მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 9 ივლისს დატოვებს
მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 9 ივლისს დატოვებს

მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიმდინარე წლის 9 ივლისს დატოვებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სუბელიანის ადვოკატმა, ინგა ჩალაურმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ციხის დატოვების შემდეგ რამე სახის აქტივობაზე ან გეგმებზე სუბელიანს მასთან არ უსაუბრია.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლონების მკვლელობის საქმეზე, კონკრეტულად კი, დანაშაულის დაფარვაზეა მსჯავრდებული. 2018 წლის 9 ივნისს ის დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ საბრალდებო მუხლი გადააკვალიფიცირა და სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვის ბრალდებით სცნო დამნაშავედ. მას სასჯელის ზომად ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. შესაბამისად, სასჯელის ვადა მიმდინარე წლის 9 ივლისს იწურება.

ამასთან, დაზარალებული მხარე მირზა სუბელიანს, როგორც პროკურატურის მაღალჩინოსანს საქმეზე ზემოქმედებაში და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

ამასთან, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 4 ივნისს, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, მირზა სუბელიანის ნათესავი მიხეილ კალანდია დააკავეს.

დატოვე კომენტარი