მიხეილ ყაველაშვილი - „ნაცმოძრაობა“ კიდევ ბედავს და ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს, ეს არ გამოვა, უნდა შეეგუონ, რომ აუცილებლად გასამართლდებიან
მიხეილ ყაველაშვილი - „ნაცმოძრაობა“ კიდევ ბედავს და ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს, ეს არ გამოვა, უნდა შეეგუონ, რომ აუცილებლად გასამართლდებიან

არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს პარტია გასამართლდეს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს, პასუხი აგოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ამასთან, დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობა“ ნაციონალ-სოციალისტურ, ფაშისტურ პარტიას შეადარა.

„გუშინ დაფუძნდა ჩვენი პარტია „ხალხის ძალა“, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საზოგადოებაში. გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც ავიღეთ და ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეთანხმებით „ქართულ ოცნებას“ იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახორციელებს, ორიენტირებულია მშვიდობაზე და ეკონომიკის განვითარებაზე, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც ვემიჯნებით და ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების დროა. დღეს აქ არიან წარმოდგენილნი, თითქოს რაღაც სოციალურ საკითხებზე გადაერთნენ, ფასებსა და მიგრაციაზე დაიწყეს საუბარი. ეს არის ძალა, რომელიც, პირდაპირ შემიძლია, შევადარო ნაციონალ-სოციალისტურ, ფაშისტურ პარტიას. როგორც ის ვერ გაკეთილშობილდებოდა და შემდეგ ვერ გააგრძელებდა პარტიულ მოღვაწეობას, ასევე უნდა მოვექცეთ ამ მავნებელ ძალასაც. მათ მორალზე საუბარი არც შეიძლება. ხაჯიშვილი სად ბრძანდება? ახალგაზრდების მიგრაციაზე რომ დაიწყო საუბარი, გირგვლიანი, რობაქიძე გაუგია როდისმე? ასობით ახალგაზრდა ჩაცხრილეს ქუჩებში. 350 ათასი პრობაციონერი ჰყავდათ და 30 ათასი პატიმარი. მათგან უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. სასამართლო როცა ჩატარდება, ყველა ფაქტი ზედაპირზე ამოვა და ეს ძალა გასამართლდება. მაინტერესებს, ის ოპოზიციური ძალები, ახლა რომ გაჩუმებული არიან და ხმას არ იღებენ, მაშინ მათი მორალი რა იქნება. ვნახავ, როგორ იქნებიან ამ მავნებელი პარტიის კოლეგები. როგორ შეიძლება, მათი არსებობა პოლიტიკურ სივრცეში. ესენი არიან დამკვეთები და შემსრულებლები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ  ამ პარტიის გასამართლება მოხდეს, ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს ჩვენი ქვეყანა ჯანსაღ განვითარებას, სადაც იქნებიან განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ იქნება ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ერთიანობა.

შეხედეთ მათ გამოსვლებს, ამერიკას, ევროკავშირს იცავენ ჩვენგან. რომან გოცირიძე ხანდაზმული კაცია და არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, თავისი გასაჭირიც ეყოფა, მაგრამ მაინტერესებს, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, ახლა აღარ იღებს პასუხისმგებლობას? მათ სხვა კოლეგასაც ეხება ეს. დატოვეს, რადგან ხაბეიშვილი არ მოეწონათ ინტელექტუალურად და ვიზუალურად? ვერ აირიდებთ პასუხისმგებლობას იმ დანაშაულებზე, რაც ჩაიდინეთ. კირკიტაძემ რომ სააკაშვილის 2018 წლის გამოსვლა გვაჩვენა, მანამდე სოზარ სუბარმა წაიკითხა სააკაშვილის გამოსვლა, სადაც პირდაპირ აღიარებს, რომ ომი თვითონ დაიწყო. ამაზე პასუხი რა გაქვთ? სააკაშვილს ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევს და კიდევ დაემატება ბევრი წელი. კიდევ ბედავენ და ცდილობენ, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს არ გამოვა და შეეგუეთ. თქვენი გასამართლება აუცილებლად მოხდება, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. გაგახსენებთ გირგვლიანს, რობაქიძეს, რა პასუხი გაქვთ? არც გექნებათ პასუხი. მოგიწევთ გასამართლება, დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს კი – თქვენი მორალური თამასის შემოწმება, ვინ ეთანხმება მათ გასამართლებას. ლგბტ თემაზე გესაუბრებით და ზეთის ფასებზე იწყებთ საუბარს, თითქოს არ არის ეს პრობლემა ქართულ საზოგადოებაში. არის, ბატონებო, და ამ საქმესაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.