მირზა სუბელიანის ბრალდების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა
მირზა სუბელიანის ბრალდების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

მირზა სუბელიანის ბრალდების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ არის გასული. უახლოეს საათში მოსამართლე ლელა ნოზაძე განაჩენს გამოაცხადებს.

მანამდე კი, ბოლო სხდომაზე სუბელიანმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და აღნიშნა, რომ მომხდარში მისი სამართლებრივი წვლილიც არის.

„რადგან აქ ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ ქმედებებზე და მომხდარ ფაქტზე ჩემი წვლილი სამართლებრივი არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიღაცამ შეიძლება ეს პოპულისტურ ნათქვამად ჩათვალოს, მაგრამ რომ შეიძლებოდეს ჩემი სიცოხცხლის იმ ბავშვების სიცოცხლეში გაცვლა, ერთი წუთი არ დავფიქრდებოდი”,-განაცხადა მირზა სუბელიანმა.

განაჩენის მოსასმენად ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც არის მისული.

მირზა სუბელიანს, ბრალად ედება, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დანაშაულის დაფარვა. გამოძიების ინფორმაციით, სუბელიანს მოზარდებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა საგამოძიებო უწყებებთან არ ითანამშრომლა. სუბელიანი წარდგენილ ბრალს აღიარებს. საქმის განხილვის ფარგლებში დაცვის მხარემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნო. ადვოკატები სუბელიანისთვის ყველაზე მსუბუქ სასჯელს, ფულადი სანქციის დაწესებას ითხოვენ.