2100 წლისთვის, დედამიწის მყინვართა ნახევარი გაქრება, მაგრამ დანარჩენების გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
2100 წლისთვის, დედამიწის მყინვართა ნახევარი გაქრება, მაგრამ დანარჩენების გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

კლიმატის ცვლილების გამო, დედამიწის მყინვარების ნახევარი, განსაკუთრებით კი პატარები, საუკუნის ბოლოსთვის აღარ იარსებებს, მაგრამ გლობალური დათბობის შეზღუდვით, დანარჩენთა გადარჩენა შესაძლებელია. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ეს კვლევა მსოფლიოს 215 000 მყინვარის მომავლის ყველაზე სრულყოფილ მიმოხილვას გვთავაზობს.

ავტორები ხაზს უსვამენ სათბურის აირების გამოყოფის შემცირების მნიშვნელობას მყინვართა დნობის შედეგების შესამსუბუქებლად, მაგალითად, ზღვის დონის მატების და წყლის რესურსების გამოლევის.

კვლევის ერთ-ერთი მიზანი პოლიტიკის შემოქმედთათვის ორიენტირებაში დახმარებაა. მეცნიერებმა შეისწავლეს ოთხი სხვადასხვა სცენარის გავლენა მყინვარებზე; ერთ სცენარში საშუალო გლობალური ტემპერატურა 1,5 გრადუსი ცელსიუსით იმატებს, მეორეში 2 გრადუსით, მესამეში 3 გრადუსით და მეოთხეში 4 გრადუსით.

„ყოველი გრადუსით მატება განაპირობებს მეტ დნობას და დანაკარგს. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ თუ ტემპერატურის მატებას შეამცირებ, ასევე შეგიძლია მასის დანაკარგის შემცირება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ცოტა იმედი მაინც არსებობს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ოსლოს უნივერსიტეტის მკვლევარი რეჯინ ჰოკი.

თუკი გლობალური ტემპერატურა ინდუსტრიალიზებამდელი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით მხოლოდ 1,5 გრადუსით მოიმატებს, რაც პარიზის შეთანხმების ამბიციური მიზანია, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 2100 წლისთვის მსოფლიოს მყინვართა 49 პროცენტი გაქრება.

ეს კი უნდა შეადგენდეს მსოფლიოს მყინვარული მასის დაახლოებით 26 პროცენტს, რადგან პირველ რიგში პატარა მყინვარები დაზარალდება.

მეცნიერთა შეფასებით, გლობალური საშუალო ტემპერატურა ამჟამად 2,7 გრადუსი ცელსიუსით იზრდება, რაც გამოიწვევს მყინვართა თითქმის სრულად გაქრობას ცენტრალურ ევროპაში, დასავლეთ კანადაში, აშშ-ის კონტინენტურ ნაწილსა და ახალ ზელანდიაში.

„ემისიების რომელი სცენარიც არ უნდა განვითარდეს, საუკუნის მიწურულისთვის, ყინულის თითქმის მთელ მარაგს დაკარგავენ შედარებით ცოტა ყინულის მქონე რეგიონები, მაგალითად, ცენტრალური ალპები, კავკასიონი, ანდები და დასავლეთი აშშ. შესაბამისად, იქ არსებული მყინვარები მეტნაკლებად განწირულია“, — ამბობს ჰოკი.

ყველაზე უარეს სცენარში, რომლის მიხედვითაც გლობალური ტემპერატურა 4 გრადუსი ცელსიუსით იზრდება, ზიანდება დიდი მყინვარებიც, მათ შორის ალასკაში — საუკუნის მიწურულისთვის ქრება მათი 83 პროცენტი.

მყინვარების გაქრობა გააძლიერებს ზღვის დონის აწევას.

„მყინვარები, რომლებსაც ვსწავლობთ, დედამიწის მყინვართა საერთო რაოდენობის მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენს, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გრენლანდიის ან ანტარქტიკის ყინულოვანი საფარი“, — ამბობს ჰოკი.

თუმცა, მისი განცხადებით, გასული სამი ათწლეულის განმავლობაში, ზღვის დონის მატებაში მათ ისეთივე წვლილი შეიტანეს, როგორიც გრენლანდიის და ანტარქტიკის ყინულის საფარმა ერთად.

1,5 გრადუსით დათბობა ზღვის საშუალო დონის 9 სანტიმეტრით აწევას გამოიწვევს, 4 გრადუსით დათბობა კი 15 სანტიმეტრით აწევას.

„9-15 სანტიმეტრი თითქოს არც ისე ბევრი ჩანს, მაგრამ რეალურად, არა ზღვის დონის მატებაა იმდენად შემაშფოთებელი, რამდენადაც ის, რომ ეს გამოიწვევს შტორმების გახშირებას“, — ამბობს ჰოკი.

მყინვარების გაქრობას გავლენა ექნება წყლის რესურსებზეც, რადგან ისინი მტკნარი წყლით უზრუნველყოფენ ორ მილიარდამდე ადამიანს მსოფლიოში.

ამ კვლევის პროგნოზები გაერო-ს კლიმატის ექსპერტებისაზე უფრო პესიმისტურია და მკვლევრებმა ის თითოეული მყინვარის მასაზე ათწლეულობით დაკვირვებისა და კომპიუტერული სიმულაციების შედეგად მიიღეს.

ასეთი საგანგაშო შედეგების მიუხედავად, ჰოკი ამბობს, რომ მყინვართა დანაკარგების შემცირება შეუძლია ადამიანთა მოქმედებას. მკვლევარი აღნიშნავს, რომ ყველაფერი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთა ხელშია.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.