მიხეილ ყაველაშვილი - ფსევდოლიბერალური პროპაგანდა მიუღებელია, რაც მიუღებელია, იმაზე პროტესტი თუ არ მექნება, მაშინ რას ნიშნავს თავისუფლება, კრიტიკული აზროვნება?
მიხეილ ყაველაშვილი - ფსევდოლიბერალური პროპაგანდა მიუღებელია, რაც მიუღებელია, იმაზე პროტესტი თუ არ მექნება, მაშინ რას ნიშნავს თავისუფლება, კრიტიკული აზროვნება?

ფსევდოლიბერალური პროპაგანდა ჩვენთვის მიუღებელია. ეს ხომ არ არის, რომ ვიღაცას ვჩაგრავთ. მიუღებელი რაც არის, ამაზე პროტესტი თუ არ მექნება, მაშინ რას ნიშნავს თავისუფლება, კრიტიკული აზროვნება, განვითარებულობა? ჩვენი არგუმენტებით მსჯელობის არ უნდა შეგვეშინდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ მმართველი გუნდის მიერ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, ეს თემა სენსიტიურია და სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს. მისივე განცხადებით, ბოლო წლებში იმდენად გაზრდილია ლგბტ თემის წარმომადგენელთა რაოდენობა, რომ საჭიროა მსჯელობა, რა იწვევს ამას.

„ამბობენ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს საქართველოში. თუ გვინდა, ამ სამყაროს ნაწილი ვიყოთ, ვერ ვიქნებით გარიყული. ამ სამყაროში თუ ეს მიმართულებები არსებობს, ჩვენი პრინციპები, შეხედულებები უნდა დავიცვათ და ის კი არა, რომ ჩამორჩენილები ვართ და ამას ვერ ვიგებთ. ჩვენი არგუმენტებით უნდა დავუპირისპირდეთ. ამიტომ ვხსნით მსჯელობას, თუმცა გარკვეულ ძალებს სურთ აქცენტის გაკეთება. როგორც „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ იყო, აქაც უნდათ, რომ რუსული იარლიყი მიაკერონ ამ მიმართულებას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, გარკვეულმა ძალებმა ფსევდოლიბერალური პროპაგანდა იდეოლოგიურად და პოლიტიკურად გამოსაყენებელ თემად აქციეს, რასაც ადამიანის დაცვასთან საერთო არ აქვს. ყაველაშვილის თქმით, ყველას უფლება უნდა იყოს დაცული.

„არსებობენ ძალები, რომლებმაც ეს საკითხი იდეოლოგიურად და პოლიტიკურად გამოსაყენებელი თემა გახადეს. სწორედ ამიტომ არის, რომ ამ მიმართულებას მიეცა პროპაგანდის სახე. ეს არ კეთდება ამ ადამიანების დაცვისთვის. რა თქმა უნდა, დაცულობა და უფლება გარანტირებული უნდა იყოს სახელმწიფოში, ეს გარდაუვალია, ეს ორჯერ ორი ოთხია. შენ თუ ჯანსაღად აზროვნებ და საზოგადოება ხარ, უნდა გქონდეს სურვილი, ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცული იყოს. ჩვენმა სახელმწიფომ ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობაც მიიღო, კერძოდ, „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.