მონტე კარლოს „მასტერსზე“ ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა
მონტე კარლოს „მასტერსზე“ ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა

ნოვაკ ჯოკოვიჩის მსგავსად, ძალიან იოლად გააღწია მონტე კარლოს „მასტერსის“ მეოთხედფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა, რომელიც ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს ხვდებოდა.

ნადალს მხოლოდ ერთი ჩავარდნა ჰქონდა მატჩში, როცა პირველი სეტის მეშვიდე გეიმში დიმიტროვმა ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო და შეძლო შანსის გამოყენება. ეს იყო ერთადერთი ბრეიკი, რომელიც ბულგარელს მატჩში ჰქონდა. ამ ბრეიკით მან სეტში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, მეათე გეიმში ნადალმა ისევ აიღო მეტოქის მოწოდება და სეტის თავის სასარგებლოდ გაიფორმა.

მეორე სეტში ბრეიკ-პოინტები მხოლოდ ესპანელს ჰქონდა – მან მეტოქის სამიდან ორი გეიმი მოიგო და საათსა და 34 წუთში 6:4, 6:1 გაიმარჯვა. ეს იყო ამ ჩოგბურთელთა რიგით მე-13 შეხვედრა და ნადალი წინ არის – 12:1.

მერვედფინალურ ეტაპს უსენსაციოდ არ ჩაუვლია – ორ-ორ სეტში წააგეს თავიანთი შეხვედრები ალექსანდრ ზვერევმა და დომინიკ ტიმმა. გერმანელი 6:7(6), 1:6 დამარცხდა ფაბიო ფონინისთან, ტიმმა კი 3:6 3:6 წააგო დუშან ლაიოვიჩთან.

მონტე კარლოს „მასტერსის“ მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

ნოვაკ ჯოკოვიჩი (1)-დანილ მედვედევი (10);
დუშან ლაიოვიჩი-ლორენცო მონეგო;
ბორნა ჩორიჩი (9)-ფაბიო ფონინი (13);
გვიდო პეია-რაფაელ ნადალი (2).