მკვლევრებმა დედამიწის ზედაპირის ყველაზე ცხელი ადგილი გამოავლინეს — #1tvმეცნიერება
მკვლევრებმა დედამიწის ზედაპირის ყველაზე ცხელი ადგილი გამოავლინეს — #1tvმეცნიერება

კალიფორნიაში მდებარე სიკვდილის ველს ხშირად დედამიწის ყველაზე ცხელ ადგილად მიიჩნევენ. ტემპერატურა იქ რეკორდულ ნიშნულს, 56,7 გრადუს ცელსიუსს აღწევს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ჰაერის ტემპერატურაა.

დედამიწის ზედაპირის ყველაზე ექსტრემალური ტემპერატურების ახალი კვლევის მიხედვით, ყველაზე ცხელი ზედაპირი ირანის დაშთე-ლუთის და ჩრდილოეთ ამერიკის სონორის უდაბნოშია.

გასული ოცი წლის განმავლობაში შეგროვებული მაღალი რეზოლუციის თანამგზავრული მონაცემების მიხედვით, ამ ორი რეგიონის მიწისპირი ხშირად წარმოუდგენლად ცხელდება, 80,8 გრადუს ცელსიუსამდე.

ხმელეთის ზედაპირის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაშთე-ლუთის უდაბნოშია. 2002-2019 წლებს შორის, ამ ქვიშიან უდაბნოში ექსტრემალური ტემპერატურები ფიქსირდებოდა; ამის მიზეზი კი ის არის, რომ ის მოქცეულია მთის ქედებს შორის, რომელიც ცხელ ჰაერს დიუნებს მაღლა ამწყვდევს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც შავი ვულკანური ქანებია.

ეს კვლევა ეთანხმება 2011 წელს ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, დაშთე-ლუთის უდაბნო დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილია.

2004-დან 2007 წლამდე და შემდეგ 2009 წელს, ამ ქვიშაში უმაღლესი ზედაპირის ტემპერატურა დაფიქსირდა დედამიწაზე. ამ კვლევის მონაცემების მიხედვით, 2005 წელს რეგიონში ტემპერატურამ 70,7 °C-ს მიაღწია.

პირველი ანალიზის შემდეგ, NASA-მ თავის თანამგზავრული პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია გაუშვა, რომელიც დედამიწაზე ხმელეთის ტემპერატურებს უკეთესად აფიქსირებს. მკვლევართა განცხადებით, განახლებული პროგრამა მიუთითებს, რომ დაშთე-ლუთში ტემპერატურა სინამდვილეში 10 გრადუსით უფრო მაღალია, ვიდრე გვეგონა.

ასეთივე უკიდურესად მაღალ ნიშნულამდე ადის ტემპერატურა აშშ-სა და მექსიკის საზღვარს შორის მოქცეულ სონორის უდაბნოშიც, მაგრამ არც ისე ხშირად, როგორც დაშთე-ლუთში.

ვინაიდან სონორა მთებით არის გარშემორტყმული, ამ არიდულ აუზში სიცხე ადვილად ემწყვდევა, რაც ჯერ ატმოსფერულ ტემპერატურას ზრდის, შემდეგ კი ხმელეთისას.

უცნობია, რა წვლილი შეაქვს ასეთ ექსტრემალურ ტემპერატურებში კლიმატის ცვლილებას, მაგრამ თანამგზავრების მიერ დაფიქსირებული უცხელესი დღეები უფრო ბოლო წლებში იყო, განსაკუთრებით ლა-ნინიას დროს. ლა-ნინია არის კლიმატის რყევა, რომელსაც გლობალური დათბობა იწვევს.

„მიუხედავად იმისა, რომ ანთროპოგენული გამონაბოლქვისადმი ატმოსფეროს საპასუხო ქცევა კარგად არის შესწავლილი, დიდწილად გაურკვეველია ამ მხრივ ხმელეთის ზედაპირის პასუხი“, — წერენ ავტორები.

გარდა იმისა, რომ დედამიწაზე ყველაზე ცხელი ხმელეთი იპოვა, ახალმა ანალიზებმა ასევე შეძლო ყველაზე ცივი ადგილის გამოვლენაც. ეს ტიტული ანტარქტიდას ეკუთვნის -110,9 °C, რაც 20 გრადუსით დაბალია, ვიდრე წინა შეფასებებით მიღებული მაჩვენებელი.

დედამიწის ამ ნაწილში მზის სინათლე სუსტად აღწევს, სხივების დიდ ნაწილს კი თოვლი და ყინული უკან, ატმოსფეროში ირეკლავს. ანტარქტიდის ზედაპირის ტემპერატურას ამცირებს ძლიერი ქარები და დაბალი წნევის სისტემაც.

კვლევა Bulletin of the American Meteorological Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.