საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, სპორტსმენთა აზრის გათვალისწინება აუცილებელია, თუმცა სახელმწიფოსა და ინსტიტუტს ყველამ პატივი უნდა სცეს.
„ძიუდოისტებმა ყრილობაზე დაგვიანებით დასწრება გადაწყვიტეს. ჩემი თხოვნა იყო კონსტრუქციულ რეჟიმში მომხდარიყო საუბარი. მათ დასვეს კითხვები, პასუხებს არ დაელოდნენ და დარბაზი ანერვიულებულებმა დატოვეს.დავით ქევხიშვილს მოვუსმინე და სპორტსმენების ბრალდებებზე პასუხები აქვს. ვურჩიე, რომ მედიის წინაშე ყველაფერზე ღიად ისაუბროს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ძიუდოისტები სპორტში დარჩნენ. პრობლემებზე საუბარი უნდა იყოს, მაგრამ არა დაძაბულ ვითარებაში. მეც ვიყავი სპორტსმენი, ჩემი შეხედულებები და პროტესტი მქონია რიგი საკითხებისადმი, მაგრამ წესები არასდროს დამირღვევია. ჩემი აზრია, რომ ამ მდგომარეობაში ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. გაკეთდება ანალიზი და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სპორტსმენების აზრიც”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ძიუდოისტებმა ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხდა, ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოისტების კითხვებს არ პასუხობდა.
ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამასთან, ყრილობის დაწყებამდე, ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, ძიუდოისტების ბრალდებებს ნებისმიერ ფორმატში გასცეს პასუხი.
ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქციაც გამართეს.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.
ამასთან, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან