ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს

თანამდებობებს არავინ არის გამოკიდებული, ყველაფერს აქვს თავის დრო, მოსვლასაც და წასვლასაც, – ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ძიუდოისტების ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ტყუილად სწამებენ ცილს.

„ყველა საკითხში, რაზეც ისინი საუბრობენ, მართალი ვარ და ტყუილად მწამებენ ცილს, ჩემი მხრიდან მათთან მიმართებით მხოლოდ გვერდში დგომა და ყველანაირი პატივისცემა იყო  გამოხატული, დანარჩენი კიდევ ვამბობ, ვფიქრობ, რომ კარგია, გაირკვეს მტყუან-მართალი. კონკრეტულად მაგალითად ერთი ფაქტი მითხრან მე რაში შევუშალე მათ ხელი, რომ წარმატებას მიეღწიათ.

დანარჩენი კიდევ ვამბობ, თანამდებობებს არავინ არის გამოკიდებული, ყველაფერს აქვს თავის დრო, მოსვლასაც და წასვლასაც“, – განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

თბილისში, სასტუმრო „გოლდენ პალასში“, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმოსკომის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე საკითხი იქნა განხილული, მათ შორის დღეს დილით ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრის მიერ გაკეთებული განცხადება.

დღეს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრმა ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.

სპორტსმენ ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ძიუდოისტები წყვეტენ ვარჯიშს და არ მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში, ვიდრე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს.

ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

დატოვე კომენტარი