მინდელის შახტში ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე სამმხრივ კომისიაზე მსჯელობენ
მინდელის შახტში ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე სამმხრივ კომისიაზე მსჯელობენ

ტყიბულის შახტებში არსებული შრომის პირობების შესასწავლად რამდენიმე საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზაციამ მზადყოფნა გამოთქვა. მათგან ნაწილმა შესასრულებელ სამუშაოთა გეგმა, ვადა და ბიუჯეტი უკვე წარადგინა. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ წინადადებებს დღეს სამმხრივ კომისიაზე განიხილავენ.

უცხოელი ექსპერტების მიწვევის გადაწყვეტილება სამმხრივმა კომისიამ რიგგარეშე სხდომაზე, 2018 წლის 5 აპრილს, ტყიბულის შახტებში მომხდარი უბედური შემთხვევის საფუძველზე მიიღო.

ექსპერტიზის მიზანია, გაარკვიოს შახტებში სამუშაოების წარმოების მიზანშეწონილობა და ობიექტების უსაფრთხოება შეისწავლოს.

საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზაციებს, რომელთა წინადადებებსაც სამმხრივი კომისია განიხილავს, რეკომენდაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაუწია. კომისია დღეს იმსჯელებს, ორ უცხოურ კომპანიას შორის რომელი ჩაატარებს ექსპერტიზას მინდელის შახტში.

სხდომას სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ელგუჯა მელაძე და სხვა წევრები ესწრებიან.

ტყიბულის შახტებში უბედური შემთხვევების შედეგად, 2017-2018 წლებში 15 ადამიანი დაიღუპა.