უდაბნოებიდან გავრცელებული მტვერი გლობალური დათბობის რეალურ მასშტაბს ნიღბავს — #1tvმეცნიერება
მე-19 საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ, დედამიწაზე ქარიშხლების სიხშირემ საგრძნობლად მოიმატა. ქარს სულ უფრო და უფრო მეტი ქვიშა ააქვს უდაბნოებიდან ატმოსფეროში. ახალი მონაცემების მიხედვით, ატმოსფეროში ასული ქვიშა ამჟამად მიმდინარე გლობალურ დათბობას რვა პროცენტით ნიღბავს.
თანამგზავრული მონაცემებისა და ხმელეთზე ჩატარებული გაზომვების გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 1850 წლის შემდეგ, ჰაერში სტაბილურად იზრდება მიკროსკოპული ნაწილაკების რაოდენობა. ყინულის ნიმუშებში, ოკეანის დანალექებსა და ტორფის ჭაობებში არსებული მიწის მტვერი აჩვენებს, რომ ატმოსფეროში მინერალური მტვრის დონე ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 55 პროცენტით გაიზარდა.
ეს ნაწილაკები მზის სინათლეს უკან, კოსმოსში აირეკლავენ და ხელს უშლიან მაღლა ღრუბლების წარმოქმნას, რომლებიც დაბლა სითბოს საბანივით ეფარებიან; ამავე დროს, მტვრის ამ ნაწილაკებს აქვს ზოგადი გაციების ეფექტი, რითაც არსებითად ნიღბავს ამჟამად ატმოსფეროში არსებული ჭარბი სითბოს რეალურ მასშტაბს.
ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ატმოსფეროს ფიზიკოსი ჯასპერ კოკი განმარტავს, რომ ამ ოდენობის მტვერი დათბობას დაახლოებით 0,1 გრადუსი ფარენჰაიტით ამცირებს. მტვრის გარეშე, ამჟამინდელი გლობალური დათბობის მაჩვენებელი 1,2 გრადუსი ცელსიუსი იქნებოდა.
„დავადგინეთ, რომ ჰაერში უდაბნოს მტვრის რაოდენობა გაიზარდა და დიდი ალბათობით, ის ოდნავ ეწინააღმდეგება სათბურის ეფექტით დათბობას, ეს მექანიზმი კი კლიმატის ამჟამინდელ მოდელებს აკლია. მტვრის რაოდენობის ზრდა არც ისე დიდ გაგრილებას იწვევს, კლიმატური მოდელები რეალობასთან მაინც ახლოს არის, მაგრამ ჩვენი აღმოჩენა მიუთითებს, რომ მხოლოდ სათბურის აირები იმაზე მეტად უნდა იწვევდეს კლიმატის გათბობას, ვიდრე მოდელები ამჟამად პროგნოზირებს“, — ამბობს კოკი.
მაღალი სიჩქარის ქარი, მშრალი ნიადაგი და ცვლილებები მიწათსარგებლობაში — ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენს ატმოსფეროში ასული მტვრის რაოდენობაზე. ამ მტვრის გარკვეული ნაწილი შემდეგ ოკეანეებში ცვივა, რაც მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, მაგალითად, რკინას აწვდის პლანქტონს, რომელიც გამრავლებასთან ერთად, ამცირებს ნახშირბადის რაოდენობას.
უდაბნოს მტვრის ეს რთული ციკლი კლიმატურ მოდელებში ჯერ არ არის ჩართული; უცნობია, გაიზრდება თუ შემცირდება ჰაერში უდაბნოს ნაწილაკების რაოდენობა მომავალში.
„უდაბნოს მტვრის დამატებით, რომელზეც მოდის ატმოსფეროში არსებულ ნაწილაკთა ნახევარზე მეტი, შეგვიძლია გავზარდოთ კლიმატურ მოდელთა პროგნოზირების სიზუსტე. ამას კი უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რადგან უკეთეს პროგნოზირებას დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, კლიმატის ცვლილების ეფექტების შესამსუბუქებლად“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ატმოსფეროს ფიზიკოსი ჯასპერ კოკი.
კვლევა Nature Reviews Earth and Environment-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ucla.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.