მიხეილ ყაველაშვილი – ჯერ კიდევ მაქვს საშუალება, პასუხები მივიღო და კენჭისყრამდე კარგად დავფიქრდე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეa, თუმცა მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები გამოიკვეთა.
„პარტიის თავმჯდომარემ პირველად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით 25 ივნისს განაცხადა, რასაც ჩემი დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა. მომხრე ვარ პროპორციული სისტემის, მაგრამ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის მიცემული პირობა, რომ გადადიხარ პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყველა პოლიტიკოსმა, მოქალაქემ უნდა ვიცოდეთ – ჩვენი ქვეყნის მომავალი წერტილი არის სტაბილურობა, უსაფრთხოება. ეს დღეები ცოტა ემოციური ვიყავი და არ დავმალავ, უმრავლესობის სხდომაზეც დავსვი ეს კითხვა, რისკი, რომლებიც დავასახელე, მაინტერესებდა აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხები და სიმართლე გითხრათ, ვერ მივიღე დამაჯერებელი პასუხი, რომ ეს რისკ-ფაქტორები არ იარსებებდა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა და აქვე დასძინა, რომ კენჭისყრამდე ჯერ კიდევ აქვს დრო, არსებულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები მიიღოს, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
„იმ ძალის სათავეში, რომელიც დესტრუქციით გამოირჩევა, არის ადამიანი, რომელიც ისევ ძალადობის, წართმევისა და დესტრუქციისკენ მოუწოდებს. თავის დროზე მეც ღიად დავუჭირე მხარი პროპორციულ სისტემას, სადაც ჩვენი მოქალაქეების ხმები აისახებოდა არჩევნების საშუალებით საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს გაწერილი, რომ 2024 წლიდან გადავდივართ პროპოციულ სისტემაზე. ეს გადაწყვეტილება იქიდან იყო გამოწვეული, თითქოს მომზადდა საზოგადოება, გაჩენილიყო პარტიები, რომლებიც წაართმევდა ხმებს სხვა პარტიებს. მხედველობაში მქონდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დასუსტებაც მოხდებოდა. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ასე არ მოხდა. მე, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, მოქალაქე, რომელმაც დიდი ხანი ვიცხოვრე საკმაოდ განვითარებულ, სტაბილურ ქვეყანაში, ვიცი, რას ნიშნავს გამართული მთავრობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივიჩნევ პოლიტიკურ პარტიად – ის არის ძალმომრეობა. მე დავუპირისპირდები ნებისმიერ სისტემას, სადაც ნებისმიერი სახით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება მინიმუმ იმაზე მეტი შანსი, რაც დღეს აქვს. თუ დავრწმუნდები და ჩემი კოლეგა დამარწმუნებს, რომ პირიქით მოხდება, შემცირდება მათი რაოდენობა, მაშინ მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რაც შინაგანად მქონდა პროპორციული სისტემის მიმართ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.