მირზა სუბელიანი - თუ საზოგადოებისთვის საჭიროა, ციხეში ვიჯდები, არ არის პრობლემა
მირზა სუბელიანი - თუ საზოგადოებისთვის საჭიროა, ციხეში ვიჯდები, არ არის პრობლემა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

პროცესს თავად სუბელიანიც ესწრება. ბრალდებულმა ჟურნალისტებს „ტვ პირველის“ წამყვანის, ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.

„ჟურნალისტებს მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო. რაც შეეხება ჩემს პოზიციას საქმეზე, ეს ყველასთვის ცნობილია – თუ საზოგადოებისთვის საჭიროა, მე ვიჯდები, არ არის პრობლემა“,- განაცხადა მირზა სუბელიანმა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან. სახელმწიფო ბრალდებამ დასკვნითი სიტყვა უკვე წარმოთქვა. პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ აღნიშნა, რომ მირზა სუბელიანს ჰქონდა ინფორმაცია პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე, თუმცა საგამოძიებო ორგანოსთან არ ითანამშრომლა.

„ლევან დადუნაშვილსა და დავით სარალიძეს მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რისგანაც ორივე დაიღუპა. ჩხუბში მონაწილე მიხეილ კალანდია მის ძმას, ლუკა კალანდიას დაუკავშირდა. უთხრა, რომ მისმა მეგობარმა დაჭრა ერთი პირი. მცირე დროის შემდეგ, როცა ისინი სახლში მივიდნენ, იქ მირზა სუბელიანი მივიდა. მირზა სუბელიანმა გაიგო, რომ დაჭრილი პირი გარდაიცვალა. მისთვის ცნობილი გახდა გ.ჯ-ს მიერ განსაკუთრებული სიმძიმით ჩადენილი დანაშაულის შესახებ და არ აცნობა სამართალდამცავ ორგანოს. სხვადასხვა მოწმეების ჩვენებით დასტურდება, რომ ხორავას ქუჩაზე მოხდა მოზარდებს შორის დაპირისპირება“,- განაცხადა პროკურორმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის საქმის განხილვა სასამართლოში თითქმის დასკვნით ეტაპზეა. შესაძლოა, განაჩენი მოსამართლემ დღევანდელ პროცესზევე გამოაცხადოს.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გასული წლის ზაფხულში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.