ირანის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშშ-ში გასამგზავრებლად საჭირო ვიზები უკვე მიიღო, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ხუთშაბათს ღამით, მექსიკაში ირანის ელჩი აბოლფაზლ პასანდიდეჰი აცხადებდა, რომ ვიზების საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელი იყო, თუმცა, როგორც ირკვევა, დოკუმენტები სწორედ ღამის განმავლობაში გაიცა.
სავიზო შეფერხებებისა და ირანში არსებული პოზიციის გამო, რომ ნაკრებს აშშ-ის ტერიტორიაზე რაც შეიძლება მცირე დრო უნდა გაეტარებინა, გუნდის საწვრთნელი ბაზა ბოლო წუთს არიზონის შტატიდან მექსიკის ქალაქ ტიხუანაში გადაიტანეს. წინასწარი გეგმის მიხედვით, ფეხბურთელები ტიხუანაში კვირას, 7 ივნისს ჩავლენ.
მართალია, ვიზები უკვე გაიცა, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჯერ კიდევ სამშაბათს აღნიშნა: ვაშინგტონი არ დაუშვებს მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის დელეგაციის იმ წევრების ჩასვლას, რომლებსაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ აქვთ კავშირი. აღნიშნულმა შეზღუდვამ, დიდი ალბათობით, შესაძლოა პრობლემა შეუქმნას ირანელი ფეხბურთელების გარკვეულ ნაწილს, რადგან მათ სავალდებულო სამხედრო სამსახური სწორედ ამ ფორმირებაში აქვთ მოხდილი.
ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში იასპარეზებს. ამ ნაკრების მეტოქეები ახალი ზელანდია, ბელგია და ეგვიპტე იქნებიან. ირანი პირველ მატჩს 15 ივნისს ლოს ანჯელესში ახალ ზელანდიასთან გამართავს.