მინდელის შახტში ერთ-ერთი დაღუპულის შვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას შახტის ადმინისტრაციას აკისრებს
მინდელის შახტში ერთ-ერთი დაღუპულის შვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას შახტის ადმინისტრაციას აკისრებს

მინდელის შახტში ერთ-ერთი დაღუპული მიხელ გამეზარდაშვილის შვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას შახტის ადმინისტრაციას აკისრებს.

როგორც მაგდა გამეზარდაშვილმა პირველ არხს განუცხადა, შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.

ამასთან, მისივე თქმით, მიმდინარე წლის 5 აპრილს შახტში მისი ბიძაშვილი დაიღუპა.

„35 წელი მუშაობდა მამაჩემი იმ მაღაროში და ამ ხნის განმავლობაში ფრჩხილი არ ტკენია. რა შეცდომა უნდა დაეშვა ახლა ისეთი. არანაირი უსაფრთხოება არ არის ჩემი აზრით. პავლე, ჩემი ბიძაშვილი რომ ჩავიდა იქ, ნაწილ-ნაწილ ამოიტანეს 5 აპრილს.

რომელ უსაფრთხოებაზე და გამოძიებაზეა ლაპარაკი. უბრალოდ, მიხედონ მამაჩემს, სხვა არაფერი მაქვს სათქმელი და ვინც დარჩნენ კიდევ მუშები, იმათაც მიხედონ, რომ ასეთ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ“,- განაცხადა მაგდა გამეზარდაშვილმა.

მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.