მირზა სუბელიანი - მსურს, დავრჩე პატიმრობაში, რომ სამუდამოდ დაესვას ამ ყველაფერს წერტილი
მირზა სუბელიანი - მსურს, დავრჩე პატიმრობაში, რომ სამუდამოდ დაესვას ამ ყველაფერს წერტილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მირზა სუბელიანისა და მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომაზე, მირზა სუბელიანმა განაცხადა, რომ არ სურს მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეიცვალოს.

„ინტერესი ამ საქმეზე დიდია. ვუსამძიმრებ ოჯახებს, ეს ჩემთვის მძიმე ტკივილია. ეს ერთადერთი შემთხვევაა, რომ არ მსურს შემეცვალოს აღკვეთის ღონისძიება, მინდა, დავრჩე პატიმრობაში, რომ სამუდამოდ დაესვას ამ ყველაფერს წერტილი“, – განაცხადა სუბელიანმა.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებად ცნობაზე მსჯელობდნენ. სუბელიანმა აღნიშნა, რომ ყველა მტკიცებულების დასაშვებობას ეთანხმება, მიხეილ შაყულაშვილის ჩვენების გარდა. მას აღნიშნულ ჩვენებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

„ყველაზე მაღალი მტკიცებულება ჩემი ჩვენებაა. შეკითხვები არ გამაჩნია. ერთადერთი, მიხეილ შაყულაშვილის ჩვენებაზე მინდა ვთქვა, გვსურს რამდენიმე შეკითხვა დავუსვათ იმ გარემოებებზე, რასაც თავად აღწერს. ეს გაჩნდა ჩემთვის რამდენიმე დღის წინ ცნობილი, კარგად ვათვითცნობიერებ იმას, რომ ამ მტკიცებულებების უდაოდ გახდომის შემთხვევაში ვერ დავუბრუნდებით და ერთადერთი, სადავოდ ვხდით მიხეილ შაყულაშვილის ჩვენებას. მესმის, თქვენო ღირსება, 14 წელი სახელმწიფო ბრალმდებელი ვიყავი“, – უთხრა სუბელიანმა მოსამართლეს.

1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი კი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.