ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

ძიუდოს ფედერაციის ყრილობა სასტუმრო “ბილტმორში” ამ დროისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, დღის წესრიგით ორი საკითხის განხილვაა გათვალისწინებული: ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა.

ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

როგორც ძიუდოისტები აცხადებენ, აპირებენ ფედერაციის ხელმძღვანელს დავით ქევხიშვილს კითხვები დაუსვან.

ამასთან, ძიუდოსტების განცხადებით, ფედერაციის გარშემო მიმდინარე მოვლენები, ყველაზე მეტად მათ აზარალებთ, რადგან ყოველდღიური ვარჯიშები უცდებათ.

ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქციაც გამართეს.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

ამასთან, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან.