თბილისის საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის განხილვა გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის განხილვა გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მირზა სუბელიანის საქმის განხილვა გაგრძელდება.

წინა სხდომა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. შესაბამისი წერილი სხდომაზე მოსამართლემ წაიკითხა, სადაც სუბელიანი მოსამართლეს სთხოვდა, მისი დასწრების გარეშე სასამართლო სხდომა არ ჩაეტარებინათ. ასევე, წარმოდგენილი იყო სამედიცინო დასკვნაც.

როგორც მირზა სუბელიანის ადვოკატებმა პირველ არხთან საუბარში განაცხადეს, სუბელიანი დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდება.

მას შემდეგ, რაც მედიაში მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა, ეს პირველი სხდომა იქნება, რომელსაც სავარაუდოდ ბრალდებული სუბელიანი დაესწრება.

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ის თითქმის ხუთი თვეა, პატიმრობაშია.

საქმის განხილვის ფარგლებში, ერთის გარდა, ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს. მირზა სუბელიანმა სადავოდ ცნო მხოლოდ ქალაქის ყოფილი მთავარი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის ჩვენება. საქმის განხილვის ფარგლებში სავარაუდოდ მხოლოდ ამ მტკიცებულებას გამოიკვლევენ, რის შემდეგაც უკვე ცნობილი გახდება გადაწყვეტილება.

დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვა უნდა წარმოთქვან.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი