რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, რასაც უკრაინაში აკეთებენ, „ომი“ უწოდონ. რა სპეცოპერაცია? ორი ან სამი თვის სპეცოპერაცია არ არსებობს. ოპერაცია მაქსიმუმ ერთი ან ორი საათი გრძელდება, მაქსიმუმ -24 საათი. და აქ თვეები გრძელდება. მსოფლიოს ვერც ეუბნებიან, რომ ომი დაიწყეს. ეს ყველაზე ცუდია. იყავი გულწრფელი, თუ ასეთი მაგარი ხარ.

– ბიძაჩემმა, ვახტანგ კიკაბიძემ დიდი ხნის წინ თქვა უარი იმ ჯილდოებზე, რომლებიც მას რუსეთში გადასცეს. მან ასევე უარი თქვა მოსკოვში გამგზავრებაზე და მრავალი წელია მათ აიგნორებს. ეს არის ადამიანი, რომელსაც წარსულიდან ბევრი რამ ახსოვს: ცუდიც და კარგიც. ალბათ, პოზიტიურ საბჭოთა პერიოდს ეკუთვნის თეატრის, მუსიკისა და კინოს სფეროს ადამიანების ურთიერთობის კულტურა. მაგალითად, ავიღოთ ლეა ახეჯაკოვა, რომელიც გამოდის და საჯაროდ აკრიტიკებს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, საქართველოში ამის გაკეთება უფრო ადვილია. კიკაბიძე საქართველოს ხელისუფლებასაც აკრიტიკებს. როგორც ვიცი, ის თქვენი პრეზიდენტის ახლო მეგობარია, ყოველთვის სიამოვნებით ჩამოდის კიევში.

– ვიცი, რომ უკრაინელი ხალხი გააგრძელებს ბრძოლას. თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ ამ ომში რაღაც ნაწილი, განიცადოთ მცირე მარცხი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ გაიმარჯვებთ. ხალხს, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და მიწა, ვერ წააგებს. თქვენ ხართ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა. კიევი ათას წელზე მეტისაა და დიდი მემკვიდრეობა აქვს. ჩემთვის მისი სიმბოლო კიევ-პეჩერსკის ლავრაა. ეს ისეთივე სიწმინდეა, როგორც საქართველოში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვარი და გელათის მონასტერი.

– უბრალოდ იცოდეთ, რომ თქვენთ ქართველები მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ. ვისურვებდი, რომ ომი არ იყოს. ჩვენ ყველა ვლოცულობთ უკრაინისთვის. თბილისში რუსთაველის გამზირზე სისტემატურად იმართება აქციები. ეს არის რიგითი ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ვიღებთ ლტოლვილებს, მივესალმებით ყველას, ჩვენ თქვენთან მოდის. თუმცა ვისურვებდი, რომ ჩვენთან უკრაინელი ტურისტად ჩამოვიდეს და მშვიდად იცხოვროს საკუთარ ქვეყანაში. ღმერთი იყოს თქვენთან. ყველა უკრაინელს ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ძალასა და მოთმინებას“.