ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის 
ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის 

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, კომისიის წევრები ძიუდოს ფედერაციიდან გამოითხოვენ დეტალურ ინფორმაციას, რომელზეც ბოლო დღეებში იყო საუბარი.

„შევთანხმდით, რომ ერთობლივი კომისია ჩამოყალიბდა. კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს მხრიდან ვიქნები მე და ჩემი მოადგილეები, აგრეთვე მიხეილ ყაველაშვილი, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. იმ კომპეტენციიდან და პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ამ ინსტიტუციებს აქვთ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული. უახლოეს დღეებში მოხდება ამ საკითხების შესწავლა და შედეგებს, შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც კომისია მიიღებს, საზოგადოებას მივაწვდით. გადაწყვეტილებები მალე იქნება ცნობილი. სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, ამ პროცესს არ გავაჭიანურებთ “, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ გიორგაძემ ყველას მოუწოდა, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოში გადაწყდეს.

“ჩვენ ვიქნებით მიუკერძოებლები, მკაცრები და თუ რაიმე საკითხი არასწორად იყო გაგებული, ერთ ან მეორე მხარის მიერ, ყველაფერს ნათელი მოეფინება. მოვუწოდებ ყველას, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მისივე თქმით, ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ ჩაატაროს ყრილობა და ეს ფედერაციის სრული უფლებაა.

ამასთან, სპორტის კომიტეტის წევრმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ძიუდოს ფედერაციის დღევანდელი ყრილობა უნდა გადაიდოს. „ვფიქრობ, ძიუდოს ფედერაციის დღევანდელი ყრილობა უნდა გადაიდოს იქიდან გამომდინარე, რომ არის ისეთი დეტალები, რასაც შესწავლა სჭირდება. დღეს ყრილობის ჩატარება არაფრის მომცემი იქნება“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.